ექსკლუზივი: ხობში პოლიციამ ტაქსის დაყაჩაღების საქმე დამალა


შს ხობის სამმართველოს თანამშრომლებმა რაიონის ტერიტორიაზე მომხდარი შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დამალეს და მას სისხლის სამართლებრივი მსვლელობა არ მისცეს, - ამის შესახებ "ნიუპოსტს" ძალოვნებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.

წყაროს ცნობით, რამდენიმე დღის წინ ხობში, ე.წ. მეურნეობის ტერიტორიაზე სამმა უცნობმა პირმა ხობის ცენტრში დაქირავებული ტაქსი გააჩერა, ერთმა მათგანმა კი ტაქსისტს ყელზე დანა დაადო და მანქანიდან გადმოსვლა აიძულა. მეორე თავდამსხმელმა ტაქსისტს დღის განმავლობაში გამომუშავებული თანხა წაართვა, რის შემდეგაც სამივემ მანქანით მიმალვა სცადა, თუმცა, ძრავის ამუშავება ვერ შესძლეს.

წყაროს ცნობით, ამ დროს პოლიციაში ზარი შევიდა: სავარაუდოდ, დარეკა თვითმხილველმა, რომელიც შორიდან ადევნებდა თვალს პროცესებს. საპატრულო პოლიციის ერთი ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გავიდა, თუმცა, თავდამსხმელებმა მიმალვა მანამ მოასწრეს, სანამ პოლიციელები ადგილზე მივიდოდნენ.

ყაჩაღობის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ტაქსის მძღოლი გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის შეეტყობინებინა, რის შემდეგაც უკან გაბრუნდნენ.

"ნიუპოსტმა" დაადგინა დაზარალებული ტაქსისტის ვინაობა და მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა. ფრიდონ ნადარეიშვილმა მომხდარის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა, "ნიუპოსტთან" საუბარში დაადასტურა, რომ მასზე თავდასხმა მოხდა: "ყაჩაღებს მე ვერ შევაკავებდი, ძმაო, რაც მოხდა, მოხდა, უარესები ხდება", - უთხრა ფრიდონ ნადარეიშვილმა "ნიუპოსტს".

"ნიუპოსტის" წყაროს ცნობით, ყაჩაღობის მეორე დღეს ხობის პოლიციის უფროსის მოადგილემ საგანგებო თათბირი ჩაატარა და თანამშრომლები გააფრთხილა, რომ მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ხმები პოლიციიდან არ უნდა გასულიყო.

შსს-ს გენინსპექციის ან სხვა სამართალდამცავი სტრუქტურის მხრიდან მომხდარი ფაქტით დაინტერესების შემთხვევაში, "ნიუპოსტი" მზადაა, წყაროს დაუსახელებლად, სამართალდამცველებს დამატებითი დეტალები გააცნოს.

www.newposts.ge