2009 წლის აპრილის არქივი


30-აპრილი-2009

საფეხბურთო მატჩი
30 აპრილს ხობში გაიმართა მორიგი საფეხბურთო მატჩი საქართველოს პირველი ლიგის დასავლეთის ზონის ხობის ``კოლხეთი`-სა და ლანჩხუთის `გურია`-ს გუნდებს შორის. ანგარიში 1 -0 გაიმარჯვა ხობის `კოლხეთ`-მა. ხობის ``კოლხეთი`` 36 ქულით ინარჩუნებს მე-5 ადგილს. მომავალი თამაში გაიმართება 5 მაისს ფოთის ``კოლხეთთან.``
28-აპრილი-2009

ჭადრაკის ტურნირი
28 აპრილს 13:30 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დაიწყო 7 დღიანი ტურნირი ჭადრაკში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის, რომლის მიზანია ახალგაზრდების ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ნაკრები გუნდის გამოვლენა. ტურნირი დაფინანსდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
24-აპრილი-2009

ტრენინგი გერმანული ენის პედაგოგებისათვის
24-25 აპრილს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გოეთეს ინსტიტუტის თბილისის გერმანული ენის კულტურის ცენტრი ხობის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გერმანული ენის პედაგოგებისათვის ატარებს ტრენინგს „მოსმენა გერმანული ენის გაკვეთილზე“ ტრენინიგი 2 დღიანია და მოიცავს 8 საათს. ტრენინგის შემდეგ მუნიციპალიტეტის 25 პედაგოგს გადაეცემა გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატები.
24-აპრილი-2009

გამგებელი განაგრძობს შეხვედრებს მოსახლეობასთან
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ი.ტყებუჩავამ სოფელ საჯიჯაოში, ახალ ხიბულასა და ძველ ხიბულაში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდგომ,24 აპრილს 13:00 საათზე მორიგი შეხვედრა გამართა სოფელ ხეთის მოსახლეობასთან. განხილულ იქნა სოფლისათვის აქტუალური და პრობლემატური საკითხები. საუბარი შეეხო განსახორციელებელ პროექტებში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის აუცილებლობას, დასაქმების პრობლემებს. სხვა და სხვა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. გამგებელი ხეთის მოსახლეობას შეჰპირდა ``სოფლის მხარდაჭერის პროგრამის`` დროულად და ხარისხიანად შესრულებას. ასევე დაჰპირდა დახმარებას საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებაში. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ბატონმა იგორმა აღნიშნა, რომ ის მიესალმება კონსტრუქციულ ოპოზიციას, ``ჩვენ ყველას ქვეყნის სატკივარი უნდა გვაერთიანებდეს, მოვალენი ვართ მოვუსმინოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები, მაგრამ არა გვაქვს უფლება დავუშვათ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა და რადიკალიზმი. ხეთის მოსახლეობამ გამგებელს, ხელისუფლების კურსის გაგრძელებაში თანადგომა გამოუცხადა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამგებელმა დაათვალიერა ხეთის საჯარო სკოლა და ბაგა-ბაღი.
23-აპრილი-2009

საჯარო სკოლების ქსელის მუშაობა
23 აპრილს პირველი მაისის საჯარო სკოლაში ჩატარდა ქსელის მუშაობა, სადაც ჩართული იყვნენ ხეთის, წინაგოლის, ხამისქურის, თორსის საჯარო სკოლები. თემა იყო ძალიან აქტუალური, რადგან ეხებოდა მშობელთა პედაგოგიზაციასა და მათ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში“. მასპინძელმა სკოლამ ქსელის მონაწილეებს შესთავაზა ქართულის გაკვეთილი მე-11 კლასში (პედაგოგი თეა ვადაქარია) შემდეგ კი ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული თამაში „ბავშვები, მასწავლებლები, მშობლები“. (ხელმძღვანელი პედაგოგი ნინელი ხუხია) თამაში გაიმართა რამდენიმე ნომინაციაში. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ საჩუქრები. ქსელის მუშაობას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.
23-აპრილი-2009

ფეხბურთი
23 აპრილს ხობში გაიმართა საფეხბურთო მატჩი საქართველოს პირველი ლიგის დასავლეთის ზონის ხობის ``კოლხეთი``-სა და ჭიათურის ``მაღაროელი``-ს გუნდებს შორის. ანგარიში 0 -2 გაიმარჯვა ჭიათურის ``მაღაროელ``-მა. ხობის ``კოლხეთი`` ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს მე-5 ადგილს.
22-აპრილი-2009

ხობში ფიტნეს კლუბი გაიხსნა
21 აპრილს ქ.ხობში კოსტავას ქუჩა #3 გაიხსნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაიჯანსაღოს სხეული თანამედროვე სავარჯიშო ტრენაჟორების საშუალებებით. მამაკაცთა და ქალთა მრავალპროფილიან სექციებს ხელმძღვანელობენ კვალიფიციური სპეციალისტები.
21-აპრილი-2009

სააღდგომო ლიტურგია
ხობის ღვთიმშობლის მიძინების ტაძარს გამგეობამ საჩუქრად გადასცა და დაუმონტაჟა ხმის გამაძლიერებელი აუდიო სისტემა, რომლითაც გახმოვანებული სააღდგომო სადღესასწაულო ლიტურგია უფრო ადვილად მისაწვდომი იყო მრავალრიცხოვანი მრევლისათვის.
19-აპრილი-2009

