„ხობიnews“-მა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა


ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews“-ის წარმომადგენლებმა პროექტის - „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-სა და მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელებისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.
ხობიnews“-ის ხელმძღვანელმა ლელა ალანიამ პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანი „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო მოხელეების, ახალგაზრდების, ფერმერების, მცირე ბიზნესის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების ინფორმირება იყო.
ხობის მუნიციპალიტეტში პროექტი ხობიnews-ს“ ორგანიზებით და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მხარდაჭერით განხორციელდა.  
კონსორციუმს ხელმძღვანელობს „აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი“ (EESC, ლიტვა) შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით:  „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ („ABCO საქართველო“, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის (GLOBSEC) პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), „ათინათი“ (საქართველო), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).