ქ.ხობის №1საჯარო სკოლის ისტორიიდან


საბედნიეროდ საქართველოში მრავალი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ქართული სასკოლო ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია, მათ შორის ერთ-ერთი ხობის №1 საჯარო სკოლაა, იგი ერთ-ერთი უძველესია ახალი დროის  სკოლებს შორის რადგან დაარსებულია 1875 წელს იგი 135 წლისაა. სამწუხაროდ ჩვენთვის უცნობია ვინ იყო სკოლის დაარსების ინიციატორი XIX საკუნის რამდენიმე მოძღვარის გვარი და სახელიღა ვიცით. სკოლა იქ იდგა, სადაც დღეს მრგვალ ფასადიანი შენობა დგას, იგი ხის ოდა სახლს წარმოადგენდა. XIX საუკუნეში ხობი ნოჯიხევის თემში შედიოდა, აქ 1886 წელს ცხოვრობდა 346 კომლი აქედან ნოჯიხევში 215, ხობში 131 კომლი. კავკავსიის სამოსწავლო მხარის მზრუნველის ოფიციალური ანგარიშის მიხედვით: 1885 წელს მასწავლებელი იყო გიორგი ფერაძე, ხოლო ზედამხედველი ივანე იესეს ძე შონია, 1887 წელს -მასწავლებლები იყვნენ ფარნაოზ ფიჩხაია და ივანე ლიფონავაზედამხედველი ივანე შონია 1888 წელს სკოლას 106, 1889-1898, 1892 წელს 110, 1902 წელს 151 მოსწავლე ჰყავდა. დროისა და კომლთა რაოდენობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა რაოდენობა და შესაბამისად სწავლის წყურვილი, დიდი იყო.
            სასკოლო ცხოვრება, საზოგადოების დამოკიდებულება სკოლისადმი და სკოლის როლი საზოგადოების ცხოვრებაში ასახული XIX-XX  საუკუნის ქართულ _ რუსულ პრესაში: გაზეთ “ივერიის“ 208 ნომერში ხობის სკოლის მასწავლებელი მ.პ.ლიფონავა წერს: სკოლის ახალი შენობის აშენების შესახებ საზოგადოებას გამოუყვია 2500 მანეთი, მოსწავლეები ახალი შენობის აგებამდე დროებით სასამართლოს შენობაში გადაუყვანიათ. იგი აღნიშნავს: ,,...იმედია ბატონი ივაკა ჯორჯიკია, როგორც თავი კაცი ამ საზოგადოებისა, როგორც პირველი დამწყები და გულშემატკივარი ამ საქველმოქმედო საქმისა უკანასკნელად არ დაიშურებს მეცადინეობას და ჩინებულად დაწყებულს ჩინებულადვე დააგვირგვინებს.
 ამავე გაზეთის 1890 წლის 47 ნომერში კი აღნიშნული, რომ 12 თებერვალს ხობში დიდი ხანძარი ყოფილა, ყველა შენობა გარდა სკოლისა დამწვარა...
            გაზეთ ,,ივერიის“ 1892 წლის 266 ნომერში კი წერია ,,...წარსულ 29 ნოემბერს აქაურს ნორმალურ სკოლაში ქართული წარმოდგენა იყო გამართული, რომლის შემოსავალი, ხარჯს გარდა დანიშნული იყო ამავე სკოლის სასარგებლოდ, წარმოადგინეს ,,ბაიყუში.  მოთამაშეები იყვნენ: ქალბატონი ჯორჯიკიასი და ბატონი ერ. შარაშაძეა.გვასალია და სხვანი: მოთამაშეებმა თავიანთი როლი მშვენივრად შეასრულეს. საზოგადოება გვარიანად დაესწრო და ყველანი დიდად ნასიამოვნები დარჩნენ. იმედია ჩვენი ახალი სცენის მოყვარულნი შემდეგში გამართავენ წარმოდგენებს თავისდა სასახელოდ და გასართობად, შემოსავალი დარჩა სკოლას სამ თუმნამდის. ესეც კარგი შესამატია პატარა სასწავლებლისათვის.“
,,დიდება საქართველოს ეკლესიისა“
