ფრანგი მოგზაურის, ჟან ფრანსუა გამბას ჩანაწერები სოფელ ხობისა და ხორგას შესახებ

მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი მოგზაურის, ჟან ფრანსუა გამბას მოგზაურობათა ჩანაწერები (1820-1824 წლები) ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ხობის ისტორიის  შესასწავლად.
წინამდებარე წერილში გთავაზობთ გამბას წიგნიდან სოფელ ხობისა და ხორგის შესახებ ჩანაწერებს.
ხორგა
გეოგრაფიული გარემო

   სამეგრელოს ამ ნაწილის ტყეში თხმელა გაბატონებული ჯიშია, და იგი მეტად მაღალი იზრდება ისევე როგორც ყველა ხე, რომლებიც ამ უხვმოსავლიან ტენიან და ნოყიერ ნიადაგზე ხარობს, აქ ვნახეთ თუთისა და წაბლის ხეები, შემოგვხვდა წიფელაც, რცხილა და მუხა, ზოგი ლეღვის ხე ოთხ ფუტზე უფრო მსხვილია, აქ ხარობს  აგრეთვე ქლიავის სხვადასხვა ჯიშის მსხალი, გარგარის, ატმის, კომშის ზღმარტლის, კაკლის ხეები და დიდრონი კოპიტები, მაგრამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო ოცი-ოცდახუთი ფუტის სიმსხო ცაცხვებმა, რომლებმაც საფრანგეთის სოფლის ეკლესიების წინ ჯერ კიდევ შემორჩენილი ცაცხვები მოგვაგონა.
  ხორგისკენ მიმავალ გზაზე, ტყეში ვნახეთ უზარმაზარი ვაზი, რომელიც ტანმაღალ ხეებს შემოხვეოდა და მათ კენწერომდე ასულიყო. ლიანებს შორის მოჩანდა სვია და მეტისმეტად ფართოფოთლებიანი ჯიშის სურო; ისინი ხეებს შემოკვროდნენ და ისე იყვნენ ერთმანეთში გადახლართულნი, რომ ტყეში გავლა თითქმის შეუძლებელი იყო.

სახლები და ეზოები

 ითვლება, რომ რედუტ-კალედან ხორგამდე მხოლოდ ოცდასამი ვერსია, მაგრამ ეს მანძილი ოცდარვა ვერსზე ნაკლები არ იყო,გზა მთელ გაყოლებაზე  ხობს მიუყვება და მხოლოდ ზოგჯერ თუ დასცილდება მას, რედუტ-კალედან დაახლოებით თხუთმეტიოდე ვერსის დაშორებით უკვე შევამჩნიეთ  სოფელ ხორგის განაპირას მდებარე სახლები, რომლებიც ერთმანეთისაგან პატარა ტყეებითა და დამუშავებული  მიწებით არის  გამიჯნული. სახლები განლაგებულია საგუშაგომდე, დაახლოებით შვიდი ვერსის სიგრძეზე.
 ყველა სახლი ხისაა და გადახურულია ჩალით და ლერწმით,ყოველ სახლს ერთმანეთის საპირისპიროდ გაჭრილი ორი კარი აქვს,მაგრამ ფანჯარა და საკვამური ბინებს არ გააჩნია კერა მოწყობილია ოთახის შუაგულში,კვამლი გადის ან სახურავიდან კარებიდან.
 ამ გაჭვარტულ საცხოვრებელში საკმაოდ  ჩვეულებრივი მოვლენაა თეთრეული და სპარსული ხალიშები, ფუფუნების ეს საგანი კონტრასტს ქმნის ყოველგვარ ავეჯს მოკლებულ ბინაში,სადაც სხვა არაფერია გარდა ვიწრო მერხებისა, რომელთაც სასადილო მაგიდის მაგივრად იყენებენ.

სოფელი ხობი

ოჯახი

საღამოს ცხრა საათზე უკვე ხობის მოურავთან (გვარად ჯორჯიკია) ვიყავით, რომელმაც სახელდახელო მასპინძლობა გაგვიწია.
 ეს წარჩინებული მეგრელი, რომელიც სოფლის თავკაცის ფუნქციებს ასრულებდა, ტანადობითა და ვაჟკაცობით გამოირჩეოდა. მას სწორნაკვთიან სახეზე წვერი და მოკლე ულვაში ჰქონდა მოშვებული.
ჩვენი მასპინძლის გვარი იყო ჯორჯიკია. მან თავისი მეუღლე წარმოგვიდგინა - მაღალი, ტანწერწეტა და მეტად მშვენიერი ქალი. თუმცა მას უკვე 12 წლის გოგონა ჰყავდა, მაგრამ თვითონ 26 წლისა ძლივს იქნებოდა; მთელს სამეგრელოში ჩვეულებრივ გოგონებს თორმეტი წლიდან ათხოვებენ, სქესობრივადაც ისინი ხშირად ამ ასაკამდე მწიფდებიან. იგი ძალზე თავაზიანად მოგვესალმა და მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მათთან დავრჩით, თამამად ეჭირა თავი, რამაც მეტისმეტად გაგვაოცა.
მასპინძელმა თავისი ქალიშვილი წარმოგვიდგინა: იგი მეტისმეტად ლამაზი იყო. ტანზე, ისევე როგორც დედამისს, ჩითის წითელყვითელი ზოლებიანი კაბა ეცვა, რომელზედაც ზემოდან სხვა ცისფერი მიტკლის გახსნილი კაბა ჰქონდა მოცმული. თავი თავსახვევითა და პირბადით ჰქონდა დაფარული.

