ნანა გვასალია: "ჩვენ გვამარცხებს ზედმეტი კომპრომისულობა და აღმოსავლური შემგუებლობა"

მიმდინარე პოლიტიკური ვითარების შესახებ პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ფილოლოგი და იურისტი ნანა გვასალია გვესაუბრა.

- ქალბატონო ნანა, ვიდრე საერთო პოლიტიკურ ვითარებაზე ვისაუბრებდეთ, ხომ არ მოუყვებოდით მკითხველს რაიონში და საერთოდ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაზე?

– მოგეხსენებათ, პერიფერიებში ცენტრალიზებული პოლიტიკის "შემდგომი პერიოდია". როგორც ადრე, არც ახლა გააჩნიათ დამოუკიდებელი პოლიტიკა მუნიციპალიტეტებს. ყოველივე მოჩვენებითია. არავითარი სუვერენიტეტი, არავითარი დამოუკიდებელი აზრი, საკრებულოების ხელმძღვანელები ზემოდან წამოსული, მითითებული აზრისა და მითითებების აღმსრულებლები არიან. რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას, როგორც სრულიად საქართველოში, ისე ჩვენთან, ადგილებზე რაღაცის შეცვლის მოლოდინია. ვერ გეტყვით, კიდევ რამდენი ხანი შეძლებს საზოგადოება ასეთ რეჟიმში ყოფნას, მაგრამ რაღაც რომ ნამდვილად შეიცვლება, ეს აშკარაა.

- და ვინ უნდა შეცვალოს?

- ხალხმა, საზოგადოებამ და, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებულმა ტალღამ. ხელისუფლებამ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ამოწურა და რაიმე ახლის შემოთავაზების უნარი ნამდვილად არ შესწევს, პირიქით, ყოველი მისი ქმედება დესტრუქციად, კომფრონტაციად აღიქმება საზოგადოებაში. ეს უპირველესად ნდობის დაკარგვის შედეგია. ხალხი არ ენდობა ხელისუფლებას. ეს უკანასკნელი კი ყველაფერს აკეთებს მის დასაბრუნებლად, მაგრამ ,, როდის ყოფილა ნასროლი ტყვია, კვლავ თოფის ლულას დაბრუნებოდეს?!""

მოკლედ, ოპოზიციის მიმართ მოლოდინი დიდია. ვნახოთ, თუ შესძლებს ამ მოლოდინის გამართლებას. მთავარია, ხალხის შეკვეთის მიზანმიმართულად აღსრულება.

- თუ ხალხი წინააღმდეგია, მაშინ როგორ ინარჩუნებს მმართველობას ხელისუფლება?

- სახელმწიფო, როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური იარაღია და მისი ეფექტურად გამოყენება ხელისუფლებაში კანონიერად ყოფნის გარანტია! მაგრამ ეს მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი დიქტატურის გზას არ ადგას. ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი ცუდისკენაა მიმართული. ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხის მოქმედება მის ნება-სურვილს არ გასცდეს. ამ დროს კი ილახება უმთავრესი – თავისუფალი ნება არჩევანისა. ჩვენს მთავრობას ხელს აძლევს გაუნათლებელი ხალხი, რადგანაც მათი მართვა უფრო ადვილია, ვიდრე განათლებული საზოგადოებისა და თუ ჩვენ გონიერი ერი ვართ, მაშინ ხმა უნდა ავიმაღლოთ იმ უკეთურების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს ბუნებრივ არსს უპირისპირდება.

- და რაში ხედავთ გამოსავალს?

