ტურიზმის განვითარება და რესურსები ხობის მუნიციპალიტეტში


ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარგია, ხოლო გეოგრაფიული არეალის მიხედვით ყველაზე ფართო. იგი, როგორც, ინდუსტრია, არის სხვადასხვა საქმიანობის, წარმოებისა და მომსახურების ნაკრები, რომლის დანიშნულებაა ცალკეული ადამიანებისა და ადამიანთა ჯგუფების მოგზაურობის უზრუნველყოფა ტრანსპორტით, განთავსებით, საზოგადოებრივი კვების დაწესებულებით, სავაჭრო ობიექტებით, გართობისა და სტუმართა მომსახურების სხვა საშუალებებით.
ტურისტული ინდუსტრია ადამიანის რეკრეაციულ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა აწყობილი. ყველაზე სასურველი რეკრეაციული რესურსებია: 1. ბუნებრივ-რეკრეაციული, 2. ისტორიასთან და კულტურასთან დაკავშირებული რესურსები. გასათვალისწინებელია ადამიანთა მისწრაფებები, არის ჯგუფები, რომელთაც იზიდავს გამართული ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივ-კულტურული გარემო, რომელიც ბევრი ადამიანის თავშეყრის, დასვენებისა და გართობის საშუალებას იძლევა. არის ადამიანები, რომლებსაც პირიქით, ისეთი გარემო იზიდავთ, რაც მათ განმარტოების საშუალებას აძლევს. ტურისტული საქმიანობა დიდად არის დამოკიდებული ინვესტიციების მოზიდვაზე, ინფრასრუქტურის განვითარებასა და პროფესიული კადრების მომზადებაზე. ტურისტულ საქმიანობას პროფესიული გაძღოლა სჭირდება. 
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ხობის მუნიციპალიტეტში სათანადო რესურსი არ არის, არადა საქმე პირიქითაა, ამის გამოულეველი მარაგი გაგვაჩნია. დღეისათვის თუ არ ჩავთვლით ხობის მონასტერში მომლოცველების ჯგუფების მოსვლას, ეს დარგი მთლიანად ჩამკვდარია და რესურსები გამოუყენებელი, რასაც აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები.
ხობი გეოგრაფიულად კოლხეთის გულია. მისი ფართობი 676 კვ. კილომეტრია. რელიეფის მიხედვით იყოფა შემდეგ ნაწილებად: 1. ჭურია-ხობისწყალ-რიონის შუეთის ვაკე-დაბლობი; 2. ურთის მთა; 3. ჭიხუს ბორცვნარი; 4. ბიის მაღლობი; 5. ზენის ვაკე-დაბლობი. დასავლეთიდან მუნიციპალიტეტს ესაზღვრება შავი ზღვა. ანაკლია-ჭურიისა და ნაბადის ჭაობს 33710 ჰა ფართობი უკავია, რომელიც 1936 წლიდან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭაობების სიაშია შეტანილი. აქ შემორჩენილია ულამაზესი ფრაგმენტები ველური ბუნებისა, რომელიც მდიდარია კოლხეთის ფლორის რელიქტური და ენდემური სახეობებით. კოლხური ჭაობიანი ტყეები სერიოზული ტურისტული პოტენციალის მატარებელია. აქ არის მდინარეები, ,,პაპანწყვირესა’’ და ,,ნაზმახუს’’ კარსტული ტბები, ურთის მთაზე ბევრია მღვიმეები, ვერტიკალური შახტები, კანიონები, ამოდის ცაიშისა და მენჯის გოგირდშემცველი თერმული წყლები.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 182 არქეოლოგიური ძეგლია, 28 ნაეკლესიარი, 13 ეკლესია, 14 ციხე-კოშკი. 
ასე რომ ხობის მუნიციპალიტეტი ძალიან მდიდარია როგორც ისტორიული, ასევე ბუნების ძეგლებით. აქ ცხოვრობს სტუმართმოყვარე და ტრადიციების მიმდევარი ხალხი.
