თბილისი სპორტულ ნარდში მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებს

2016 წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს სპორტული ნარდის მსოფლიო თასის გათამაშებას. მსოფლიო თასი თბილისში 27 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართება, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 200-მდე მონაწილე მიიღებს მამაკაცთა და ქალთა შორის. თბილისის მსოფლიო თასის გათამაშება "ქორთიარდ მერიოტში" ჩატარდება, ტურნირის საპრიზო თანხა 125 000 დოლარია.
ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ნარდის კლუბი, "ევროპაბეთი", საქართველოს ნარდის ფედერაცია და მსოფლიო ნარდის ფედერაცია. მსოფლიო თასის მხარდამჭერია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 13 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის კითხვებს ტურნირის ორგანიზატორმა, პარლამენტის წევრმა, ხობის  მაჟორიტარი დეპუტატმა - გოდერძი ბუკიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - შალვა გოგოლაძემ და ევროპაბეთის წარმომადგენელმა ლაშა ხარაზიშვილმა უპასუხეს.

ჩემპიონატი  ჩატარდება ორ კატეგორიაში - მსოფლიო თასისთვის იასპარეზებენ როგორც მსოფლიოს ოცამდე ქვეყნის გუნდები, ასევე ინდივიდუალური მოთამაშეები სხვადასხვა კატეგორიებში - პროფესიონალები, მოყვარულები, ქალთა ტურნირი, წყვილთა შეჯიბრი და ა.შ . გარანტირებული საპრიზო თანხა შეადგენს 125 000$, ასევე ორგანიზატორების მიერ დაწესებულია თასები, მედლები და სხვადასხვა სახის პრიზები.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდებს შორის ტურნირის სისტემურ გამართულობას უზრუნველყოფს საქართველოს ნარდის ფედერაცია. ტურნირი წარიმართება საერთაშორისო სტანდარტებისა და წესების დაცვით. საქართველოსთან ერთად მსოფლიო თასზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, გერმანიისა და სომხეთის გუნდებმა.
მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა მონაწილე ქვეყანას მიეცეს საშუალება წარსდგეს ორი გუნდით. გუნდების დაკომპლექტებას უზრუნველყოფს ფედერაციები , ასოციაციები და სპორტული ნარდის კლუბები. მსოფლიო თასის გათამაშებას წინ უძღვის ჟურნალისტების საერთაშორისო ტურნირი, რომელიც გაიმართება 21-24 აპრილს წყალტუბოში. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მასპინძელი სასტუმრო „წყალტუბო პლაზა".

http://gurianews.com/_/left_wide/34834_70_ka/Tbilisi_sportul_nardSi_msoflio_Tasis_gaTamaSebas_umaspinZlebs_.html