ლაშქრობა „ტობა-ვარჩხილის“ მიმართულებით

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს  ინიციატივით „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, „ახალგაზრდული ტურიზმის“ პოპულარიზაციის მიზნით,  მიმდინარე წლის   27-31 აგვისტოს  ხორციელდება  ლაშქრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.  ლაშქრობა დაგეგმილია 4-5 დღის განმავლობაში „ტობა-ვარჩხილის“  მიმართულებით.  პროექტი,   რეგიონში  მცხოვრებ  ახალგაზრდებს,  მათი  განვითარებისა და  ხელშეწყობის მიზნით   აწვდის ინფორმაციას და   უმაღლებს ცნობიერებას  ახალგაზრდული ტურიზმის პოტენციალისა და საჭირო უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბების  შესახებ, რათა  შემდგომში ახალგაზრდებმა თანამოაზრეებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ მსგავსი ტურები,  ეს კი,  თავისთავად,  დასაქმების საკითხის ხელშეწყობას  უწყობს ხელს.  ლაშქრობის მონაწილეებს ჩაუტარდებათ  ტრენინგ-სემინარები ტურიზმის განვითარების წინაშე მდგარი პრობლემატური საკითხების შესახებ. სამინისტრო   მონაწილეებს    კვებით, საძილე ტომრებითა და ყველა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფს.
   პროექტში ჩართულია   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს ლაშქრობის მოსაწყობად საჭირო ინვენტარისა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ტრანსპორტირებას. ლაშქრობაში მონაწილეობას იღებს აღნიშნული დაწესებულებიდან 5 ბენეფიციარი.
 ხობის მუნიციპალიტეტიდან  ლაშქრობაში  მონაწილეობს   ტურიზმით დაინტერესებული სამი  ახალგაზრდა. ხობიდან ახალგაზრდების ტრანსპორტირებას  მუხურამდე (ლაშქრობის საწყისი პუნქტი)  და ლაშქრობის დამთავრების შემდეგ - ხაიშიდან ხობამდე -უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა.