30 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვრა 34079,8 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო გადასახდელები 41333,1 ათასი ლარის ოდენობით. სხდომაზე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება, რომელიც ემსახურება ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის და მათი სოციალური უზრუნველყოფის საკითხების ორგანიზებას და განვითარებას მუნიციპალიტეტში. ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2025 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის N30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც გაიზარდა გარკვეული სოციალური მუხლების ფინანსური დაფინანსება და დამატებით განხორციელდა ცვლილებები პროგრამის სხვა მიმართულებებში, რაც ითვალისწინებს 0-18 წლამდე ასაკის მქონე პირების სამედიცინო რეაბილიტაციის თანადაფინანსების გაზრდას, ავარიული საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო მხარდაჭერასა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარების სისტემის გაძლიერებას.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა შემდეგი განკარგულების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახვევისთვის სპარტაკ ბუკიას ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე“, „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“.