პოეზია

აკაკი წერეთელი, პოემიდან ,,ნათელა''
,,იქ, სადაც ხოპის ნაპირზე
დღეს ძველი მონასტერია,
მთავრის სასახლე ყოფილა, 
მიდამოც დიდი სჭერია.
იმისი კოშკი მაღალი
უჭვრეტდა ოთხსავ მხარესა;
მახლობლად თავზე ივლებდა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
მისჩერებოდა იალბუზს,
გადაჰყურებდა შავ ზღვასა,
შეფერადებულ ჭალებსა,
სანახავს სხვასა და სხვასა!''
ცოტნე დადიანი
მეგრულ სიმღერებიდან და მეგრული მოთქმიდან
ისმის ცხენის თქარუნი და ჭიხვინიც მოდიდდა.
იქნებ ელვა ავარდა ძველლაზური აფრიდან
ანდა წმინდა გიორგი მარტვილიდან აფრინდა?
მთვარის ყაბალახიანი,
ღამის ბანდიანი
მიდის, მიიჩქარის ცოტნე დადიანი.
რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი,
და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,
ცას უყეფენ კოცონები და კარვები მონგოლთა...
ვერ იქნება კოხტაგორა საქართველოს გოლგოთა!
- მაშ გაფრინდი, ბედაურო, გრძელფეხება, კანჭვრილო,
ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაწვრთნილო,
არც ქერი გაქვს, არც არაყი, არც მოთმენა, არც ძილი, -
ახრამუნე ჰორიზონტი... გადახუხე მანძილი...
ჩქარობს,
ჩქარობს,
ჩქარობს,
ავსებული ურვით,
ცოტნე დადიანის რაინდული გული...
. . .
ისევ ისმის თქარუნი
და ჭიხვინი რაშის,
ვხედავ სამეგრელოდან ამხედრებულ აჩრდილს,
მოჭენაობს,
მოგელავს
თოხარიკით...
ჩორთით...
ფაფარივით აწეწილა საუკუნის შფოთი...
ამ ყიჟინით, ამ სულით, ამ მარადი ლტოლვით
ისევ ფხიზლობს უძველესი მეომარი ტომი.
ისევ ფეთქვს, ისევ სცემს, ლეგენდებად თქმული,
პატარა საქართველოს რაინდული გული...

შოთა ნიშნიანიძე


----------------------------------------------------------------------------


ცოტნე დადიანის ხატება

ხობის ტაძარში




აი ეს კოლხი, ესოდენ მშვიდად

რომ იმზირება ამ კედლიდანაც,

თავს მხოლოდ ერთგულ მეომრად თვლიდა

მაგრამ აქცია ერმა წმინდანად.

ვერ მიადგება ჩრდილი მტრობისა

და ვერ მიაწერს უღირსთა ცოდვებს

იმ ხალხს, რომელმაც ძნელბედობისას
ქვეყანას მისცა უკვდავი ცოტნე! 


ხუტა ბერულავა

 ექსპრომტი ქალაქ ხობს


რა დიდხანს იყავ ქვეყნად სოფელი,
რა დიდხანს გერქვა სახელი დაბის!
როგორ ნატრობდა ყველა ხობელი,
დაედგა შენთვის გვირგვინი დაფნის!

გამოგაჩინა შენმა საქმემან
და უფრო დიდი გაქვს დასახული...
დღეიდან შენი მოქალაქე ვარ
შენი დიდების ერთი მსახური.

მადლობელი ვარ, რომ ამაღელვე
და გამიცოცხლე ყრმობის ფიქრები.
ბრძანე, მაუწყე, მთხოვე, მიმღერე-
შენთან ვიყავ და შენთან ვიქნები.

3 ნოემბერი 1981 წელი

----------------------------------------------------------------------


აქ ხობის მონასტერია
აქ ხობის მონასტერია,
ქართველებივით მაგარი
მამები აქ მისვენია,
ელავს სიწმინდე თამარის.
ცამდის ასულა კოშკები
არის ღრუბელთა მკვეთელი.
ყეინო ცოტნეს მოეშვი,
გუგუნებს ყველა კედელი.
ეს ხობის მონასტერია,
ციმციმებს ძველი კანდელი,
აქ წინაპრების მტვერია,
მტვერია?
–არა ნათელი!
ტაძარო–სულის სავანევ,
ბევრჯერ გიღვრია ცრემლებიც,
შუქი ხარ ჩვენი დიდების,
დამცველი სიგელ–გუჯრების.
ეს ხობის მონასტერია,
ძველი, ძველთაგან ნაგები.
მამები აქ მისვენია,
მამების ამხანაგებიც.
                                                                ოთარ სახეიშვილი
---------------------------------------------------------


გვერდით მიგულეთ


სიმწვანეში ჩაფლული ხარ,
შუა გაგდის მდინარე,
შენს სინაზეს ვენაცვალე, 
სახე, რომ გაქვს მცინარე.

სტუმარს ხვდები ხელგაშლილი,
მტერს კი რკინის ხაფანგით,
არ დაინდო ჩვენი მტრები,
არ დაინდო არაფრით.

სულ იყავი სანაქებო,
მოყვარული შვილების,
შენს გვერდით ვართ, ჩვენო ხობო,
შენ კი შემოგევლებით.

ნინო კემულარია
--------------------------------------------------------

"მა სი ვარდი თიშენ მერჩი
ბაღის ოკო დორგი-კონი
თინა დღასუ ვახომუდუ,
მა სი ქოგიორდი-კონი...


აააბა რერო ორუდილო რანინა
აააბა რერო ორუდილო რანინადა

ირო თისი ვოცადუდი
სქან ხოლოსუ ვორდი-კონი
უბედურქუ ვეპი-კო დო
ბედნიერქუ იპი-კონი...

აააბა რერო ორუდილო რანინა
აააბა რერო ორუდილო რანინადა

ჩქიმი გური სი დოივილი
ანწი ესუ მუ ოხვარუ
ღურელ გურიშ გაცოცხლეება
ვეშემლებუ, ვარუ, ვარუ

აააბა რერო ორუდილო რანინა
აააბა რერო ორუდილო რანინადა

მა სი ვარდი თიშენ მერჩი
ბაღის ოკო დორგი-კონი
თინა დღასუ ვახომუდუ,
მა სი ქოგიორდი-კონი...

აააბა რერო ორუდილო რანინა
აააბა რერო ორუდილო რანინადა"