აღდგომა
გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
17-აპრილი-2009

კალათბურთის ტურნირი საჯარო სკოლებს შორის.
17 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის , განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ჩაატარდა ხობის პირველობაზე კალათბურთის ტურნირი ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაზე მონაწილეობა მიიღო 11-მა საჯარო სკოლის გუნდმა, რომელშიც პირველი ადგილი დაიკავა ხობის #1 საჯარო სკოლამ, მეორე ადგილი დაიკავა ახ. ხიბულის საჯარო სკოლამ, მესამე საპრიზო ადგილი საჯიჯაოს საჯარო სკოლის გუნდმა. გუნდებს გადაეცა I-II-III ადგილებისათვის დაწესებული თასები.
16-აპრილი-2009

საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები. დამუშავებულია მიწის 665 ჰა ფართობი. ტერიტორიაზე არსებულ 20 სოფელს მომსახურეობას უწევს მოძრავი ტექნიკის 67 ერთეული.
15-აპრილი-2009

დანიის ლტოლვილთა საბჭოს ტრენინგი ხობში
ლტოლვილთა დახმარების პროგრამების განხორციელებისათვის ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დევნილთა დახმარების განსახორციელებლად თანამშრომლობისათვის 12:00 საათზე გამგეობის დარბაზში დანიის ლტოლვილთა საბჭო ატარებს ტრენინგს: ``ერთობლივი გადაწყვეტილებები გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია-საქართველოში მცხოვრები დევნილების მოგვარებისაკენ გადადგმული ნაბიჯები.``
14-აპრილი-2009

14 აპრილი ქართული ენის დღე
14 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის , განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ინიციატივით გაიმართა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც დაიწყო რადიო გადაცემით თემაზე ``ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.`` მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით წარმოდგენილ იქნა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. დარბაზში გაფონელი იყო ნორჩი მხატვრის ჯანო ლატარიას ნამუშევრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და საზოგადოების წარმომადგენლები.
12-აპრილი-2009

გილოცავთ ბზობას - ბაიაობას
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.
11-აპრილი-2009

საფეხბურთო მატჩი ``ხობი``–``სამტრედია``
16:00 საათზე ქ. ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა შეხვედრა I-ლიგის დასავლეთ ზონის საფეხბურთო გუნდებს: ხობის ``ხობი``–სა და სამტრედიის ``სამდრედია``–ს შორის. მატჩის მეორე ტაიმზე სტუმართა კარში გოლი გაიტანა 11 ნომრით მოთამაშემ გ.გაგუამ. მატჩი ხობელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.
09-აპრილი-2009

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა
ქ.ხობში 11:00 საათზე 9 აპრილის სახელობის სკვერში გაიმართა 9 აპრილის ტრაგედიის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება სადაც მონაწილეობა მიიღეს ხობის მოსწავლე ახალგაზრდობამ და საზოგადოებამ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონ იგორ ტყებუჩავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა მამუკა ჭოხონელიძემ პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულთა ნათელ ხსოვნას. გამგებლის ინიციატივით სკვერის ტერიტორიაზე ხეივნის გასაშენებლად დარგეს კლეპტომერიის ნარგავები მამა ილიამ ხობის მონასტერში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად გადაიხადა პანაშვიდი.
08-აპრილი-2009

საკლუბო დაწესებულებების საანგარიშო კონცერტები.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ხობის კულტურის ცენტრი ატარებს საანგარიშო კონცერტებს მუნიციპალიტეტის საკლუბო დაწესებულებებში. მიმდინარე საანგარიშო კონცერტი გაიმართა 8 აპრილს სოფელ თორსისა და ხეთის საკლუბო დაწესებულებებში.
07-აპრილი-2009

მანუჩარ ცხადაიას უნგრეთის ოქროს გრანპრი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს დებიუტი.
საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უნგრეთში `` ოქროს გრანპრიზე`` წარმატებით იასპარეზა. ტურნირის გამარჯვებული 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა ხობელი მანუჩარ ცხადაია. ასევე მანუჩარ ცხადაიამ 4 აპრილს ვილნიუსში ევროპის პირველობის ტურნირზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მან დაამარცხა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი მანსუროვი, ასევე 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი სტივ ჟენო.
06-აპრილი-2009

ხობის #1 საჯარო სკოლა გამარჯვებულთა შორის
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოავლინა, საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის თემაზე საგანმანათლებლო კვირეულში მონაწილე 20 აქტიური სკოლა. მათ შორის ხობის #1 საჯარო სკოლა. გამარჯვებულ სკოლებს მინისტრი გადასცემს სერთიფიკატს, პორტატულ კომპიუტერს და ვიდეოპროექტორს.
01-აპრილი-2009

ხობის კულტურის სასახლეში ჩატარდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო
2009 წლის 31 მარტს, ხობის კულტურის სასახლეში ჩატარდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო. სიტყვით გამოვიდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: მამუკა ჭოხონელიძე, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი: დალი გერგაია, საკრებულოს წევრი გოგი ქაჯაია, ხობის საზოგადოების წარმომადგენელი ეფრემ გოგოხია და სხვები. ღონისძიებაში მონაწილეობდა ხობის კულტურის სახლის ანსამბლი ``კოლხეთი``
01-აპრილი-2009

დაფუძნდა საადვოკატო ცენტრი
2009 წლის 1 აპრილს ხობში გაიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საადვოკატო ცენტრის პრეზენტაცია. საადვოკატო ცენტრი დააფუძნა ადვოკატმა ლაშა რეკვავამ.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!