გამომდინარე ხობის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობიდან, ჩვენს ტერიტორიაზეა კოლხეთის ეროვნული პარკის მნიშვნელოვანი ნაწილი, გასათვალისწინებელია პალიასტომის ტბისა და ფოთის ფაქტორი, აქ გადის ზემო სვანეთისკენ მიმავალი საავტომობილო ტრასა, ცხადია რეგიონში იზრდება ტურისტების რაოდენობაც. ტურისტული ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში ინტენსიურად ვითარდება და ამ პროცესებს არც ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ. ტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, ეს პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშია. ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება, ხობში შეჩერდეს ზემო სვანეთსა და ზუგდიდის მუზეუმში მიმავალი ტურისტი, 2010 წელს ხობის მონასტერში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძველ დადიანთა საფლავის უნიკალურ აღმოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოყვა, ამის შესახებ გადაიცემოდა სხვადასხვა სატელევიზიო კომპანიების მიერ, ბევრი იწერებოდა პრესაში, რასაც მოყვა ზემოთ დასახელებულ ობიექტებში მიმავალი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების უწყვეტ ნაკადად ხობის მონასტერში შემოდინება. სხვა საკითხია, როგორ ვხვდებოდით მათ, განსაკუთრებით უცხოელებს, რადგან ჩვენ არ გვაქვს არც სასტუმროები, არც კვების ობიექტები და საერთოდ არანაირი ინფრასრუქტურა, რომელიც ოდნავ მაინც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არაფერს არ ვამბობთ ამ საქმისთვის მომზადებულ გიდებისა და თარჯიმნების შესახებ.
ტურიზმის რა სახეები შეიძლება განვითარდეს ჩვენთან?
1. მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ყველაზე პოპულარულია კულტურული ტურიზმი, იგი მიმღები ქვეყნისთვის საკმაოდ შემოსავლიანად ითვლება, რადგან კულტურული ტურისტები სხვებზე გაცილებით მეტს ხარჯავენ. ტურიზმის ეს სახე იმათთვისაა, ვინც ინტერესდება ისტორიული ძეგლებით, ხელოვნებით, ტრადიციებით, ზნე-ჩვეულებებითა და საზოგადოების ყოფითი უნიკალური თავისებურებით. კულტურული ტურიზმის მოყვარულებისთვის ხობს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია: 
ხობის მონასტერი, იგი ძველი დადიანებისა და ცოტნეს საძვალეა, რაც უდავოდ ზრდის რელიგიური ტურიზმის მიმდევრების რაოდენობას ჩვენს მუნიციპალიტეტში. საჭიროა ზრუნვა ხობიდან წაღებული სიწმინდეების, განსაკუთრებით კი ღვთისმშობლის კვართის დაბრუნებაზე. ტურისტისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება, თუ მონასტრის ეზოში აღმოჩენილ ძველკოლხურ ნამოსახლარზე ღია ცის ქვეშ მოეწყობა მონასტერშივე აღმოჩენილ მასალების ექსპოზიცია.
კულტურული ტურიზმის მიმდევრებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ძველი ხიბულის ციხის, ზემო ბიის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის, ზენისა და გაღმა საჯიჯაოს ციხეების, ხეთაში ,,ჩეოხვამეს’’ ეკლესიის, ჯეგეთის არქიტექტურული კომპლექსის, სოფელ პირველ მაისში წმ. სოფიოს ეკლესიის, ჯახუთის ციხის და სხვა ობიექტების დათვალიერება. ამ ობიექტებს ძალიან მიმზიდველი ბუნებრივი პირობები აქვთ, სადაც საპიკნიკე ადგილებიც არის. ზოგიერთ მათგანზე შეიძლება საპანორამე კოშკის მოწყობა, შესაძლებელია ცხენებით გასეირნების ორგანიზებაც. ამ ობიექტებს, გარდა ხობის მონასტრისა სათანადოდ მომზადება სჭირდებათ: საჭიროა გზებისა და ბილიკების მოწესრიგება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გასაწმენდია ხე-მცენარეებისა და ნარ-ეკლისაგან. ძეგლებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია საზაფხულო ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკის მოწყობის მეშვეობით, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალგაზრდების დასვენებას, პატრიოტულ აღზრდას, სპეციალისტების მეთვალყურეობით ძეგლებზე ჩატარდებოდა გაწმენდითი სამუშაოები და ამავე დროს ახალგაზრდები გაეცნობოდნენ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს. მსგავსი პრაქტიკა ჩვენს რაიონში არსებობს, სწორედ ასეთი ბანაკის მეშვეობით გაიწმინდა სოფელ ხამისკურში ხეთისა და ძველი ხიბულის ციხე. სოფელ ძველ ხიბულაში ტურისტების ვიზიტებს გაზრდის ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმის მოწყობა იმ სახლში, სადაც მან თავისი სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. 
