ხობში საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია სოფელ ნოჯიხევში  „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში  ხვნა-თესვის  ბარათების დარიგებას  დაესწრო. გამგებელი  მოსახლეობას  პროექტთან დაკავშირებით გაესაუბრა და   მათ მიერ დასმულ  კითხვებს უპასუხა.
     ხობის მუნიციპალიტეტში 2015 წელს ხვნა-თესვის ბარათს სულ 11803 ბენეფიციარი მიიღებს, რომლის  ღირებულებაც დაახლოებით  1 400 000 ლარს შეადგენს. 
      გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვლილი სახით მიიღებენ. 
• ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 ჰექტარიდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი მიიღებენ მხოლოდ ხვნის ბარათს, 1 ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით.
• ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0.25-მდე მიწის ფართობი, წელს ისარგებლებენ 50 ლარიანი აგრო ბარათით.
• ბენეფიციარები, რომლებიც 0.25 ჰექტარიდან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ფართობს იყენებენ მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის მიიღებენ 1 ჰა-ზე 140 ლარის ოდენობის სასოფლო სამეურნეო საქონელს.
       „აგრო ბარათით“ მომსახურებას ფერმერებს 2015 წელსაც „ლიბერთი ბანკი“ გაუწევს. პლასტიკური ბარათით ფერმერს შესაძლებლობა ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შეძენა (სასუქები, სათესლე, და  სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან მიიღოს.  ნიადაგის ხვნის სამუშაოებს შპს „მექანიზატორი“ და კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. სამგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღნიშნულ პროეტში 2015 წელს მონაწილებას  99  394 ბენეფიციარი მიიღებს.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი“  თებერვლიდან დაიწყება და 1 დეკემბერს დასრულდება.