"ეტალონის" წამყვანმა ხობელ ახალგაზრდებს გადაცემაში მონაწილეობის შესახებ პირადად აცნობა

"ეტალონის" წამყვანმა ხობელ ახალგაზრდებს გადაცემაში
მონაწილეობის შესახებ პირადად აცნობა
შეხვედრის დასაწყისში წამყვანმა მოსწავლეებს გადაცემასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო და ახალგაზრდების აღზრდაში სახელმწიფოს, ოჯახისა და სკოლის როლზე ისაუბრა.

"მინდა ის სამი ძირითადი პრინციპი გაგაცნოთ, რომლებზეც ჩვენი გადაცემაა აგებული. ესაა აღმოჩენა, წარმოჩენა და წახალისება.

ნიჭიერი ბავშვები უნდა აღიაროთ, შემდეგ წარმოაჩინოთ და ბოლოს წაახალისოთ. თუ ბავშვი ნიჭიერია, ის უნდა აღიაროთ და წარმოაჩინოთ.

საქართველო, როგორც ქვეყანა უკვე ათასწლეულებია არსებობს, ქართველები, როგორც ერი ათასწლეულებია ვარსებობთ და საქართველო, როგორც სახელმწიფო დღეს ვყალიბდებით, ამიტომ ახალგაზრდობამ თავისი ადგილი და მოვალეობა უნდა იცოდეს," - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა.

მანვე ისაუბრა ახალი საიტის www.etanews.ge-სა და გადაცემის "პრივატბანკთან" თანამშრომლობის შესახებ.

"ჩვენ შევქმენით საიტი www.etanews.ge და გთავაზობთ მოამზადოთ ნარკვევი - „ხობის ისტორიული ძეგლები“, „ცნობილი ხობელები“ და „შთამბეჭდავი ფოტოები“, ამ ნარკვვებს მოუყარეთ ერთად თავი, გამოგვიგზავნეთ და თქვენს ნამუშევრებს ჩვენს საიტზე განვათავსებთ," - აღნიშნა "ეტალონის" წამყვანმა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ვარაზ გაბედავას თქმით, ხობის გამგეობა მოსწავლეებს ყველანაირად დაუდგება მხარში.

"მოხარულები ვართ, რომ დღეს ხობს "ეტალონის“ წამყვანი ესტუმრა. ჩვენი ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ მის ჩამოსვლას და მოწადინებულები არიან, რომ გადაცემის შესახებ უფრო მეტი გაიგონ. მთავარი კი ისაა, რომ მომავალი თაობების ჩართულობა ამ გადაცემაში იყოს მაქსიმალური და ჩვენი მხრიდან მოსწავლეებს ყველაფერში დავეხმარებით," - აღნიშნა გაბედავამ.

ხობის მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, ხათუნა გერგაიას თქმით, "ეტალონში" მონაწილე მოსწავლეები კონკურსის წესით შეირჩევიან.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, როზეტა შულაიას განცხადებით, ის, რომ ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეები "ეტალონში" მიიღებენ მონაწილეობას, სასიხარულოა.

"დღევანდელ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ხობი კიდევ ერთხელ ითამაშებს "ეტალონში," ეს ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ხობის მუნიციპილიტეტის მოსწავლეები "ეტალონში" მონაწილეობას ხშირად იღებენ და გამარჯვებულებიც გვყავს. ბუნებრივია, მოსწავლეები გადაცემისთვის კონკურსის წესით შეირჩევიან," - აღნიშნა როზეტა შულაიამ.

მისი თქმით, ყველა სტრუქტურა უნდა გაერთიანდეს, რომ ნებისმიერი მუნიციპალიტეტის სახე "ეტალონში" კარგად წარმოჩინდეს.

"პრივატბანკის“ წარმომადგენელმა მირანდა ქარდავამ მოსწავლეებს ახალი პროექტის, "იუნიორ ბანკის" შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"პრივატბანკი" სხვა ბანკებისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენ გვაქვს "იუნიორბანკი" და "იუნიორ ბარათი." ბარათს სხვადასხვა ფუნქცია აქვს და რაც მთავარია,  საბანკო ოპერაციებს საკომისიოს გარეშე განახორციელებთ," - აღნიშნა მირანდა ქარდავამ.