2026 წლის 12 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მსოფლიო განათლების მე-3 გლობალური სამიტი (Global Education Summit Baku 2026) გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენლად ხობელი თათია გადელია მიიღებს მონაწილეობას.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა „განათლების ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის, ინოვაციებისა და ადამიანური პოტენციალის ეპოქაში“ (Leading Education in the Age of AI, Innovation & Human Potential). ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეიკრიბებიან განათლების სფეროს ექსპერტები, სკოლების ლიდერები, ნოვატორები და პოლიტიკის შემქმნელები, რათა იმსჯელონ განათლების მომავალსა და თანამედროვე გამოწვევებზე.
თათია გადელია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს წარდგენა მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა:
„ჩემს ცხოვრებაში წარმატება არასოდეს მოსულა მარტივად. ხშირად ყველაზე მარტივი გზაც კი რთულ გამოცდად ქცეულა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია დანებებაზე. ყოველთვის მჯეროდა, რომ თითოეულ სირთულეს თავისი მიზეზი აქვს და ყოველი ბრძოლა საბოლოო შედეგამდე მიმიყვანდა.
დღეს დიდი პატივია ჩემთვის, მსოფლიო განათლების სამიტზე, ბაქოში, წარმოვადგენდე საქართველოს. ეს დღე ჩემთვის მხოლოდ პირადი წარმატება არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა, ღირსება და დიდი მოტივაცია, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო განათლებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად ვქმნი უკეთეს მომავალს. მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით დგას.“
„ხობი ინფო“ ულოცავს თათია გადელიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და უსურვებს წარმატებულ მოღვაწეობას საერთაშორისო ასპარეზზე!