სახლი და საყოფაცხოვრებო გარემო

ჩვენი მასპინძლის სახლი ხეებით დამშვენებულ პატარა ფერდობზე იდგა. ფერდობის ზემოთ კი ლამაზად ნაგები, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ეკლესია მოჩანდა. ეკლესიის კედლები, კარგად გათლილი და ჩარჩოთი შეკრული, დაახლოებით ორი გოჯის სისქის მუხის ფიცრებისა იყო. ეკლესიის ირგვლივ დატოვებული იყო რამდენიმე დიდი ზომის კოპიტი, ცაცხვი და და თელა.
ხისგან ნაგები მისი სახლი ფაქიზად იყო მოვლილი და საყოველთაოდ მიღებული ჩვეულების თანახმად მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგებოდა. ოთახი საკმაოდ დიდი იყო და იქ მოთავსებული ფიცრის ორი საწოლი ნოხებითა და ბალიშებით იყო გაწყობილი. შუაგულ ოთახში განლაგებულ კერიასთან მუხის უზარმაზარი კუნძები იდო. ცეცხლი დიდი ხნის დანთებული ჩანდა.

სტუმარ-მასპინძლობა

მასპინძლებს ჩაი მივართვით საჩუქრად შემდეგ განვიზრახეთ ჩვენი სურსათით გვევახშმა, მაგრამ თარჯიმანმა გვითხრა, რომ ვახშამი ჩვენთვის უკვე გაემზადებინათ. მართლაც  ლოდინი არ  დაგვჭირვებია ,  წინ დაგვიდგეს გრძელი  მერხი,   რომელზედაც საკმაოდ მრავალრიცხოვანმა მომსახურეებმა რიგ-რიგობით დააწყვეს  ჩვენთვის განკუთვნილი  კერძები, საჭმელი შედგებოდა  ფეტვის ცხელი  ფაფის  სამი  უზარმაზარი  ფენისაგან, რომელსაც  ღომს  უწოდებენ  და რომელსაც  ხის  ნიჩბით   იღებდნენ     რკინის   ქვაბიდან, რაშიაც ღომი მზადდება.  შემდეგ  მერხებზე  დააწყვეს  შემწვარი წიწილა და  ერთი  ძალზე უხეშად  დამუშავებული  ხის დიდი  გობი, რომელშიაც    მამალი  თხის ხორცის  ნაჭრები ეწყო და წვენის ნაცვლად ცივი წყალი ესხა.
  და ბოლოს  თხის რძისაგან დამზადებული თეთრი  ყველი მოგვართვეს, სიმინდის ფქვილის დიდი კვერები  თეფშებისა და პურის მაგივრობას გვიწევდა.
   ერთი შინაყმა მერიქიფეობას გვიწევდა და როცა ჩვენი ჭიქები იცლებოდა, გვივსებდა ხოლმე. რაც შეეხება ჩვენს მასპინძელსა და მის თანამესუფრეებს, ერთნი ჯიხვის რქით სვამდნენ ღვინოს ხოლო მეორენი ხისგან გამოთლილი და მოვერცხლილი ჭურჭლით, რომელსაც კულას უწოდებდნენ.
ოჯახის სხვა წევრები და მათი მეგობრები ჩვენთან ერთად იყვნენ, ოღონდ განცალკევებულ მერხთან ისხდნენ. მთელი ოთახი ხალხით იყო სავსე, ხოლო კარებიდან ცნობისმოყვარე ბრბო იმზირებოდა.
წითელ ღვინოს, რომელიც მასპინძელმა დაგვალევინა, სიმაგრე არ აკლდა; იგი კარგი ხარისხის იყო და სრულებით არ ჰგავდა იმ ღვინოებს, რომლებიც რედუტ-კალეს ბაზარზე იყიდება.
ჟან ფრანსუა გამბას წიგნში საყურადღებო ცნობებია მდინარე ხობზე ნაოსნობის, ნავების ტიპებისა და მათი დანიშნულების შესახებ.
 უახლოეს პერიოდში, ნაოსნობის ისტორიის ამსახველ მასალებს შემოგთავაზებთ.