ხობის VI საერთაშორისო ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე“

ქ. ხობმა მეექვსედ უმასპინძლა ტრადიციად ქცეულ საერთაშორისო ფესტივალს „სიმღერა სამეგრელოზე, რომელიც 28 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა და ორი დღეა გრძელდება. ღონისძიება ფონდ „ხობის“ პატრონაჟით და მაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას ეგიდითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. იგი მეგრული სიმღერის პოპულარიზაციას ემსახურება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფოლკლორის განვითარების საქმეში. პროექტის ფარგლებში „მზიურის ფესვებიდან“, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ლეგენდარული „მზიურის“ ყველა თაობის წარმომადგენელმა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა კონცერტი სამეგრელოს რეგიონის მხატვრული კოლექტივების მონაწილეობით. გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშები, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა ფაცხებში დაეგემოვნებინათ მეგრული კერძები. ფესტივალს კულტურის სამინისტროსა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ ხობის საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა ფონდ „ხობის“ გამგეობის წევრი ბატონი ბადრი ბერაია, ბიზნესმენები - ბატონები მერაბ ჭოჭუა და თენგიზ ხარებავა. ფესტივალის დასასრულს გაიმართა გალა კონცერტი ანსამბლ „მზიურის“ შესრულებით.