ჩემი სოფელი ქალღმერთის სახელით (ლეგენდა და სინამდვილე)

           
        რატომღაც ყველას ეგონა, რომ თემის სახელი ბია ხილის სახელწოდებისგან მოდიოდა. მაგრამ უკვირდათ, რომ კომში თუ ბია, როგორც მას მეგრულ-იმერულ ტომები მოიხსენიებდნენ, აქ არც ხარობდა არც მოიპოვებოდა და ამდენად, გაუგებარი იყო, ეს სახელი რატომ უნდა დარქმეოდა ამ ღვთის საუფლო სანახებს.
                ძნელი იყო ადამიანებისთვის მათ მახსოვრობაში ათასწლეულების მიღმა დალექილი მოვლენების მოგონება. შორეულ წარსულში კი, ძალიან დიდი ხნის წინათ, აქ გამოიარა ქალღმერთმა ბიამ, რომელმაც ზევსის დავალებით კავკასიონის ქედზე მიაჯაჭვა პრომეთე, მიუჩინა მას მოდარაჯე რაზმები და მძიმე მოვალეობის შესრულებისგან უკან მობრუნებულმა, დაღლილმა დაისვენა ზუსტად იქ სადაც, ოდითგან სალოცავი-ოხვამე იყო აგებული. აქედან ხელისგულზე მოჩანდა ლამაზი თვალუწვდენელი ეგრისი, ეგრების ქვეყანა, რომელსაც შემდეგ კოლხეთად მოიხსენიებდნენ ბერძნები. დასვენების ადგილს კი შემორჩა ქალღმერთის სახელი-ბია.
                იდუმალებით მოცულმა წარსულმა დავიწყების საბურველი გადააფარა მომხდარს და ის დავიწყებას მიეცა, სახელი ბია კი საუკუნეებს შემორჩა ქვაში ამოკვეთილ ღვთის წყალობად. დაუძინებელი მტრები იშვიათად თუ ბედავდნენ ამ ვიწრო და გაუვალი ტყეებითა და ეკალ-ბარდებით დაფარული ადგილების  გადალახვას, სადაც გაუტეხელი, ბედთან შეურიგებელი ადამიანები ცხოვრობდნენ.
                საუკუნეების განმავლობაში ქალღმერთი ბია და მისი საქმე დავიწყებას მიეცა. მაგრამ ადგილს, სოფელს მისი სახელი შემორჩაესეც ლეგენდარასაც მოსდევს სინამდვილეში.
ზემო ბიის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

            ვინც ერთხელ ნახა, რა დაავიწყებს მას ზემო ბიის მთავარანგელოზის ეკლესიას - საყდარს, ახლა ოხვამეს - სალოცავს რომ უწოდებს მრევლი. კოლხეთსა და  კავკასიონს შორის, ურთას მთის გაგრძელებაზე, ყველაზე მაღალ გორაზე რომ წამომართულა ლამაზ გვირგვინად. სათუთად უვლიდა და მოკრძალებით მიაპყრობდა იმედიან მზერას მას მრევლი - ალექსანდრიები და ქორაიები, ღადუები და ბელქანიები, იოსავები და შონიები.
             ბარიდან გზა ხობისა და ნოჯიხის გაგრძელებაზე, ღარღულას ვიწროებიდან მთავარანგელოზის მთის - ოხვამეს ფერდის გვერდის ავლით, ზემო ბიიდან ბია - საშონიოში ეშვებოდა, საიდანაც გადალახავდა ხობისწყალს და ხიბულის გავლით ზემო მთის სამეგრელოში -  ლაკადაში გადადიოდა.
             ზემო ბია და ბია - საშონიო იყო გზის ჩამკეტი. ჰოდა, აქაურები უფრო თავისუფლები, უფრო გაბედულები და დაუმორჩილებლები გახლდნენ. ბედი და მდგომარეობა მათ დიდ მოვალეობას - მომხვდურთათვის გზის ჩაკეტვას ავალებდა. ბოლოს ეს მოვალეობა ომერ ფაშას შემოჭრის დროს აღასრულეს, როდესაც ყოველნაირად შეუშალეს ხელი საფაფიოს გოლასთან დაბანაკებულ თურქის ჯარის ზემო სამეგრელოში შემოჭრას. რასაკვირველია, აქ სხვა გარემოებებმაც თავისი როლი შეასრულა, მაგრამ ადგილობრივი ხალხის  დაუმორჩილებლობა და მზადყოფნა, შებმოდნენ შემოსეულ დუშმანს, გადამწყვეტი ფაქტორი შეიქმნა, რომ  ხელი აეღო მას მტრული გარემოცვის ლაკადაში შემოსევისგან. ზემო ბია და ბია - საშონიო იყო მომხვდურისაგან ერთ-ერთი გზის ჩამკეტი.

