ხობელი წარმატებული ახალგაზრდა ქეთი გაბრავა მაგისტრატურას მილანის პრესტიჟულ უნივერსიტეტში გააგრძელებს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ქეთი გაბრავა მორიგ დიდ საერთაშორისო წარმატებას აღწევს. ბაკალავრიატის დასრულებისთანავე იგი ჩაირიცხა მაგისტრატურაზე და სწავლას იტალიაში, მილანის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, კვლავ საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გააგრძელებს.
ქეთი გაბრავამ პირველი მაისის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ამის შემდეგ მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე განაგრძო და უნივერსიტეტის სტიპენდიატიც გახდა.
საუკეთესო აკადემიური მოსწრების პარალელურად, ქეთი ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის, მაღალ დონეზე ინგლისურსა და ფრანგულს. იგი აქტიურად არის ჩართული არაფორმალურ განათლებასა და საერთაშორისო პროექტებში. მის ანგარიშზეა არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებულის სტატუსი, უცხოეთში გავლილი ტრენინგები და მოხალისეობრივი გამოცდილება პოლონეთსა და რუმინეთში. გარდა ამისა, იგი სტაჟირებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადის.
ვულოცავთ ქეთის ამ მორიგ დიდ მიღწევას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ.





