„კოლხეთი“ „დასავლეთის თასი-2018“-ის გამარჯვებულია (ვიდეო)

20 თებერვალს, წყალტუბოს ცენტრალურ სტადინზე „დასავლეთის თასი-2018“-ის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ვანის „სულორი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა. მეტოქის კარში ბურთები გიორგი ჭედიამ გაიტანა.




ვიდეო: პირველი ტაიმი

ვიდეო: მეორე ტაიმი

,,კოლხეთი ხობი ,,დასავლეთის თასი 2018“ -ის გამარჯვებილია
იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით 3 თებერვალს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდა ტრადიციული წინასასეზონო ტურნირი ,,დასავლეთის თასი 2018“. გათამაშებაში სულ 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 3 ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი. ნახევარფინალურ მატჩებში წარმატების შემდეგ ტურნირის მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ერთმანეთს ხობის ,,კოლხეთი“ და ვანის ,,სულორი“ დაუპირისპირდნენ. ფინალური მატჩი წყალტუბოში გაიმართა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ორივე გუნდს მრავლად ჩამოჰყვნენ გულშემატკივრები, რომლებიც მატჩის ბოლომდე ერთგულად ქომაგობდნენ თავიანთ გუნდებს. თამაში დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და სანახაობრივადაც თვალსასეირო გამოდგა.
მატჩის დებიუტში ვანელთა უპირატესობა გამოიკვეთა. მათი პირველივე სახიფათო შეტევა შედეგიანი გამოდგა. მე-3 წუთზე თანაგუნდელების წამოწყებული კომბინაცია ამირან როხვაძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა და თავისიანები დააწინაურა - (1-0).
ტაიმის შუაწელს ხობელებიც გააქტიურდნენ და 25-ე წუთზე გიორგი ჭედიამ წონასწორობა აღადგინა - (1-1).
ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მატჩის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. შეხვედრის განახლებისთანავე ხობელებს ანგარიშში დაწინაურება მართებდათ, თუმცა 49-ე წუთზე მათ სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო ნიგერიელმა ლეგიონერმა მარტინს ნვანკომ უხეიროდ შეასრულა და ბურთი კარს ზევიდან გადააცილა. ამის შემდეგ ხობელებმა კიდევ ერთი აშკარა საგოლე შანსი გაანიავეს. ,,კოლხეთის“ ფეხბურთელებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და ცაგარეიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს. მეკარის ბაქანზე სრულიად უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცაგარეიშვილს ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მან ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა ვერ მოახერხა.
ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა. შეხვედრის ბოლოსკენ გარისკვას ორივე გუნდი ერიდებოდა. ისე ჩანდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დამთავრებულიყო და ტურნირის გამარჯვებული პენალტების სერიას გამოევლინა, მაგრამ შეხვედრის ფინალი სულ სხვაგვარი გამოდგა. თამაშის 89-ე წუთზე ხობელებმა მეტოქის კარზე იერიში ზედიზედ რამდენჯერმე მიიტანეს, რომელიც გიორგი ჭედიამ ზუსტი დარტყმით დაასრულა და თავისიანებს ტურნირის მთავარი პრიზი მოაპოვებინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ ორივე გუნდს ,,დასავლეთის თასი 2018“ გათამაშების დამთავრება მიულოცა და მოახლოვებულ ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებით გამოსვლა უსურვა. ამის შემდეგ ,,კოლხეთი“ ხობის გუნდს ტურნირის გამარჯვებულისთვის დაწესებული თასი გადასცა.