ხობში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა



7 მარტს ქ. ხობის  კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში  დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი საესტრადო ჟანრის ღონისძიება გაიმართა, სადაც ხობში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები, სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილი და საპატიო ქალბატონები იყვნენ მიწვეულნი.
ღონისძიებაში, რომელიც  ხობის მუნიციპალიტეტის  გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, კულტურის ცენტრთან არსებული ცეკვისა და სიმღერის სტუდიის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
საღამოს მუნიციპალიტეტის გამგებელი  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად  ესწრებოდა. მან დამსწრე საზოგადოებას ქალთა საერთაშორისო დღე სცენიდან მიულოცა და დღევანდელ მსოფლიოში ქალების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება: დღევანდელი დღე ერთ-ერთი ულამაზესი და უდიდესი დღესასწაულია დღესასწაულთა შორის, რადგან ის ბუნების მშვენიერ ქმნილებას  - ქალს უკავშირდება.  ქალი სიცოცხლის, სამყაროს საწყისია, რადგან მისი უპირველესი მისია დედობაა და, სწორედ, დედით იწყება ყოველი ადამიანისათვის სამყარო. ამიტომ ქალთა დღე უპირველესად დედებს მინდა მივულოცო, განსაკუთრებული სითბოთი მინდა მოვეფერო, რადგან შვილი დედის წინაშე მუდამ ვალდებულია. გარდა დედობისა, ქალის როლი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ სფეროში, ოჯახში, საზოგადოებაში, პოლიტიკაში, მით უმეტეს ქართველი ქალისა, რომელიც აკვანთან ერთად ხმალსაც ატარებდა.“ -აღნიშნა გამგებელმა.