31 მარტს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება

31 მარტს, ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების  და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რეფერენდუმის 25 წლის იუბილე აღნიშნეს. ზვიად გამსახურდიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. 
     ბიბლიოთეკაში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით  პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი, როსტომ ჩხეიძის წიგნის „ეკლის გვირგვინი“ პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიების დასაწყისში  ანსამბლმა „კოლხეთმა“ სიმღერა  „ჩემო კარგო ქვეყანა“  შეასრულა, ხოლო საჯარო სკოლების მოსწავლეებმა პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს.  წიგნში რომლის შესახებ თავად  ავტორმა, მწერალმა და მთარგმნელმა როსტომ ჩხეიძემ  ისაუბრა, გამთლიანებულია  სხვადასხვა დროს დაწერილი ორი თხზულება — „თუ საწუთრომან დამამხოს“ და „ძველი ხიბულას საიდუმლოება“ — და ერთიან ქმნილებად შეიკრა — ბიოგრაფიულ რომანად. 
   ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია და  გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.