ცხრამეტი წელი დახმარების მოლოდინში


ყოფილი კოლხეთის მეურნეობის კუთვნილი შენობა
ხობის მუნიციპალიტეტში, ყოფილი კოლხეთის მეურნეობის კუთვნილ შენობაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 35 და შვიდი ადგილობრივი ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. კორპუსის მობინადრეები ჰყვებიან, რომ 19 წელია მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან და დახმარებას როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებიდან, ასევე დევნილთა სამინისტროდან უშედეგოდ ითხოვენ. ავარიულ შენობაში წვიმის წყალი ჩადის, აყრილია იატაკი, დაზიანებულია შენობის კარ-ფანჯარა. დევნილების თქმით, ძლიერი წვიმის დროს საცხოვრებელთან მისასვლელი გზა იტბორება და ბავშვები სკოლაში წასვლას ვერ ახერხებენ. დასახლებაში პრობლემაა სასმელი წყალიც.

„გვენგრევა სახლი თავზე. გვაწვიმს, გვათოვს, ყურადღების მომქცევი კაციშვილი არ არის. რამდენჯერმე ვუთხარით პრობლემის შესახებ გამგეობას, ლტოლვილთა სამინისტროს. არავითარი ყურადღება არ არის. აქ არ იცხოვრება. მე არ ვიცი, რას ფიქრობს ეს ხალხი და რას აკეთებენ იქ. ათი წლის წინ თიხის ოთხ ფილას ვითხოვდით გადასახურად და ახლა სახლი გვენგრევა თავზე“, - ამბობს დავით ჯეჯია.

„19 წელია აქ ვცხოვრობ და არანაირი ყურადღება არ არის არავისგან. მოდიან დაპირებებით და დაპირებებით მთავრდება ყველაფერი. არ ვიცით - გვასახლებენ, არ ვიცით - გვტოვებენ. ვისთან არ მივედით, მაგრამ პასუხი არ გვაქვს. ყველაზე დიდი პრობლემა არის გზა, წვიმის დროს აქ ვერანაირად ვერ გაივლი. მუხლებამდეა წყალი“, - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ლალი ძველაიამ.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის რევაზ წულაიას განცხადებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გეგმავს უახლოეს მომავალში  ხობში განახორციელოს 400 ათასი ლარის ღირებულების პროექტი, რომლის ფარგლებშიც დევნილებს წყალი მიეწოდებათ.

„შედგენილი არის საკმაოდ მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს არა მარტო კოლხეთის დასახლებას, არამედ მთლიანად ხობის წყალსადენის სათავე-ნაგებობას, მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია და რეაბილიტაციის შემდგომ სრულიად იქნება გამოსწორებული მდგომარეობა როგორც მთლიანად ქალაქ ხობში, ასევე კოლხეთის დასახლებაში“, - ამბობს რევაზ წულაია.

მისივე განმარტებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეცდება დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხრეშვის სამუშაოები მაინც ჩაატაროს, რადგან  ამ ეტაპზე ტერიტორიის მოასფალტება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესისთვის“ წერილობით გაგზავნილ პასუხში ნათქვამია, რომ „კოლხეთის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსები, სადაც  აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, უკვე ჩასმულია სარეაბილიტაციო შენობების ნუსხაში და მათი რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში იგეგმება“.
თამარ ზანთარაია