...და დადის წლებმოძალებული პოზიტიური ცხოვრებით!..

წლებია ხობში დამკვიდრდა მეტად აქტუალური, საჭირო და მიზანდასახული საზოგადოება „ხობელი“, სადაც გაერთიანებულია ხობის საზოგადოების წამომადგენელთა გარკვეული ნაწილი...
ყოველ შეხვედრაზე  ეს ადამიანები ხვდებიან ერთურთს და მათი თითოეული შეხვედრა ერთი საინტერესო ისტორია ხდება.ეს მერამდენედ გაახარეს იუბილარები საზოგადოება „ხობელის“ მესვეურებმა. შეკრებილები ყვებიან წარსულზე, განვლილ წლებზე, წლებზე, როდესაც ერთად შრომობდნენ ხობის წარმატებებისთვის, როგორ მოვიდნენ დღემდე...

ამჯერად საზოგადეობა „ხობელი„ მასპინძლობდა კარგი კაცის სახელით ცნობილ დემურ კაპიტონის ძე ბუკიას.

ზოგადი შტრიხები მისი ბიოგრაფიიდან: დემურ ბუკია სოფელ პირველ მაისში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა 80 წლის წინათ... პატარები ძნელად ამოსაცნობი არსებები არიან, მით უფრო ბიჭები, მაგრამ დემური თურმე პატარაობიდან გამორჩეული ყოფილა, სწავლა ყვარებია და მით უფრო, წიგნების კითხვა...

ნიჭიერი, მონდომებული, თანატოლებში გამორჩეული გახლდათ. სკოლის ასაკიდან იყო აქტიური კომკავშირელი, კომკავშირის სასკოლო ორგანიზაციის მდივანი.

მისი ბიოგრაფია სავსე ფურცელია დაწინაურებებისა, მან თითქმის ყველა ინსტანციაში სცადა ბედი და კმაყოფილია ამით.

ის 1952 წელს შეუყვანიათ პირველი მაისის საშუალო სკოლაში, თუმცა იქ მხოლოდ ოთხი წელი უსწავლია მანამ, სანამ ყველაზე უსაყვარლესი ადამიანი, დედის ტრაგიკულად დაღუპვით გამოწვეული დიდი ტკივილი არ უგვრძვნია. პატარა ძამიკო თავის უფროს დას წაუყვანია და ახალი სოფლის საშუალო სკოლაში გაუგრძელებია სწავლა. მან დედობაც გაუწია და დიდი ამაგი დასდო უმცროს ძმას. მისი კარგი კაცობა სწორედ დის, ქალბატონ ნუცა ბუკიას დამსახურება, რომელიც იმ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლი გახლდათ.

წლები გადიოდა, სკოლა ახალსოფელში წარჩინებით დაუმთავრებია, ყვება ბატონი დემური. 1963-64 წლებში სწავლობდა ქალაქ ქუთაისში საბუღალტრო სკოლაში, მისი ფრიადზე დამთავრების შემდეგ. 1964 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაუწვევიათ, შემდეგ სწავლა ენგურჰესის  საბერიოს #46-ე ტექნიკურ სასწავლებელში გაუგრძელებია, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიიღო ლიმიტი უმაღლეს სასწავლებელში სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე ჩასარიცხად...

თუმცა, როგორც ყვება ჩემთან საუბარშივე, შეუცვლია გადაწყვეტილება და სწავლის გასაგრძელებლად რუსეთს წვევია. უნდოდა ეკონომისტი გამხდარიყო. ჩაირიცხა ქ. პერმის სასოფლო ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა მალე საქართველოში დაბრუნებულიყო და სწავლა ქ. თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე გაეგრძელებინა.