                 ეკლესიის და ქვეყნის დამცველები ცხოვრობდნენ აქ ოდითგან.
                 მოძალებული იყო მათში რწმენა და ძალა, თავგანწირვა  და გამძლეობა თანამოძმეთა გადარჩენისათვის.
                 იცოდა ეს დადიანმა, როდესაც 1492 წელს აქედან შვიდი ოჯახი, მათ შორის შონიები ჩაიყვანა   და დაასახლა ბიჭვინთაში ეკლესიის დასაცავად, მათვე ევალებოდათ წელიწადში სამჯერ სანთლის დანთება. უბრალონი კი არ იყვნენ, ჯანის ჰქონდათ და რწმენაც, შეეძლოთ დაეცვათ ეკლესია, დაენთოთ სანთელი და აღევლინათ ლოცვა ღმერთისადმი.
                სამეგრელოს სამთავროს გაუქმებისა და რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ სოფელი ზუგდიდი მაზრის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
                 1871 წლამდე ბიელების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი ზემო ბიელები და მითუმეტეს, ბია -  საშონიოს მკვიდრნი, ცხოვრობდნენ საეკლესიო მიწებზე და იყვნენ საეკლესიო გლეხები. მათთვის უცხო იყო მებატონისადმი ყმობა და მორჩილება. გამომდინარე აქედან კი ღირსების შემლახავი წესებით ცხოვრება.
                 1871 წელს საეკლესიო მიწები გადაეცა ხაზინას და სათანადოდ, ეკლესიის გლეხები გახდნენ სახელმწიფო გლეხები. მაშინდელი მონაცემებით, საქართველოში ხაზინას გადაეცა 120 მლნ. მანეთის ქონება, მაშინ, როდესაც ეკლესიების რჩენა ჯდებოდა 2 მლნ. მანეთი. ამაზე აშკარა ყაჩაღობა იშვიათად თუ მოიძებნება მსოფლიოში. ეს რუსული იმპერიული მმართველობის „შედეგად“ რჩება მსოფლიო ისტორიაში.                              
                  1873 წლის მონაცემებით, გლეხები გარკვეული მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ იჯარით, არცთუ ისე მცირე იყო მათი კუთვნილი მიწის ფართი.
                 1873 წელს იოსე შონია და მისი შვილები ფლობდნენ 76 ქცევა მიწას. საკმაო მიწის მფლობელი იყო იოსავა ბეკოია, რომელიც 45 ქცევა დაბალ ვენახს და 24 სახნავს ფლობდა, ასევე იოსავა დათიკია და შევარდენი. საკმაოდ დიდი მიწის მფლობელები იყვნენ ბიგვავები სიკოია და თემურყვა, ჭითაშვილები - უტა და დავითი, შონიები - გიგი, პეპუ, ლაზარიკა, სიკო და ზურაბ კვაშილავები კი 460 ქცევა მიწას ფლობდა.
მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ის, რომ საეკლესიო (სახელმწიფო) გლეხებზე მეტ მიწებს ფლობდნენ საბატონი გლეხები. თავად ჩიჩუას გლეხები ბახვა ღადუა 450 სახნავს და 562 ქცევა მაღლარ - ვენახს ფლობდა. ასევე  დიდი მიწის  ფართობების მფლობელები იყვნენ თავად  ჩიჩუას გლეხები: ჭითაშვილი ბესიკი, აზნაურ ბეჩუნა სალაყაიას გლეხები - ბეჟან ხურცია, აზნაურ როსტომ ლოლუას გლეხზე, ბაბუკოცი ალექსანდრიაზე რიცხული იყო 800 ქცევა სახნავი მიწა. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ცხოვრება საამური ჰქონდათ ბიელებს, ბევრი იყო მცირემიწიანიც და ვისაც მიწა ჰქონდა, მას დასამუშავებლად ჯოჯოხეთური შრომა უწევდა.
             მეომარი და მორწმუნე ყოფილან  ოდითგან ბიელები. მტერთან შეურიგებლობა და ღვთის რწმენა ყოფილა მათი ცხოვრების წესი, რასაც თავისი და ოჯახის რჩენისთვის ტიტანური შრომა ახლდა.