მუნიციპალიტეტში ამოუწურავი არქეოლოგიური რესურსი გაგვაჩნია. არქეოლოგიური ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პერსპექტიული მიმართულებაა. იგი ითვალისწინებს ტურისტების ვიზიტს არქეოლოგიური გათხრების ადგილებში და მასში გარკვეული დოზით მონაწილეობის მიღებას. სოფელ დღვაბაში სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ჯგუფს გერმანელ არქეოლოგებთან ერთად დაწყებული აქვს სამუშაოები ძველ კოლხურ ხელოვნურ მიწაზვინულზე, რომელსაც ,,ტაბაკონას დიხაგუძუბა’’ ქვია. იგი სანახაობრივად ძალიან შთამბეჭდავია. 
ტურისტების მოზიდვის მიზნით გასათვალისწინებელია ტრადიციული და მასობრივი სანახაობითი ღონისძიების მოწყობა, რომელიც ტურისტების მოზიდვის მნიშვნელოვანი წყაროა, ამ მხრივ ჩვენთან არსებობს გამოცდილება, ვინაიდან აქ ტრადიციულად ტარდება, ,,მეგრული სიმღერების’’ ფესტივალი, ,,ცოტნეობის’’ სახალხო დღესასწაული, ამას შეიძლება დაემატოს ხობის მონასტრის სატაძრო დღესასწაულის ,,მარიამობის’’, ზემო ბიაში ,,მალანურობის’’, ,,ჯეგეთის გიორგობის’’, სპორტის ცხენოსნური სახეობების ჩატარება.
პეინტბოლი-არის ტექნიკურ-სპორტული თამაშების ექსტრემალური სახეობა, რომელიც გულისხმობს შეზღუდულ ტერიტორიაზე საბრძოლო ქმედებების იმიტირებას. ჩვენთან არის ადგილები, სადაც შესაძლებელია საფრანგეთის ცნობილი ,,ბოიარდის’’ მსგავსი პროექტის განხორციელება, რომელიც შეიძლება დავუკავშიროთ მითიური კოლხეთის მეფის აიეტის გამოცანებს არგონავტებისადმი, რაც უდავოდ გაზრდის მისადმი ინტერესს და სავარაუდოდ ბევრ ტურისტს მოიზიდავს.
ჩვენთან შესაძლებელია თემატური სასტუმროს მოწყობაც, ასე მაგალითად ხეთის ციხეში მისი მეცნიერული შესწავლის შემდგომ, ისე რომ არ დაირღვეს ციხის არქიტექტურული სახე, შეიძლება იგი ისეთ სასტუმროდ გადაკეთდეს, რომელშიც ტურისტს ექნება შუა საუკუნეების განცდა და როგორც წესი მისი მომხმარებლები ,,ძვირად ღირებული’’ ტურისტები არიან. 
ხობის მუნიციპალიტეტში არსებული რესურსები კოლხეთის ეროვნული პარკი, შავი ზღვის სანაპირო, ურთისა და ბიის მთების მასივები, ჭიხუს ბორცვნარი, მდინარეები- რიონი, ხობისწყალი, ჭანისწყალი, მუნჩია, ცივი..., ტბები-,,პაპანწყვირე’’ და ,,ნაზმახუ’’, კოლხური ჭაობიანი ტყეები, მღვიმეები და გამოქვაბულები იძლევა ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის გადამფრენი ფრინველების ტრასა, ბევრი მათგანი აქ იზამთრებს, აქ არის კოლხური ხოხობის სამშობლო და ცხადია იგი ძალიან მიმზიდველია ბერდვოჩერებისთვის-ფოტომონადირეებისთვის.
არსებობს შესაძლებლობა დაივინგის- წყალქვეშა ტურიზმის ერთ-ერთი აქტიური სახეობის განვითარებისა. წყალმცენარეებთან და წყლის ბინადრებთან ერთად ჩაძირული სხეულების- გემების, თვითმფრინავების, ისტორიული ძეგლების დათვალიერებისა. 
რაფტინგი მდინარეზე გასაბერი ნავით დაშვებას გულისხმობს. ჩვენი მდინარეები და მათ ნაპირებზე არსებული ეკოსისტემა ტურიზმის ამ სახეობის განვითარებისათვის ზედგამოჭრილია.
