ოჯახის ექიმებს ონკოლოგიურ დაავადებებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

22 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა  და ადრეულ დიაგნოსტიკაზე  ტრენინგის მეორე ეტაპი დაიწყო. სამდღიანი   ტრენინგი, რომელიც ოჯახის ექიმებს და მედდებს ჩაუტარდათ, ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარატასი საქართველოში“-ს ორგანიზებით განხორციელდა.
   ტრენინგის მეორე ეტაპზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სახის ონკოლოგიურ დაავადებაზე - მკერდის, საშვილოსნოს და პროსტატის კიბო, ლეიკემია; დაავადებათა ეტიოლოგიაზე და მისი მკურნალობის ქირურგიულ, ქიმიურ და ჰორმონულ მეთოდებზე,  ონკოლოგიურ დაავადებათა სიმპტომებზე და რისკ ფაქტორებზე.
   ტრენინგს ჩეხი ონკოლოგები და  ორგანიზაციის მიერ თბილისის ონკოლოგიური ცენტრიდან  მოწვეული ონკოლოგები უძღვებოდნენ. ჩეხმა ექიმებმა  დამსწრე საზოგადოებას ჩეხეთის რესპუბლიკაში ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკა, ქიმიოთერაპიის მეთოდოლოგია, მუშაობის პირობები და უფლება მოვალეობები გააცნეს.
ტრენინგის მესამე ეტაპი, რომელიც დაავადებულთა პალიატურ მზრუნველობას მოიცავს, 21-22 მაისს ჩატარდება.