ა. წ. 9 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ქ. ფოთისა და ხობის საეპარქიო სახლში გაიმართა ეპარქიის სამღვდელოების მორიგი შეკრება.
მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებას გააცნო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა იმის თაობაზე, რომ ეკლესია-მონასტრებში გაძლიერდეს ლოცვა საქართველოში ქრისტესმიერი მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის; კერძოდ კი, მონასტრებში აღესრულოს სავედრებელი ლოცვები (პარაკლისი ან დაუჯდომელი) წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის მიმართ; ხოლო მრევლს ეძლევა კურთხევა, დღის განმავლობაში სამგზის აღავლინოს ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ:
„მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ“.
ეპარქიის სამღვდელოებას მიეწოდა საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მიერ ერთობლივად ხორციელდება საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების დანერგვის პროექტი; ამ პროექტის განახორციელების პროცესში ჩართული იქნება სამღვდელოება, რომელიც ამ პროგრამის თანახმად გაივლის საჭირო გადამზადებას, რის შემდეგაც მათ გადაეცემათ ამის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთი.
კრების მონაწილეებმა ისაუბრეს ეპარქიის სამრევლოებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ეპარქიის მდივანმა, დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ წაიკითხა მოხსენება: „სამღვდელო მისია და მისიონერობის არსი“.
კრების დასკვნით ნაწილში გაიმართა აქტიური დისკუსია სულიერი და საერო ცხოვრების მიმდინარე აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე.