ხობში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა (ვიდეო)


ქალაქ ხობში, შპს „მარსმა“ დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. ქარხნის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და ბიზნესმენი თამაზ ბასილაია მონაწილეობდნენ.
„ხობის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ქარხანა გაიხსნა. ადგილობრივ ეკონომიკაში ჩადებული ყოველი ლარი მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს, ზრდის დასაქმებულთა შემოსავლებს და აუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“ - აღნიშნა გოჩა ქაჯაიამ.
ახალგახსნილ საწარმოში პირველ ეტაპზე 15, ხოლო საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ 100 ადამიანამდე დასაქმდება. პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.
ქარხანა თანამედროვე მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის ექსპორტი აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იგეგმება.