            გაზეთი ,,ცნობის ფურცლის“  1898 წლის 504 ნომერში, სკოლის მმართველი ვლადიმერ იესეს ძე  გაგუა მადლობას უხდის  ლევან ხუხიას, რომელსაც სკოლისთვის შეუწირავს ოქროს ვარაყიანი ჩარჩოში ჩასმული საბინინის სურათი ,,დიდება საქართველოს ეკლესიისა“ ასეთი შემოწირულობა ფასდაუდებელი და ძვირფასი განძია ჩვენი სკოლისათვის,“- აღნიშნავს ავტორი.
            ამავე გაზეთის 1898  წლის 557 ნომერში კი წერია ,,...მოგვხედა ღმერთმა და ორი წელიწადია რაც მთავრობამ დაგვინიშნა მასწავლებლად ვლადიმერ გაგუა და მიხა ღაჭავა ამ პატიოსანმა პირებმა სკოლა ფეხზე წამოაყენეს. სკოლა ახალი ყავრით გადახურეს და კედლები შეღებეს, ეზო შემოაკავეს და შიგ დარგეს მრავალგვარი ხეხილის მცენარეები. სკოლას დაუდგინეს ცალკე სამზარეულოც... ბატონ მიხა ღაჭავას ლოტბარობით შედგა ამ სკოლაში რუსული გალობის ხორი, რომელიც სასიამოვნო მოსასმენია. დიდ მადლობას უძღვნის ჩვენი საზოგადოება საღმრთო რჯულის მასწავლებელს ნესტორ სანაიას რადგან ესენი პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და დიდი ქების ღირსნიც არიან ასეთი სიკეთისთვის.“
წერს ავტორი სოლომ იოსავა.
            გაზეთ ,,ივერიის“  205 ნომერში გამოქვეყნებულია ხობის სკოლის მასწავლებლის ნოე მკურნალის წერილი, რომ ხობის სკოლაში ამ სკოლის გამგის ვ.გაგუას თაოსნობით  რუსეთის ფრინველების მომშენებელ საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას გაუმართავს კრება, რომელსაც 320 ადამიანი, მათ შორის იონა მეუნარგიაც დასწრებია, კრებაზე ქუთაისის განყოფილების წარმომადგენელს ხობის სკოლის გამგის გ.გაგუასთვის გადაუცია სიგელი, რომელიც სასწავლებელს მიუღია ბოსტნეულის წარმოდგენისათვის ქუთაისში გამართულ გამოფენაზე 1899 წელს.
            ,,24 მარტს ხობის ნორმალურ სკოლაში მასწავლებლებისა, მოსწავლეებისა და დაბის მოვაჭრეების თანდასწრებით, მამა ნესტორ სასანიამ გადაიხადა ორმოცის პანაშვიდი დაუვიწყარის პოეტის რაფიელ ერისთავის სულის მოსახსენებლად“, იუწყება ალექსანდრე კამახიძე 1901 წლის გაზეთ ,,ცნობის ფურცელის“ 1432 ნომერში.
            ხობის №1 სკოლას ძალიან დიდი ისტორია აქვს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ XX საუკუნის 30-იან წლების დამდეგს იგი ათწლედად გადაკეთდა, ამ სკოლაში მრავალი ჩვენი ქვეყნის ღირსეული ადამიანი დაეუფლა მეცნიერებათა საფუძვლებს, მათ შორის ბევრი მეცნიერი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, ამ სკოლაში გმირებსაც უსწავლიათ: მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავიათ ზნეობრივ გმირებს-წმ.ცოტნე აღმსარებლის გზის გამგრძელებელს ჟიული შარტავას და ხობელთა ბოლოდროინდელ დიდ ტკივილს მარად ჭაბუკად დარჩენილ მიხეილ (მიშიკო) იოსავას...
           
ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია

გაზეთი ,,ხობის მოამბე“ №1-26 იანვარი 2011 წელი

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!