ცხინვალში დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი საგვიჩიოში


17-26 აგვისტოს სოფელ საგვიჩიოში ჩატარდა 2004 წელს სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებული ჯარისკაცის კობა შუბითიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საგვიჩიოსა და ქვემო ქვალონის ფეხბურთელთა გუნდები. ფინალური მატჩი დამთავრდა ანგარიშით 2: 1 საგვიჩიოელთა გამარჯვებით. მეორე ადგილზე გავიდა ქვალონის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი ახალი სოფლის ფეხბურთელებმა მოიპოვეს. დაჯილდოების ცერემონიალზე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპული ჯარისკაცის ხსოვნას. მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ მადლობა გადაუხადა მშობლებს სულიერი სიმხნევისათვის, გუნდებს ტურნირში მონაწილეობისათვის და განაცხადა რომ ,,სიცოცხლე მანამ გრძელდება , სანამ ხსოვნა რჩება ,ამიტომ ეს ტურნირი, კიდევ ერთი დადასტურებაა ამ ხსოვნის სიძლიერისა და უსასრულობისა.’’ კობა შუბითიძის სახელობის ტურნირი გამგეობის მიერ ოფიციალურად შეყვანილ იქნება ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ სატურნირო კალენდარში და ეს იქნება მოკრძალებული მადლიერება მისი სიცოცხლისა და მისი ხსოვნისა ყველა თაობის ხობელისაგან.