დიპლომიანმა ახალგაზრდამ მუშაობა თავის რაიონში_პირველი მაისის კოლმეურნეობაში მთავარ ეკონომისტად დაიწყო, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც პასუხისმგებლიანმა და მაღალკვალიფიცირებულმა ახალგაზრდამ, ამიტომაც სულ მალე ის უფრო მაღალ ინსტანციებზე აღმოჩნდა. მერე იყო დაწინაურება_რაიონულ აღმასკომში საგეგმო კომისიის თავმჯდომარედ, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ... წლების განმავლობაში მონდომებული და ნიჭიერი ახალგაზრდა კარგი ეკონომისტის სახელით ხობში ცნობილი გახდა, იყო იქ, სადაც აუცილებლობა ითხოვდა. შემდეგ ახალსოფლის სათაო მეურნეობის გაერთიანების დირექტორად დაინიშნა, საქართველოს საფონდო ბირჟის ფირმა `კოლხეთის~ დირექტორი... სამკურნალო მცენარეების წარმოება და რეალიზაციის მიმართულებით სამეურნეო საქმიანობას მიჰყო ხელი. ასევე მუშაობდა ა.შ.შ._საქართველო ფირმა `არგოში~ თხილის წარმოებაში. 2000 წელს კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას სხვა მიმართულებით.

დაინიშნა სოციალური დაზღვევისა და სოციალური უზრუნველყოფის ხობის განყოფილების გამგედ, შემდეგ სამსახურის უფროსად, შავი ზღვის ტერმინალშიც იმუშავა, და ასევე მრავალი სამსახური იყო მის ცხოვრებაში...

რაც ყევლაზე მთავარი და მისასახლმებელია, არის კარგი ოჯახის საუკეთესო ხელმძღვანელი, შესანიშნავი მეუღლე, მამა და ბაბუა. მან თავისი ბედი დაუკავშირა ხობში ცნობილი ოჯახის ალექსანდრა ბერაიას და ანტუშა თათაეიშვილის შვილს ადა თათარიშვილს, რომელსაც დამთავრებული აქვს ჯავახიშვილის სახელობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი და წლებია მუშაობს ლევან ქავთარაძის სახელობის კლინიკაში ლაბორატორიის უფროსად.

ადა და დემური ქალ-ვაჟის ნიჭიერი და განსწავლული ნინოსა და დემიკოს მშობლები არიან. ის ოთხი შვილიშვილის საყვარელი ბაბუა გახლავთ. აქვთ ძალიან თბილი, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული ოჯახი. მათ ჰყავთ საუკეთესო რძალი თამთა კიტია.

წლებმა დაათოვა, მაგრამ დემურ ბუკია პირნათლად აგრძელებს თავის საოჯახო თუ საზოგადოებრივ საქმიანობას. მან დიდი ხანია უკან მოიტოვა პარტიული თუ სამეურნეო საქმიანობა. როგორც ჩანს, მთელი მისი ცხოვრების მიზანი იყო და არის მეტი ცოდნა და მეტის გაგება. აკეთებდა შესაძლებლობების მაქსიმუმს. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეა ხობის ისტორიაში, როგორც თავდაუზოგავი და მონდომებული პიროვნება. მართლაც რომ დიდია მისი წვლილი ხობის აღმშენებლობაში.

პენსიაზე გასვლის შემდეგაც არ ცხრება მისი მოქმედების არეალი. მართალია მის ცხოვებაში იყო ტკივილიანი დღეები, ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ეს წარსულია ის დღეს როგორც წარსულში ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას, არჩეულია საზოგადოება `ხობელის~ გამგეობის წევრად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ.

დემურ ბუკიამ მისი ცხოვრების ბილიკები შრომასა და წარმატებაში გალია. ახლა კი უფრო მეტად სხალშია_კითხულობს და ისვენებს, არის იქ, სადაც დასჭირდებათ

...და დადის ხობის ქუჩებში წლებმოძალებული კარგი კაცი და რაც მთავარია, ცხოვრობს პოზიდიური ცხოვრებით.

ნანი კილასონია
გაზეთი „ხობის მოამბე“ #9 აგვისტო 2025 წელი