წარმატებული სამწვრთნელო-სპორტული მოღვაწეობისთვის, ჟიული პაჭკორია საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

 


ხობის მუნიციპალიტეტში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დაარსების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნახევარსაუკუნოვანი წარმატებული სამწვრთნელო-სპორტული მოღვაწეობისთვის, ჟიული პაჭკორია საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ვეტერან მწვრთნელსა და სპორტის ამაგს ჯილდო ხობის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბუკიას სახელით გადაეცა.

დაჯილდოება რომან გულიაშვილის სახელობის რეგიონული ტურნირის ფარგლებში გაიმართა. სიმბოლურია, რომ ჟიული პაჭკორიამ ხობში პირველი ვარჯიში 1976 წლის 20 ოქტომბერს ჩაატარა და მას შემდეგ საკუთარი ცხოვრება მთლიანად მუნიციპალიტეტში ამ სახეობის განვითარებასა და ჩემპიონების აღზრდას მიუძღვნა.

ჟიული პაჭკორიამ ჭიდაობა 1971 წელს, ქალაქ სენაკის (მაშინდელი ცხაკაია) სასპორტო სკოლაში დაიწყო. 1971-1975 წლებში მან დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი. მიღწეული წარმატებებისთვის მას მინიჭებული აქვს სსრკ სპორტის ოსტატის საპატიო წოდება. მისი პირადი სპორტული მიღწევებიდან აღსანიშნავია:

• საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (III ადგილი);

• სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“ ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ჭაბუკთა შორის (II ადგილი);

• თბილისის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (III ადგილი);

• სპორტსაზოგადოება „კოლმეურნეს“ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი დიდებს შორის (III ადგილი);

• თბილისისა და საქართველოს დიდთა ჩემპიონატების საპატიო IV ადგილის მფლობელი.

ნახევარსაუკუნოვანი სამწვრთნელო მოღვაწეობის განმავლობაში ჟიული პაჭკორიამ არაერთი თაობა და საერთაშორისო დონის ვარსკვლავი აღზარდა. მის ყველაზე ტიტულოვან მოსწავლეებს შორის არის მანუჩარ ცხადაია - ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო პირველობის ორგზის ვერცხლის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის მედალოსანი.

სხვადასხვა წლებში მისმა აღსაზრდელებმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს ადგილობრივ და საერთაშორისო არენაზე:

• ლევანი ესებუა და მზეჭაბუკი ჯიქია - მსოფლიო პირველობის მონაწილეები;

• პაპუნა დოჩია - მსოფლიო პირველობის V ადგილის მფლობელი;

• ალუდა ხუნჯუა - ევროპის პირველობის V ადგილის მფლობელი;

• გოჩა ბუკია - ევროპის პირველობის მონაწილე ჭაბუკებში;

• ბაკური ბუკია - საქართველოს ორგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის;

• გოდერძი გოგუა - საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის;

• ალმასხან ხუნჯუა - საქართველოს პირველობის მრავალგზის გამარჯვებული;

• ტრისტან ტკაჩოვი - საქართველოს დიდთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი;

• ზაალ ბერაია - საქართველოს მრავალგზის პრიზიორი ახალგაზრდებში.

ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კოლეგებმა და სპორტულმა საზოგადოებამ ჟიული პაჭკორიას მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. საპატიო ვეტერანსა და მწვრთნელს დიდ სპორტულ გზაზე მუდამ მხარში უდგას საკუთარი ოჯახი  -  მეუღლე მარინა კობახიძე და შვილები, ნინო და გიორგი პაჭკორიები, რომლებიც მისი ყოველი წარმატების უპირველესი გულშემატკივრები არიან.