ზუგდიდში მუნიციპალიტეტების განვითარების 2012-2017 წლების სამოქმედო გეგმები წარმოადგინეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ და გაეროს განვითარების პროგრამების ფარგლებში, წალენჯიხის, ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტების განვითარების სამოქმედო გეგმები წარმოადგინეს.
გეგმებში პრიორიტეტები  ინფრასტრუქტურისა და სოციალური პრობლემების მოგვარებას ენიჭება და მათ შემუშავებაში ადგილობრივი თემების და თვითმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

–„დღევანდელი პრეზენტაცია არის შემაჯამებელი ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სათემო მონაწილეობის პროცესისა. რის შედეგადაც შეიქმნა პუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები. მასში არის ასახული ყველა ის პრიორიტეტები, რომელიც უნდა შესრულდეს,“– განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პროექტის მენეჯერმა ფლორიან დელონემ.

მუნიციპალიტეტების განვითარების სამოქმედო გეგმა 2012-2017 წლებს მოიცავს და პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება.

მსგავსი პროგრამები შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 32 მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს. თითოეულ მუნიციპალიტეტს კი 100-დან 500 ათას ლარამდე ღირებულების პროექტის წარდგენა შეუძლია.
ავტორი: სოფო ხუბულავა