ლევან იოსავა დაიბადა 1993 წლის 6 სექტემბერს, ულამაზეს სოხუმში. იმავე თვეს აფხაზეთი დაეცა და ჩვილი ლევანი ოჯახთან ერთად სასწაულებრივად გადარჩა.
მისი სასკოლო წლები ორ ქალაქს უკავშირდება — მერვე კლასამდე თბილისის მე-4 გიმნაზიაში (დღევანდელი ჩუღურეთის 102-ე საჯარო სკოლა) სწავლობდა, ხოლო მერვედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სწავლა ხობის №2 საჯარო სკოლაში განაგრძო. სწორედ ხობში გატარებულმა წლებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მისი სულიერი და მუსიკალური გზის ჩამოყალიბებაში.
ხობში ცხოვრებისას ლევანმა გალობა დაიწყო ხობის სამების საკათედრო ტაძარში, მამა კირიონის (დარასელია) სულიერი წინამძღვრობით. ამავე პერიოდში იგი უერთდება უფროსი თაობის ოსტატებს ანსამბლ „კოლხეთში“, რომელსაც ცნობილი ლოტბარი ნუგზარ ზარანდია ხელმძღვანელობდა. ლევანი განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით იხსენებს ბატონ ნუგზარს, როგორც უნიკალურ პიროვნებასა და დიდ მოვლენას არა მხოლოდ ხობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.
სკოლის დასრულების შემდეგ, ხობის საკათედრო ტაძრიდან მოძღვრის კურთხევით, ლევან იოსავამ მეგობრებთან ერთად სწავლა განაგრძო წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის სემინარიაში.
2013 წლიდან ლევანის შემოქმედებითი ცხოვრება თბილისში აქტიურად გაგრძელდა. 2013-დან 2021 წლამდე იგი გალობდა დიდუბის პანთეონის ღვთისმშობლის შობის ტაძარში. ამასთანავე, 2014 წელს გახდა ანსამბლ „გორდას“ წევრი და სოლისტი (გიორგი გორდელაძის ხელმძღვანელობით), ხოლო 2014-2015 წლებში მონაწილეობდა ანსამბლ „ოდაბადეს“ საქმიანობასა და კონცერტებში.
2016 წელი მის კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა — მან წარმატებით გაიარა კონკურსი და დღემდე მოღვაწეობს სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ სოლისტად. 2021 წლიდან კი ლევან იოსავა უერთდება ანჩისხატის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მგალობელთა გუნდს — იმ ისტორიულ ტაძარს, სადაც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით უძველესი საეკლესიო გალობის ტრადიციები აღდგა.
დღეს ლევან იოსავა 4 შვილის მამაა.
ვუსურვებთ ლევანს დიდ შემოქმედებით წარმატებებს, წინსვლას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ქართული კულტურისა და გალობის სამსახურში!
#წარმატებულიხობელები
#ხობელები #ხობარეფ
