1868 წლის (2 (14) მარტი იღბლიან დღედ ჩაიწერა სოფელ ხეთის (მაშინ ზუგდიდის მაზრის) ისტორიაში. ბავშვის ცოცხალმა და ენერგიულმა ტირილმა ამცნო ანდრო კუკავას ოჯახში სახოკიების საგვარეულოს, რომ ახალი სიცოცხლე მოევლინა ქვეყანას ეს თედო სახოკია გახლდათ. იგი ბაბუის (დედით) სახლში დაიბადა. მის გაჩენას თოფის სროლითა და აღტაცების გამომხატველი შეძახილებით შეხვდნენ.
სამეგრელოში გავრცელებული ჩვეულებისამებრ ბავშვი გაუძიძავებიათ, რადგანაც მაშინ „კეთილშობილი ოჯახის ქალის მიერ შვილის გაზრდა საძრახ საქმედ ითვლებოდა“. გაძიძავებისას, ძიძად, ერთი კლასით დაბლა მდგომი, ღირსეული ოჯახის წარმომადგენლებს ირჩევდნენ და აი, სწორედ ასეთად ჩათვალეს სოფელ ბიიდან (კიტიანოხორიდან) უთუთია იოსავა და მისი მეუღლე ირინე ლატარია. მათთან იზრდებოდა მომავალი მეცნიერი 3 წლამდე და იქ შეთვისებული ცხოვრებისეული გამოცდილება და უშუალობა შემდგომში პირადი თუ შემოქმედებითი ურთიერთობების დროს, მარგალიტებად ააციმციმა. უკვე ასაკში შესული თედო სახოკია ამ წლებს და ყველაფერს, რაც დედულეთთან და ძიძასთან აკავშირებდა, განსაკუთრებული სისათუთითა და სითბოთი აღწერს. მისი ყურადღება ეპყრობა ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო „კაკლის ხის ძირას“.
3-დან 5 წლამდე ასაკში თ. სახოკიას ოჯახი ქ. სოხუმში ცხოვრობდა. მისი პირველი მასწავლებელი პოლონელი ქალი გახლდათ და მან ბავშვის სწავლება მისთვის სასურველ ენაზე წარმართა. ეს ენა რუსული იყო. უკვე „მთიელთა სკოლის“ მოსწავლეს, 6 წლისას, დედა გარდაეცვალა და ამ პერიოდიდან დედით ობლობის მწარე ტკივილით გააგრძელა სწავლაცა და ცხოვრებაც.
1876 წლის მაისში რუსეთ-ოსმალეთის ომის გამოცხადებას თან მოჰყვა სოხუმის დაცარიელება, რაც გამოიწვია ოსმალეთის ჯარის დესანტების ამ და მიმდებარე ადგილებში გადმოსხმის საშიშროება. ტიმოთე სახოკიამ თედოს მამამ, თავისი ოჯახით მოაშურა თავის სახლს სოფელ ხეთაში, სადაც თედოს ბიძა ექვთიმე ცხოვრობდა. თედოს აღწერით ამ რომანტიულ ადგილას ათასნაირი წარმოდგენები შეუქმნია მის შეგნებაში და ასაკში ყოფნის დროსაც კი, წარუშლელად ჩარჩენილან მხცოვანი საზოგადო მოღვაწის გონებაში. სოფ. ხეთაში ჩამოსულმა ტიმოთე სახოკიამ გადაწყვიტა მისი შვილი მშობლიურ ანბანს ზიარებოდა და მიაბარა მათი სახლიდან 4 კილომეტრის მანძილზე დაშორებულ სკოლაში და ლარჩვის სამგანყოფილებიანი სკოლის მასწავლებელს ზოსიმე ჩაჩუას თხოვა, ესწავლებინა რუსულის „მცოდნე“ პატარა თედოსთვის ჩვენებური (ჩქინობურა) ქართული, მაგრამ ამის ნაცვლად მოხდა პირიქით. თ.სახოკია გახდა ადგილობრივი ზოგი მასწავლებლისა და მოსწავლის რუსულის „მასწავლებელი“. ქართულის სწავლის საკითხი ვერც მღვდელმა შიო იოსავამ გადაჭრა. ამის გამო, თედო სახოკია მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მე-2 მოსამზადებელის ნაცვლად I მოსამზადებელში დასვეს და როგორც თვითოინ იგონებს „შერცხვა“. თედო სახოკია, ქართული ენის მადლს შემდგომში ცნობილმა პიროვნებამ და განსაკუთრებული მადლით ცხებულმა ბესარიონ ხელაიამ მაშინ III კლასის მოწაფემ, შემდგომში კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აზიარა. ამ კეთილშობილი ადამიანისა და მისი ძმის გიორგის მეგობრული დახმარებით თედო სახოკიამ 2 კვირაში უმტკივნეულოდ შეასწავლა წერაც და კითხვაც, იგი ქართული ენისა და მასში დაფარული საიდუმლოებების ფრთიანი იდიომატური გამოთქმების შესწავლას მთელი ცხოვრების მანძილზე განაგრძობდა.
