კობა თუთბერიძე - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელი


ქართული მკლავჭიდის განვითარებაში კობა თუთბერიძეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. მისმა აღზრდილმა სპორტსმენებმა წარმატებით დაიცვეს საქართველოს ღირსება მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე. 
ჩვენ, ხობელებს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო მკლავჭიდის რუკაზე ხობს გამორჩეული ადგილი უკავია.
საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელი, მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელი კობა თუთბერიძე დაიბადა 1972 წლის 24 მაისს ხობში. სწავლობდა ქალაქ ხობის N1 საშუალო სკოლაში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაამთავრა ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 
უნივერსიტეტში სწავლის (1989-1994 წლებში) პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პირველობებში. არის საქართველოს მკლავჭიდელთა პირველობის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი. კ. თუთბერიძის თაობას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქუთაისში მკლავჭიდის პროფესიულ დონეზე განვითარებაში.
კ. თუთბერიძემ უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მშობლიურ ხობში ჩამოაყალიბა მკლავჭიდის კლუბი. სწორედ ეს კლუბი იქცა შემდგომში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების სამჭედლოდ. 
გაზეთი "ცოტნეიდელი" 1 აპრილი 1996წელი
კ. თუთბერიძე 2015 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტია.
კობა თუთბერიძეს 2017 წელს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით მკლავჭიდის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.

კობა თუთბერიძის აღზრდილ სპორტსმენთა შედეგები

მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გენადი კვიკვინია 
მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი - ვილენ გაბრავა 
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები (21 წლიანებში) დათუნა ჟიშკარიანი, გოჩა სიჭინავა, გულად ბუკია
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები (15 წლიანებში) საბა ლატარია და საბა დანელია
ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი (21 წლამდე) ანრი ბუკია
მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი (21 წლამდე) გიგა კოდუა, მსოფლიოს პრიზიორი (18 წლამდე) გოგა დანელია.