ამაგდარი - პედაგოგი, ხუტუ გადელია

 

ამაგდარი - პედაგოგი, ხუტუ გადელია

თითოეულ ადამიანს თავისი ცხოვრების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წლები აქვს. მასწავლებლის ხუტუ გადელიას ცხოვრება სითბო-სიყვარულითა და შრომაში მიღწეული გამარჯვებებით არის დახუნძლული. იგი მშობლიურ ხობის რაიონში 52 წელიწადი ერთგულად ემსახურა მომავალი თაობის აღზრდას. 1950 წელს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ხობის რაიონის სოფელ თორსის 8-წლიან სკოლაში გეოგრაფიის მას-წავლებლად დაიწყო მუშაობა.

მისი პედაგოგიური ალღო, ნიჭი და უნარი, საქმის სიყვარული ყურადღების მიღმა არ დარჩენია არც სოფელს და არც რაიონის ხელმძღვანელობას. მალე იგი თორსის სკოლის დირექტორის მოადგილედ დააწინაურეს. იქიდან ხობის განათლების განყოფილების მეთოდური კაბინეტის გამგედ გადაიყვანეს, სადაც 1982 წლამდე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით მეთოდური კაბინეტის მუშაობა სამეგრელოში ერთ-ერთ სამაგალითოდ ითვლებოდა.

სისტემატურად ეწყობოდა თეორიული კონფერენციები, საგნობრივი ტურები... მეთოდური კაბინეტის თავკაცი მუდამ მზად იყო ხობის რაიონის პედაგოგებისათვის დახმარების ხელის გასაწვდენად.

დაფასდა ამაგდარი პედაგოგის საქმიანობა. პედაგოგიურ საქმიანობაში მისი წარმატებები მისი გამოცდილება და დაკისრებული მოვალეობისადმი დიდი პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს და ხობის რაიონის პედაგოგიურმა საზოგადოებამ იგი სწავლების ახალი მეთოდების, გამოცდილების გასაცნობად ჩეხოსლოვაკიაში მიავლინა, ეს გამოცდილება მან მემდეგ თავისი რაიონის განათლების სისტემაში მომუშავეთ უშურველად გადასცა.

80-იანი წლებიდან ხუტუ გადელია ჯერ ხამისკურის, შემდეგ კი ხეთის საშუალო სკოლებში დირექტორად გადაიყვანეს. 1987 წელს კოლეგებმა იგი დამსახურებულად პენსიაზე გააცილეს, მა-გრამ პერსონალური პენსიონერი ახალგაზრდული ენერგიით კვლავ განაგრძობდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. კვლავ სკოლის დი-რექტორი იყო სოფლების საქირიოს და წინაგოლის საშუალო სკოლებში.

... და, აი, შარშან შემოდგომის მიწურულს, წინაგოლის სკოლაში გამოსამშვიდობებელი ზარი დაირეკა. სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, მოსწავ-ლეებმა, მშობლებმა სოფლისა და რაიონის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ხუტუ გადელია პედაგოგიური სარბიელიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.

აღსანიშნავია, ისიც რომ ხუტუ გადელია სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომების („პაპანწყვირეს ტბის შესახებ თქმულება და სინამდვილე“, „ჩეოხვამეს აღწერა“, „ჯეგეთა, წმინდა გიორგის ეკლესია ურთაზე“, „ჩანაწერები ჩეხეთსა და სლოვაკეთში“) ავტორიცაა.

დღეს იგი ოჯახურ გარემოცვაში მყოფი, შვილებისა და შვილიშვილების დიდი სიყვარულითაა გარემოსილი, აქაც იჩენს მასწავლებლის უკეთილშობილეს თვისებას, თავისი ოჯახის ახალგაზრდა წევრებს საქართველოს სიყვარულს უნერგავს, მისთვის თავდადებას ასწავლის.

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 2003 წ.