„ახალი ოცნებების ასრულება გველოდება!...“



მოგესალმებით, მივესალმებით გაზეთ „ხობის მოამბეს“ რედაქციას, უკვე მეორედ მერგო პატივი, ამ გამოცემის საშუალებით გაგიზიაროთ ხამისქურის მოსახლეობის სიხარული. გვსურს გიამბოთ ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე, დასრულებული თუ დაგეგმილი პროექტებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების წარმატებების შესახებ.

როგორც ახალგაზრდებზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, მსურს თხრობა სწორედ მათი წარმატებით დავიწყო. 2025 წელს ხამისქურის საჯარო სკოლას 4 ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავდა, მათ რიგებს შეუერთდა მეხუთე წარჩინებული ხამისქურელიც, რომელმაც ხობის საჯარო სკოლა დაამთავრა. თითოეული მათგანი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ღირსეულად დააჯილდოვა, მე კი სიამაყითა და სიხარულით ვუერთდები ამ ბედნიერ დღეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მერიაში გამართულ ღონისძიებაზე დასწრება ბევრმა ხამისქურელმა ვერ მოახერხა, მათ შორის მოხუცებმა, რომლებსაც ძალიან უხარიათ ბავშვების წარმატება, და პატარებმა, რომლებისთვისაც ეს დაჯილდოება სწავლის სტიმული გახდებოდა, გადავწყვიტეთ, ახალი ინიციატივით გამოვსულიყავით.

ჩემს სპეციალისტთან, ქალბატონ მონიკა ჭითანავასთან, ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორთან, ქალბატონ მზია ჟვანიასთან და საბავშვო ბაღის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ზაირა ქირიასთან ერთად, დავგეგმეთ ოქროს მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიების ჩატარება უშუალოდ ხამისქურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნებოდა.

ოქროს მედალოსნებისთვის მოვამზადეთ „წარჩინებული ხამისქურელის“ სიგელები და წამახალისებელი ფულადი პრიზები, ჯილდო, მაგალითი მუნიციპალიტეტის მერიიდან აგვღო და ეს ჩანაფიქრი წარმატებით განვახორციელეთ.

ღონისძიება საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა: აჟღერდა ხამისქურელი პოეტის, ჯუმბერ (კუჭუ) ქირიას ლექსები; ადგილობრივმა ბავშვებმა კი თამამად დადგეს და შეასრულეს სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომერი. საღამოს ნამდვილი კულმინაცია გახლდათ პატარა დემეტრე კუკავას სიმღერა, რომელმაც (მაშინ ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა) სრულიად აღაფრთოვანა საზოგადოება.

ჩვენს საზეიმო შეხვედრას, სტუმრის სტატუსით, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილე დავით ბერაია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ანა არაბული ესწრებოდნენ. ღონისძიებამ იდეალურად ჩაიარა.

იმ დღის შემდეგ პატარა დემეტრემ სხვადასხვა სატელევიზიო საბავშვო გადაცემაში არაერთხელ ასახელა თავისი გვარი, სოფელი და მუნიციპალიტეტი, რისთვისაც საჯარო მადლობას ვუხდი მას, მის მუსიკის მასწავლებელსა და ბაღის ხელმძღვანელობას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს და ახალ წარმატებებს დაპყრობას ვუსურვებ.


მადლიერებას გამოვხატავ საბავშვო ბაღის აღმზრდელებისა და მათ ხელმძღვანელს, ასევე სკოლის დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს მიმართ. ხამისქურის მოსახლეობას კი ვუსურვებ, კიდევ ბევრი მედალოსანი გაეზარდოს ქვეყნისთვის. საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ეს მინიმუმია, რაც შემიძლია ჩემს სამაგალითო ახალგაზრდებზე ვთქვა.



ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება, სოფელს არ ჰქონდა მოსასვენებელი სკვერი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულის სამივე სოფლის–საკუკავოს, ხამისქურისა და საქორიოს მოსახლეობამ გამოყოფილი თანხა გაერთიანა და ცენტრში სკვერის მოწყობა გადაწყვიტა. მოგვიანებით, ამ სკვერებს გარემონტებისთვის დავამატეთ ტრენაჟორები და პატარებისთვის განკუთვნილი სასრიალო ატრაქციონებიც დაემატა.