თედო სახოკიას განათლებაში, გარდა დასახელებული ადამიანებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეუტანიათ ისეთ ცნობილ პირებსა და საზოგადო მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ: პოლიევკტო კვიცარიძე, ვასილ ბარნოვი და ამბროსი ხელაშვილი. როგორც თ. სახოკია წერს, ეს სამი კაცი იყო ის ადამიანი, რომელიც ავიწყებდა მოსწავლეებს იმ ტანჯვას, რომელსაც განიცდიდნენ სწავლების დროს სასწავლებელში. თ.სახოკია ამ პერიოდიდან იწყებს უკვე გაბატონებული უხეში აზრისა და ჩვევების წინააღმდეგ ბრძოლას, რასაც შემდეგში მთელი თავისი ცხოვრება უძღვნა.
1884 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თ. სახოკიამ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება მრავალთათვის აუხდენელი ოცნება იყო. აქ გაეცნო თ. სახოკია ცნობილ ადამიანებს შიო დედაბრიშვილს, იოსებ ლაღიაშვილს, ალექსანდრე ჟორდანიას და მათთან ერთად „ახალი მიმართულების“ იდეების მქადაგებლობასა და დანერგვას შეუდგა, რის გამოც მრავალჯერ იწვნია უკმაყოფილება. სოციალისტური იდეებისა და თვით მოძრაობისადმი მისმა ლტოლვამ გააღიზიანა სემინარიის რექტორი. თ. სახოკიამ აღმოუჩინეს რა მას დამალული პ.ფეიფერის „კოოპერაცია“, „ნებაყოფლობით“ დატოვა სასწავლებელი და ანთიმოზ ჯუღელის რჩევითა და დახმარებით წავიდა საზღვარგარეთ სააგრონომო ცოდნის მისაღებად. იგი ჯერ შვეიცარიაში ჩავიდა, ჟენევაში, სადაც ცნობილი მთარგმნელი ფრანგული ლიტერატურისა ივანე მაჭავარიანი დახვდა. თ. სახოკიამ მისი დახმარებით შეისწავლა ფრანგული ენა და შევიდა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ნაწილზე, სადაც მოისმინა გამოჩენილ ანთროპოლოგ-კარლო ფოხტის, გამოჩენილი მეცნიერის გრებეს ლექციები.
1887 წელს, მამის გარდაცვალების გამო, თ. სახოკია იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო. სახსრების მომაგრების შემდეგ, ისევ წავიდა შვეიცარიაში და იქიდან პარიზში, სადაც სორბონის უნივერსიტეტის ისტორიულ განყოფილებაში შევიდა, აქაც ვერ დარჩა დიდხანს უსახსრობის გამო. 1889 წელს კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და ქართლის ერთ-ერთ სოფელში დაიწყო მუშაობა ქართული ენის მასწავლებლად, როგორც თ. სახოკია იხსენებს, აქ მიხვდა იგი, რომ ქართულის ცოდნით თავის გამოჩენისგან, რბილად რომ ვთავათ, შორს ყოფილა. ქართველი ხალხის ზეპირსიტყვიერებამ, „მრავალფეროვანმა და ამოუწურავმა ზღვამ ხალხის სიბრძნისადმი ღრმად ჩააფიქრა მეცნიერი და ქართულ ხატოვან სიტყვათ-თქმათა, ქართულ ანდაზათა შეკრებისა და მეცნიერული შესწავლის სურვილით შთააგონა. ამ ეროვნულმა საქმემ მრავალი სხვა პრობლემაც დაანახა მას.
1894 წელს თ. სახოკია დაპატიმრებულ იქნა „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ პოპულარიზაციის მცდელობაში ბრალის დადების საბაბით. 3 თვის შემდეგ განთავისუფლებულ იქნა. ამ პერიოდიდან მას უკვე ჩამოუყალიბდა აზრი იმის შესახებ, რომ ნებისმიერი საშუალების გამოყენებით გაეტანა ხალხში ნათელი იდეები და მიძინებული ერი დაეხსნა ცარიზმის რუსიფიკატორული რეჟიმის ბატონობისაგან. ამ მიზნით, მუშაობდა ვალერიან გუნიას „ცნობის ფურცელში“, ჟურნალ „მოამბეში“, სადაც მის ცნობილ „მოგზაურობათა“ წარდგენა ხდებოდა მკითხველთათვის, თარგმნიდა განსაკუთრებით ინტენსიურად ისეთ წიგნებს, რომლებიც ქართველ ხალხს დაანახვებდა „თავის პოლიტიკურად დამონებულ მდგომარეობას, მთელს სიმძიმესა და გაუსაძლისობას ამ მდგომარეობისას და დაუბადებდა კირთებისგან თავის დაღწევის ძებნისა და კისრიდან მონობის უღლის გადადების ზარს. ეს წიგნები იყო მაგ: „განთიადი“ პოლონელი მწერლისა ეჟის, ივანოვიჩის „მებრძოლნი და წამებულნი ბულგარეთის თავისუფლებისთვის“, ივანე ვაზოვის „დამონებულნი“ და ა.შ.
