ჯვრის ქვესადგურისა და ეგხ-ების მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია

31 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 500/220 კვ ჯვრის ქვესადგურისა და ეგხ-ების მშენებლობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტის პრეზენტაცია საჯარო განხილვისთვის, რომელიც მომზადებულია ფონდი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის“ მიერ.
პროექტი წარმოადგინა „ენერგოტრანსი“-ს ტექნიკურმა დირექტორმა ჯემალ ახალაიამ, გარემოს დაცვის სპეციალისტმა ანდრო ხეთაგურმა, გარემოს დაცვის ექსპერტმა ირაკლი კაკილაძემ და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა.
ამჟამად არსებული მაღალი ძაბვის ხაზის ქსელის მოდერნიზაცია და ახლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად მთავრობამ გადაწყვიტა გააუმჯობესოს ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი დღევანდელი მოთხოვნების და საექსპორტო პოტენციალის საჭიროების შესაბამისად.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოს მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), KFW-ს და EC(NIF) - ის მხარდაჭერით ახორციელებს ზემოთხსენებულ პროექტს, პროექტის ღირებულება შეადგენს 70 მლნ ევროს.
პროექტის განხორციელების გეგმა დააკმაყოფილებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
პროექტის შემადგენლობაში შედის ახალი 220 კვ ქვესადგურ „ჯვარიდან“ ახალ 220 კვ ქვესადგურ „ხორგა“-მდე 220 კვ ორჯაჭვა საჰაერო გადამცემი ხაზის მშენებლობა და აღჭურვა, რომლის საერთო სიგრძე იქნება 60 კმ.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია ქვესადგური „ხორგა“, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და დამთავრდება 2016 წლის ივლისისთვის.
ქვესადგური აშენდება ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულის გაღმა ხორგის უბანში, დაახლოებით 13,5 ჰა ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ქვესადგურის ქონებრივი ღირებულება 30 მლნ ევრო იქნება, რაც ხობის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქვესადგურის მშენებლობაზე პერიოდულად დასაქმდება 200-მდე ადამიანი, რაშიც პრივილეგიებით ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს ამ დარგში კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება ქვეკონტრაქტორი კომპანია.
პრეზენტაციას საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.