             საუკუნეებით ყალიბდებოდა ბიელების საბრძოლო ტრადიცია. მე-19 საუკუნეში დადიანის ლაშქარში ოსმალები წინააღმდეგ ბევრმა ბიელმა გამოიჩინა თავი. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოიჩინეს პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ბიელებმა, ბიიდან გაწვეული იყო ათზე მეტი ვაჟკაცი. წმინდა გიორგის ჯვრით იყვნენ დაჯილდოებული კალისტრატე ღადუა და სამსონ ბიგვავა, ხოლო გრიგოლ ბიგვავა წმინდა გიორგის ორი ჯვრის კავალერი გახდა.
            სოფლის მკვიდრთა საბრძოლო სული განსაკუთრებით გამოვლინდა მეორე მსოფლიო ომში, რომელიც მაშინ, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ბიელებისთვის სამამულო ომი იყო. ეს მერე გამოჩნდა, თურმე სხვა თავისი საქმისთვის რომ გვაბრძოლებდა. როგორც მონღოლების, სპარსელების, თურქების საქმეებს ეწირებოდნენ მაშინდელი ქართველები, ისე შეეწირნენ კომუნისტური რუსეთის მიზნებს. ქუდზე კაცი იყო გამოსული ამ პატარა თემიდან და იბრძოლეს კიდევაც. გაწვეული 156 კაციდან 88 შეეწირა ამ ომს, კანონისა და ქვეყნის ერთგულნი:
             ბრძოლის ველზე დაეცნენ ოთხი ჭითაშვილი, ხუთი ალექსანდრია, ექვსი ღადუა, რვა ბიგვავა, რვა თუთბერიძე, ცამეტი შონია, 21 იოსავა. ომში დაიღუპნენ იოსავების გვარიდან ძმები ბალიკო და ვალერიანე, პეტრე და კოკი, ევსევი და ჟორჟი, კალისტრატე და ვლადიმერი. შონიები - კაპიტონი და ოთარი, ძეკი და დიანოზი, ალექსანდრიები - ჯვებე და კოლია, სამი ძმა თუთბერიძე - კაპიტონი, იროდი და ესტატე, ბიგვავა - ჯოგო და იპოლიტე.
              ბრძოლაში დაეცა დივიზიის შტაბის უფროსი, საქართველოს კავშირგაბმულობის სახალხო კომისრის მოადგილე ზინობი შონია. საინტერესოდ წარიმართა ლუსიონ შონიას ბედი - ის ომის პირველივე დღეებში ტყვედ ჩავარდა, შემდეგ გაიქცა და შეუერთდა იტალიელ პარტიზანებს, სადაც ის იტალიელების საყვარელი გმირი გახდა. ომიდან დაბრუნებული თავის ოჯახთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს.
             შინმოუსვლელთა სია ნათლად მეტყველებს საქართველოს ამ პატარა სოფლის ტრაგედიაზე.
             აი, ისინიც:
             შინმოუსვლელ ბილთა სია, დაზუსტებული 1989 წელს (რიგითობა დაცულია დაღუპვის შესახებ მოსული შეტყობინებების დროის მიხედვით):
ბიგვავა სილოვან მიხეილის ძე
იოსავა სარა გრიგორის ძე
იოსავა ვალიკო ზალიკას ძე
იოსავა ვალერიანე ზალიკას ძე
თუთბერიძე კოლია ეგნატეს ძე
თუთბერიძე ლუკიანე ონისიმეს ძე
თუთბერიძე პარმენი ონისიმეს ძე
ღადუა ლადი ჯაოს ძე
ბარაშვილი იროდი ჯონდის ძე
შონია ილიკო ბასას ძე
შონია კაპიტონი ალექსის ძე
შონია ოთარი ალექსის ძე
შონია ევგენი ფილუს ძე
შონია ძეკე გახუნიას ძე
შონია დიანოზი გახუს ძე
შონია არისტანო არტემის ძე
ჩუბინიძე ალიოშა გიორგის ძე
სალაყაია კალისტრატე იჯანჯას ძე
