გუბერნატორის სამადლობელი სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურს


მიმდინარე წლის 3 ივნისს მდინარე აბაშის სათავეში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია წყლის დონის უეცარი მატება. ამ დროს მდინარის კანიონში, სოფელ ინჩხურის ტერიტორიაზე ექსკურსიით იმყოფებოდა 16 მოსწავლე რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან. ბავშვები უკვე კანიონში იყვნენ, როდესაც წყალმა ადიდება დაიწყო. ისინი გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.
შემთხვევის ადგილზე მყოფი სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მობილიზებულ იქნა რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო დანაყოფები.
მაშველებმა აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და სიმამაცე. რთული სამაშველო ღონისძიებების გატარების შედეგად, მაშველთა სიცოცხლის რისკის ფასად, მოსწავლეთა ჯგუფი გადარჩენილ იქნა.
აღნიშნულ სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დანაყოფი. სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ მადლობა გამოუცხადა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მაშველებს.