ნუნუ შოთაძე-იოსავა - მასწავლებელი, ბიის საშუალო სკოლის ყოფილი დირექტორი

 



ქალბატონი ნუნუ 1934 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა თერჯოლაში, ოქროს მედალზე დაამთავრა თერჯოლის საშუალო სკოლა, იმავე წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1957 წელს იგი დაოჯახდა და საცხოვრებლად სოფელ ბიაში გადმოვიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს. იმავე წელს სწავლა დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა და როგორც მე-3 კურსის სტუდენტმა, მუშაობა დაიწყო ბიის საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. სადაც მომავალი თაობის აღზრდას დაუთმო 56 წელი.

1968-1969 სასწავლო წელს, დაინიშნა დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე სასწავლო-აღმზრდელობით და სკოლის ბიუჯეტის მუშაობის დარგში, ამ პოსტზე 10 წლის განმავლობაში იღვაწა. ამის შემდეგ კი იგი სკოლის დირექტორად დაინიშნა.

სოფლის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ სკოლის ახალი შენობის აშენებას, თუმცა წლები გავიდა და ეს ვერ განხორციელდა. ქალბატონმა ნუნუმ, უკვე როგორც დირექტორმა, სკოლის პროექტი უკვე თავად წარადგინა. დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო - 3 თვეში პროექტი მშენებლობის გეგმაში ჩაისვა, დაიწყო სკოლის მშენებლობა  და სოფელმა ახალი, თანამედროვე სკოლის შენობა მიიღო, ქალბატონი ნუნუს დამსახურებით. 1980-იანი წლებიდან მან მოღვაწეობა კვლავ პედაგოგად განაგრძო, ხოლო 2010 წლიდან დამსახურებულ პენსიაზე გავიდა. სოფელში მას სიყვარულითა და პატივისცემით იცნობენ, როგორც „ნუნუ მასწავლებელს“.

10 ოქტომბერს ქალბატონი ნუნუ 92 წლის ხდება, იგი ბედნიერი ადამიანია - ჰყავს სამი შვილი (ორი ვაჟი და ქალიშვილი), 5 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი. ქალბატონ ნუნუს მადლობას ვუხდით იმ დიდი ღვაწლისა და ამაგისთვის, რაც მან გასწია მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, იმ უნიკალური სკოლისთვის, რომელიც დღესაც ემსახურება ბიის სკოლის აღსაზრდელებს, ვუსურვებთ ნუნუ მასწავლებელს ჯანმრთელობას, დიდი ხნის სიცოცხლეს და თავისი საყვარელი შთამომავლობის წარმატებებით ტკბობას.

https://www.facebook.com/share/p/19McbXANwN/