ურთის მთაში არსებული მღვიმეები, ვერტიკალური შახტები, კანიონები ხელსაყრელია სპელეოტურიზმის განვითარებისთვის, ძალიან მიმზიდველია ზღვაზე გასეირნება და იქიდან ლანდშაფტის დათვალიერება. ვინაიდან ჩვენთან მრავალი საპიკნიკე ადგილია, ადვილად შესაძლებელია ტურისტული ტურების მოწყობა კარვებში ღამისთევით (თევზაობა, სანახაობრივი ღონისძიებები, ლაშქრობები...).…
ნებისმიერ კულტურულ საზოგადოებაში სტუმარს მოცემული ტერიტორიის ღირსშესანიშნაობების შესახებ პირველ წარმოდგენას უქმნის მუზეუმი. ტურისტი პირველ რიგში აქ გრძნობს საზოგადოების დამოკიდებულებას წარსულისადმი, ბუნებისადმი, მის კულტურულ და განსაკუთრებით ესთეტიკურ დონეს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. დროის მოთხოვნათა შესაბამისად იგი მოითხოვს რიგი სამუშაოების ჩატარებას. პირველ რიგში საჭიროა ექსპოზიციის განახლება, როგორც შემეცნებითი, ასევე ვიზუალური კუთხითაც. დამთვალიერებლების მოზიდვის მიზნით ჩასატარებელია სარეკლამო ღონისძიებები.
ამრიგად, საჭირო ინვესტიციების მოზიდვის, სწორი დაგეგმვისა და პროფესიული კადრების მომზადების შემთხვევაში ხობის მუნიციპალიტეტი ტურისტებისათვის ძალიან სასიამოვნო და სასურველ რეგიონად იქცევა. 
თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ ხობის მუნიციპალიტეტი ტურისტებისათვის სასიამოვნო და მიმზიდველ რეგიონად იქცეს. რა თქმა უნდა აუცილებელია ფინანსები, სწორი დაგეგმვა და პროფესიული კადრების მომზადება.
ხობის მუნიციპალიტეტში პირველ რიგში მოსაწესრიგებელია ხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მის გარეშე არანაირ აღმასვლებს ტურისტულ მოძრაობაში არ უნდა ველოდოთ. აუცილებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
აუცილებელია ქალაქის ცენტრში ტურისტების მისაღებად და მათი მომსახურებისათვის გიდებისა და ექსსკურსიამძღოლებისათვის სპეციალური ოთახის, პირობითათ ,,ტურისტული ცენტრის’’ მოწყობა, აგრეთვე ტურისტების მოსასვენებლად მინიმუმ ოთხი ოთახის მოწყობა ჩასატარებელია სათანადო სამუშაოები, იმისათვის რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესდეს და მოაწყოს ოჯახური სასტუმროები.
ამ ეტაპზე შესაძლებელია მინიმუმ ორი ტურისტული მარშრუტის მომზადება: 
1) ხობის მონასტერი-ბონდის ხიდი მდ. ხობისწყალზე-ჯახუთის მღვიმე მდინარეების ხობისწყლისა და ჭანისწყლის შესართავთან-ზენის ციხე სოფელ საჯიჯაოში-ხიბულის ციხე სოფელ ძველ ხიბულაში-გამასპინძლება ტრადიციულ ოჯახებში; 
2) მეგრული სიმღერის მუზეუმი- ჭიხუს ძველკოლხური ნამოსახლარი, წმ. სოფიოს ტაძარი-ხეთის მუზეუმი-მიქანგარიოს გამოქვაბული-პაპანწყვირეს ტბა-ხეთის ციხე-ჯეგეთა;
3) ტურისტულ კალენდარში შეიძლება აღინიშნოს ,, ცოტნეობის’’ საერო-საეკლესიო დღესასწაული, რომელიც 12 აგვისტოს აღინიშნება, სასურველია იგი მინიმუმ ორდღიანი იყოს და დაიტვირთოს ეროვნული ტრადიციული სანახაობებით, მაგალითად ცხენოსნური სპორტული სანახაობებით.
4) ტურისტულ კალენდარში აღინიშნოს ,, მეგრული ხალხური სიმღერების საეღთაშორისო ფესტივალი, რომელიც რამდენიმე დღიანია, იმართება ორწელიწადში ერთხელ სექტემბრის თვეში.
ობიექტების აბსოლუტურ უმრავლესობა არ არის მზად ტურისტების მისაღებად, არქიტექტურული ობიექტები გასაწმენდია ხე-მცენარეებისაგან, მოსაწყობია ბილიკები, ხიდ-ბოგირები, შესაკეთებელია გზები, უნდა იდგეს საპირფარეშოები...
უნდა დაიდგას სარეკლამო ტურისტული ბანერები, მათ შორის ყულევის საზღვაო ტერმინალთან. აუცილებელია ციფრული და ანიმაციური ბანერების განთავსება ინტერნეტ სივრცეში.
ამრიგად, არსებობს რესურსი, მას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ გამოყენება სჭირდება.