სოფელ პატარა ფოთში ადგილობრივი მამუკა ხურცილავა სამმა პირმა სცემა


ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში ადგილობრივი მცხოვრები მამუკა ხურცილავა სამმა უცნობმა პირმა სცემა. როგორც დაზარალებულმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა,  კერძო ობიექტზე დარაჯად მუშაობს, წუხელ მასთან სრულიად უცხო პირები მივიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მამუკა ხურცილავა ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და ცემის დროს თავდამსხმელები მის პოლიტიკურ შეხედულებებზე აკეთებდნენ აქცენტს.
"ჩემთვის უცნობი ადამიანები მოვიდნენ და მცემეს. დაზიანებები მაქვს სახისა და მკლავის არეში. მეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკური შეხედულებებისგან თავი შემეკავებინა. მოვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. რამდენიმე დღის წინ შევხვდი პატარა ფოთის ყოფილ გამგებელსა და პოლიციის უფროსს. თავდამსხმელებმა ეს შეხვედრაც შემახსენეს. ასევე დამემუქრნენ, რომ ეს არაფერია, რადგან სახლში ორი ბიჭი გეზრდებაო", - აღნიშნა მამუკა ხურცილავამ.
ხურცილავას სამედიცინო დახმარება  ხობში აღმოუჩინეს.