_ ამ შეხედულებათა დამსხვრევაში. კიდევ ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი: ჩვენთან ნაკლებად ცდილობენ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, რაც ჩვენი ხასიათის კომპრომისულობასა და აღმოსავლურ შემგუებლობაზე მიუთითებს. ძნელია ხასიათის გადაკეთება, მაგრამ თავდახრილად სიარულსა და სიბეჩავეზე ნამდვილად უარი უნდა ვთქვათ. ღირსებისათვის ბრძოლა უნდა გავიხადოთ არსებობის მიზნად და ვეცადოთ, რომ პოლიტიკური მეტოქე, ამ შემთხვევაში ხელისუფლება, მორალურად წამგებიან პოზიციაში ვამყოფოთ. ამას მაშინ მოვახერხებთ , თუ ოპოზიციური ძალები ერთმანეთს არ დავერევით და წინააღმდეგობის ვექტორს მთლიანად მმართველი ძალისკენ მივმართავთ.

- რამდენადაა თქვენი პოლიტიკური გუნდი ამისათვის მზად?

–ჩვენი როგორც ცენტრალური, ისე რაიონალური გუნდი ერთ მუშტად შეკრული ძალაა. ჩვეთან არ არიან სხვადსხვა პოლიტიკური მიმართულებისა და აზროვნების ადამიანები. ყველაზე მეტად კი ის მეამაყება, რომ ჩვენს გვერდით ის ადამიანები არ არიან, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღეს მონაწილეობა.

- როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, თქვენი პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეროვნული თანხმობაა?

– მესმის, რატომაც დამისვით ეს კითხვა. მინდა გითხრათ, რომ ეროვნული თანხმობა ბოროტებასთან შეგუებას კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელი საკითხების გარშემო თანხმობას ნიშნავს.

- თქვენს პოლიტიკურ პარტიაზე არ დაგისრულებიათ საუბარი?

– პარტია "განახლებული საქართველოსთვის" თავმჯდომარე გახლავთ ნანა გულუა. მე მომწონს ეს ქალბატონი ყველა იმ კეთილშობილი თვისების გამო, რაც მას შრომით, სწავლითა და წვალებით შეუძენია და ყოველმხრივ პასუხობს ე.წ პოლიტიკური ელიტის მოთხოვნებს. ამაზე ის ინტერვიუ, წერილები და კომენტარები მეტყველებეს, რომლებიც სისტემატურად იბეჭდება პერიოდიკაში. მით უფრო, მას პირადად ვიცნობ და მწამს, რომ არაფერია მისი სიტყვის მიღმა დაფარული. პარტიის საერთაშორისო მრჩეველი გახლავთ ბატონი მინდია გულუა, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მჯერა, რომ იგი თანამედროვეობის უკეთილშობილესი პოლიტიკოსი და მეცენატია.

რას ჰპირდებით ამომრჩეველს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში?

–პარტია "განახლებული საქართველოსთვის"" ყველაფერს გააკეთებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დედასამშობლოში დასაბრუნებლად. იბრძოლებს ჩვენს ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატის აღსადგენად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მასმედია იყოს თავისუფალი, სასამართლო გახდეს აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ხელს შეუწყობს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, რომლის მიზანი იქნება არა ერთეული ჩინოვნიკების გამდიდრება, არამედ ქართული სახელმწიფოს შინაგანი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამის შესასრულებლად ყველანაირი რესურსი აქვს.

და ბოლოს, რა სურს ნანა გვასალიას და რა მიაჩნია უდიდეს ბედნიერებად?

– ნანა გვასალიას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ბედნიერება სურს. სულ ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი, ვარ ინგლისური ენის, სპეციალისტი (ფილოლოგი) და სამართალმცოდნე. მინდა მე და ჩემს თაობას სამართლიანი ასპარეზი მოგვეცეს საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. თუ თანამდებობებისთვის ბრძოლაზეა მინიშნება, ამაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია. საამისოდ ჯერ ჩემზე გამოცდილ ადამიანებს უნდა მიეცეთ ასპარეზი.
რაც შეეხება ბედნიერებას, რაოდენ ბანალურადაც უნდა გამომივიდეს, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უდრტვინველი, უშფოთველი ცხოვრება.

დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

–თქვენც დიდ მადლობას გიხდით ჩემით დაინტერესებისთვის.

ნათია გოგუა