საკრებულოს სხდომაზე საკითხი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ გაიტანეს

29 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“, რომლის საფუძველზეც ქალაქ ხობში ბერიას ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილისა და ბერიას ქუჩებზე შემოღებულ იქნება ცალმხრივი მოძრაობა, კერძოდ ცოტნე დადიანის ქუჩიდან აიკრძალება ბერიას ქუჩის მიმართულებით შეხვევა და ამ ქუჩების გადაკვეთაზე განთავსდება ამკრძალავი ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“. ასევე 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსდება ამკრძალავი ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“ და 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით აიკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა
დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, რომლის თანახმად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა, რაც 2015 წელს იყო განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში - 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში _ 3.1 ლარს, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) _ 6.19 ლარს. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.