ხობის სასწრაფო დახმარების ბრიგადა მანქანის გაუმართავობის გამო ავარიაში მოყვა

ხობის რაიონული  საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა მანქანის გაუმართავობის გამო ავარიაში მოყვა.

როგორც „Frontnews“–ს ადგილობრივებმა აცნობეს, სასწარაფო დახმარების ბრიგადის განკარგულებაში ორი გაუმართავი ავტომობილია, თუმცა ამ საკითხით არც საავადმყოფოს მფლობელი, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ და არც ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესებულან.

„გვიან ღამით ხობიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე ხორგაში გავიდა. მძღოლის სავარძელი დამაგრებული არ არის, არ იხურება კარი, არ უმუშავებს ფარები და როდესაც ბრიგადა გამოძახებიდან უკან ბრუნდებოდა, დაახლოებით 03:00 საათისთვის ის ავარიაში მოყვა. კერძოდ, მძღოლი კახა კვაშილავა შეეჯახა ძროხას, რომელიც ღამის განათების არარსებობის გამო ვერ შეამჩნია და რადგან მანქანის კარი არ იხურება, მძღოლი თავისი სავარძლიანად გადავარდა ავტომობილიდან, თავად მანქანამ კი სვლა განაგრძო და შემდეგ თხრილში ჩავარდა. ექიმმა თამრიკო მხეიძემ ძლიერი დარტყმის შედეგად მანქანის წინა მინა გაამტვრია და თხრილში გადავარდა. ამ დროისთვის ის ბარძაყის მოტეხილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექთანს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება, მაგრამ მძიმედ არ არის“ – განაცხადეს ადგილობრივებმა.

ავარიაში მოყოლილთა დასახმარებლად ექიმები ხობიდან სასწრაფოს მეორე მანქანის უქონლობის გამო ვერ გავიდნენ და დაშავებულებს გამვლელმა უშველა.

ადგილობრივთა ინფორმაციით, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მომხდარის გამო აბაშიდან კიდევ უარესად გაუმართავი ავტომობილი ჩამოიყვანა, „რათა მანქანის არარსებობა სალაპარაკო არ გახდეს.“