ხარებავა თეუფანე იოსების ძე
შეროზია ვლადიმერი ბეგლარის ძე
ფარღალავა ლადი არჩილის ძე
გვალია ლევან მაქსიმეს ძე
ლიპარტია ვალერიანე არჩილის ძე
ქაჯაია კოლია სოლომონის ძე
ალექსანდრია ჯვებე ივლიონის ძე
ალექსანდრია ნოვე მარკოზის ძე
ლომსაძე ვასო ლავრენტის ძე
იოსავა ალიოშა იაკობის ძე
შონია დურუ კონდრატეს ძე
შონია მიზა ზაქარიას ძე
დოლბაძე სარა გვადის ძე
თოდუა ბიქტორი ტარასის ძე
ჭითაშვილი ამირანი ერმინეს ძე
ჭითაშვილი თეოდოტი ისიდორეს ძე
თუთბერიძე კაპიტონი ბესას ძე
თუთბერიძე პროკოპი კალისტრატეს ძე
თუთბერიძე ესტატე ბესარიონის ძე
თუთბერიძე იროდი ბესარიონის ძე
თუთბერიძე დიომიდე იონას ძე
ბიგვავა ჟორჟი გრიგორის ძე
ბიგვავა იროდი ილარიონის ძე
ბიგვავა აბრამი ნიკოლოზის ძე
ბიგვავა გრიშა ბესარიონის ძე
ბიგვავა ამირანი ბესარიონის ძე
იოსავა კაპიტონი ბერდეს ძე
რეკვავა ივანე იოსების ძე
იოსავა ვალოდია ვასილის ძე
იოსავა აკაკი გრიგორის ძე
იოსავა არტემი ბესარიონის ძე
იოსავა ლადი მიხას ძე
იოსავა პეტრე ვასილის ძე
იოსავა კიკა ვასილის ძე
ღადუა იონა ვლადიმერის ძე
იოსავა ვალერიანე ლავრენტის ძე
ბიგვავა ჯოგო გუდუს ძე
ბიგვავა იპოლიტე გუდუს ძე
შეროზია კოლია ივანეს ძე
ქაქუთია ბუტა ივანეს ძე
კვაშილავა ნოე პეტრეს ძე
ალანია გრიშა გრიგორის ძე
ჭითაშვილი არველოდი თეიმურაზის ძე
ღადუა ნოე აკაკის ძე
ჭითაშვილი ნიკოლოზი ნიკოლოზის ძე
შონია პართენი მიხეილის ძე
იოსავა ლევარსო სოგრატის ძე
იოსავა ექვსევი პახულის ძე
იოსავა კალისტრატე ბესარიონის ძე
იოსავა ვლადიმერი ბესარიონის ძე
ალექსანდრია დათიკო ივანეს ძე
იოსავა ჯონდო იაკობის ძე
ქორაია მირო მელიტონის ძე
ქორაია ილია ივანეს ძე
ღადუა არტემი პეტრეს ძე
პერტაია ვასო ბესას ძე
ალექსანდრია ალექსანდრე ანდრონიკეს ძე
ღადუა იპოლიტე სოლომონის ძე
ცხომარია შალვა ტარასის ძე
დავითულიანი პარმენი ოქრუას ძე
ტორჩინავა კონდრატე ივანეს ძე
იოსავა თეუფანე მეთოს ძე
ქაქუთია ვალიკო ბესარიონის ძე
იოსავა შიო ბესარიონის ძე
შონია ზინობი დუტუს ძე
ღადუა იროდი სიმონის ძე
შონია აპალონი მელიტონის ძე

     მათ თავისი ვალი მოიხადეს ბრძოლის ველზე მტერთან შეჯახებაში.
     აფხაზეთი და სამაჩაბლო კი დავკარგეთ. საქართველოს მთავარსარდლებმა - ჯერ შევარდნაძემ, შემდეგ კი სააკაშვილმა ვერ  შეკრა ერთ მუშტად მტერთან საომრად ქართველნი. დავმარცხდით, საბოლოოდ საქართველო გაიყიდა და ადამიანები თავის ქვეყანაში დევნილნი გახდნენ.
 თავისი მეომრული ტრადიციებისათვის არც შემდეგ უღალატიათ ბიელებს - სად არ ჩადგნენ სამხედრო სამსახურში იბრძოლეს - განსაკუთრებით ერაყში, ავღანეთში და თავი არ შეურცხვენიათ.
     გამოდის, რომ მაგრები ვართ სხვის ომში.
     მაგრამ ეს კიდევ საკითხავია.
     ეს ისტორიაა.
     ისტორია კი არ უნდა დაიკარგოს


 გრიგოლ შონია
 „საერთო გაზეთი“ №20 (232) 3 ივნისი 2015 წელი