გარდა ამისა, რკინაბეტონის საფარით მოეწყო თორსა-ხამისქურის დამაკავშირებელი გზა, მოწესრიგდა სანაპირო არხები და ეზოებთან ბეტონის მისასვლელები გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წინასწარი დაპირებისა, მოსახლეობას მაინც უჭირდა დაჯერება, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა, თუმცა ბატონი დავით ბუკიას მერობის პერიოდში წარმოუდგენელი ოცნებები ნამდვილად სრულდება.

ამ სიტყვების დასტურია ხამისქურის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციაც, რაც ადგილობრივების კიდევ ერთი დიდი სურვილი გახლდათ. დღეს ბაღი ევროსტანდარტების დონეზე ემსახურება ჩვენს აღსაზრდელებს.

მოსახლეობის უდიდესი ოცნება ასევე იყო საკუთარი გზის რკინაბეტონის საფარით მოწყობა, რომელიც ბატონი დავითის მერობის პერიოდში ეს პროექტები განხორციელდა: კიდევ ერთი ახდენილ ოცნებად იქცა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც რჩებოდა საწუხარი—წუხილი სკოლის პრობლემის გამო. ეს საკითხი თითოეულ ჩვენგანს აწუხებდა, თუმცა ჩემთვის ორმაგად მტკივნეული იყო, რადგან არსებული შენობა სწორედ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში დაიხურა. ამ მოვლენებით პასიურები არასდროს ვყოფილვართ. პირიქით, მუნიციპალიტეტის მერმა არაერთი ბრძოლა გამოაიარა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ფარ-ხმალს არ ყრიდა არც სკოლის დირექტორი, ქალბატონი მზია ჟვანია და საბოლოო გამარჯვებაც ერთობლივი ძალისხმევით მოვიპოვეთ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბატონი რევაზ სოხაძე, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში პირადად ეწვია ჩვენს სოფელს და მოინახულა სკოლა. მან პირადად ნახა, რომ სოფელს ახალი, თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი სკოლა ქნებოდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გეოლოგიური და საპროექტო სამუშაოები, რაც ნიშნავს, რომ ძალიან მალე სკოლის ახალ შენობაზე ოცნებაც რეალობად იქცევა.

მთელი სოფლის სახელით, უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის, სკოლის დირექტორისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევაში.

წინ კიდევ ბევრი დაგეგმილი პროექტის განხორციელება და ახალი ოცნების ასრულება გველოდება.


მიმდინარეად ველოდებით 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობამ პრიორიტეტულ მიმართულებებად უკვე შეარჩია: სოფელ საკვიქვიოში სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდება, სოფელ ხამისქურში წყლის სათავე ნაგებობა მოეწყობა, ხოლო სოფელ საქორიოში, სოხუმის ქუჩაზე, რკინიგზის ხიდიდან არსებული ტერიტორია რკინა-ბეტონის საფარით და იფარება.

ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზის რეაბილიტაციას ველოდებით და მჯერა, ხამისქურელების ყველა დარჩენილი ოცნება აუცილებლად ასრულდება. ამის დარწმუნებით თქმის უფლებას საკუთარ თავს თამამად ვაძლევ, ვინაიდან ზურგს მიმაგრებს მუნიციპალიტეტის მერია, ქვეყნის ხელისუფლება და, რაც მთავარია, ჩვენი ღირსეული მოსახლეობა და წარჩინებული ახალგაზრდები. ისინი ყოველთვის გვერდით უდგანან მშვიდობისთვის, ტრადიციებისთვის, რწმენისა და განათლებისთვის მებრძოლ ადამიანებს.

კიდევ ერთხელ მსურს თქვენი გაზეთის მეშვეობით მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერიას, ქვეყნის ხელისუფლებას, ჩემს დაუღალავ გუნდს, ადმინისტრაციულ ერთეულსა და ადგილობრივ მოსახლეობას.

გაზეთ „ხობის მოამბის“ რედაქციას კი გაწეული შრომისთვის, გისურვებთ წარმატებებს და მკითხველთა მრავალრიცხოვან აუდიტორიას.

ირაკლი კუკავა,ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხამისქურის ადმინისტრაციულ ერთეულში.

გაზეთი,, ხობის მოამბე,, აგვისტო 2026 წელი