1898-1900-იან წლებში თ. სახოკია სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად და მთელი თავისი არსებით თავდაუზოგავად დაიწყო ბრძოლა იმპერიალიზმისა და „გამარუსებული პოლიტიკის“ გატარების წინააღმდეგ. ამ და სხვა პროგრესული იდეების გათვალისწინებით იბეჭდებოდა თ. სახოკიას წერილები გაზეთ „სანპეტერბურგსკაია ვედომოსტში“ რუსულად, რომელთა მხარს უჭერდა სოხუმის ოლქის მორწმუნე ქართველების სასარგებლოს რუსეთში გავლენიანი პირი, ცნობილი ქომაგი საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიისა ნიკდურნოვო.
თ. სახოკიამ მიიღო მონაწილეობა და მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელობითაც კი გატარდა ისეთი რთული პოლიტიკური საქმიანობაც, როგორიც იყო ქალაქის თავის არჩევნები და შედეგსაც მიაღწია.
1900 წლის თ. სახოკია პარიზს გაემგზავრა. მისი დაფინანსება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა იკისრა თ. სახოკიამ მიაშურა პარიზის საანთროპოლოგო საზოგადოებასთან დაარსებულ უმაღლეს სკოლას, სადაც 4 წლის განმავლობაში ისმენდა გენიალურ მეცნიერთა შარლ ლეტურნოსა, ანდრე დეფერვოსა და სხვათა ლექციებს, რომლებსაც უკვალოდ არ ჩაუვლია. 1903 წელს თ. სახოკიას მიერ საანთროპოლოგო საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე წარმოდგენილი თემა ჩვენი ხალხის სახალხო მკურნალობის ერთ-ერთი სახის „ბატონებისა“ (ყვავილი) და მისი მოვლის შესახებ, ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტორია. ამ მოხსენების შემდეგ იგი ანთროპოლოგთა საზოგადოების საზღვარგარეთულ წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს და „ხსენებული მოხსენება ცალკე იქნა გამოშვებული. პარიზშივე თ. სახოკიამ დაბეჭდა ქართული ანდაზები და ქართველი ხალხის სიბრძნის მსოფლიო არენაზე გატანას შეუწყო ხელი.
თ. სახოკია პარიზში გარდა ლიტერატურული საქმიანობისა, სხვა საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა, აქ ჩასვლისას მას დახვდა ცნობილი სოც-ფედერალისტი არჩილ ჯორჯაძე. თ. სახოკია მასთან ურთიერთობით „სრულიად ბუნებრივად და მექანიკურად“ შეუერთდა მის იდეებს და დაიწყო „გარუსების წინააღმდეგ ბრძოლა“, რისთვისაც ხშირად განიცდიდა დევნას. რამდენიმეჯერ დაპატიმრებული და განთავისუფლებული თ. სახოკია მაინც არ თმობდა პოზიციებს.
საფრანგეთში ყოფნისას და იქ მოღვაწეობის შემდეგ თ. სახოკია ეწვია ინგლისს, შვეიცარიას, ბელგიას, იტალიას. ქართულმა ხასიათმა თავისი გაიტანა და იტალიაში ყოფნისას მიღებულმა სულიერმა სიახლოვემ ამ ხალხთან თ. სახოკიას მეტი საქმიანი დატვირთვა ააღებინა ხელში, იტალიაში ეწეოდა თ.სახოკია თანამშრომლობას ცნობილ საეკლესიო ისტორიკოსთან კათოლიკე მღვდელთან მიხეილ თამარაშვილთან.
თ.სახოკია დაუღალავად ეწეოდა მუშაობას პრესის სხვადასხვა ორგანოებში, მარტო „ივერიაში“ 164 სტატია გამოუქვეყნებია. მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი პრობლემების ახლებურად და სხვადასხვაგვარად აღქმაში გადიოდა. დიდი ეროვნული საქმეები ერთმანეთს ენაცვლებოდა, საქმეს საქმე მოსდევდა და თ. სახოკიაც დაუღალავად განაგრძობდა მოღვაწეობას. მისი დახვეწილი პიროვნება დახვეწილ შემოქმედებით ნიმუშებს „შობდა“ და საშვილიშვილოდ, სამერმისოდებდა სალ კლდეებს ჯებირად თ. სახოკიას იმედი გაუმართლდა. იგი წერდა: „იმედი მაქვს, შთამომავლობამ ლოცვა-კურთხევით მოიხსენიოს თავისი წინაპარი, რომელსაც თავის სიცოცხლის მიზნად მიაჩნდა სამშობლოსა და მშობელი ერის საკეთილდღეოდ გარჯა და შრომა, გააკეთა ის, რის გაკეთებაც ძალუძდა“.
დიახ, შთამომავლობამ გაუგო დიდ წინაპარს და ლოცვა - კურთხევით ამბობს: `დაილოცოს შემოქმედის მარჯვენა
ნინა ბუკია,
საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი.
1998 წელი