მე ვარ თამუნა სიჭინავა 33 წლის, ხობიდან

 

მე ვარ თამუნა სიჭინავა 33 წლის, ხობიდან.
ვარ გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში. მყავს მეუღლე და 4 შვილი.
ჩემთვის ყოველი დღე აქტივიზმით იწყება, ვინაიდან აქტივიზმია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და საუბარი ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, სექსუალური შევიწროება და ა.შ.. 16 წლის ასაკში გავთხოვდი, მაქვს ბედნიერი ოჯახი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა და მისმა თანატოლებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. არა გამართლებადია ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა და ისეთ პასუხისმგებლობასთან ჭიდილი, რომელიც ძალიან რთულია. მინდა მათი თითოეული გადაწყვეტილება გააზრებული და სწორად შეფასებული იყოს. იცოდნენ უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ და იყვნენ ისეთი საზოგადოების ნაწილი, სადაც თავს დაცულად იგრძნობენ და ყოველი სიახლე საშიშ და ცუდ მოვლენად არ აღიქმება.
დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა მოტივაციას მაძლევს შედეგები, რასაც ვხედავ ჩემს ირგვლივ.
ყოველი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ვხედავ ადამიანების შეცვლილ შეხედულებებს, დამოკიდებულებას თანასწორობის მიმართ. ხშირად ვთანამშრომლობ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ვცდილობ მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი გავხადო მათთან თანამშრომლობა და უფასოდ მიიღონ ისეთი სერვისები,რაც მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. თითოეული ღიმილი და მადლიერება კი, რომელშიც წვლილი მაქვს შეტანილი ჩემთვის ძალიან საამაყოა. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაც ხომ ასე ყალიბდება, ძლიერი ადამიანებით. ადამიანებით, რომლებსაც შესანიშნავად ესმით, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებები და ემსახურებიან იდეას: „ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“.
🇺🇳 Queer Resilience-ის პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.