გულნაზი გვალია - ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, პოეტი, პუბლიცისტი, მკვლევარი და ჰერმენევტ-ანალიტიკოსი.

 

ქალბატონი გულნაზი დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა. მისი პროფესიული საქმიანობაც მშობლიურ კუთხეში დაიწყო - პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ხობის N2 საშუალო სკოლაში, ხოლო მოგვიანებით ალიო მირცხულავას სახელობის პირველი ხორგის სკოლის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, დამთავრების შემდეგ, მისი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა ქართულ სიტყვასა და მწერლობას. 90-იან წლებში აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში, რის გამოც დევნილობაც გამოაიარა. მოგვიანებით პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში, სკოლა „თამარიონში“ განაგრძო. პარალელურად ეწეოდა ლიტერატურულ, პუბლიცისტურ და მეცნიერულ-კვლევით  მოღვაწეობას. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა  ჟურნალ „ცისკარში“, „მწერლის გაზეთში,“ „ლიტერატურულ საქართველოში,“ „ანეულში,“ და „იმერ-ამერში.“

ქალბატონი გულნაზი არის საქართველოს სამეცნიერო აკადემია „ფაზისის“ აკადემიკოსი და დავით აღმაშენებლის აკადემიის პროფესორი; საქართველოს მწერალთა კავშირისა და რუსთაველის საზოგადოების წევრი; სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „პრომეთეს ცეცხლის“ რედაქტორი და ლიტერატურულ გაზეთ „მზეკაბანის“ რედაქტორის მოადგილე; ავტორია 15-ზე მეტი პოეტური კრებულის, პროზაული ნაწარმოებების („დროისა და სივრცის მიღმა“), საბავშვო ლექსებისა და მრავალი ჰერმენევტულ-ანალიტიკური ნაშრომის (მათ შორის: „ჭეშმარიტება მიღმიეთიდან“, „გარდადაცვალება სიკვდილამდე“, „ქართული სიტყვის არითმოსოფიული ჰერმენევტიკა“ და სხვა). 

მის ლექსებზე შექმნილია არაერთი მუსიკალური კომპოზიცია. მისი სამეცნიერო-შემოქმედებითი მოღვაწეობიდან აღსანიშნავია გამოკვლევა — „ქართული ენის დიდება და მარადისობა“ იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის“ მიხედვით.

ქალბატონი გულნაზი თავისი კუთხისა და ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია, ვუსურვებთ მას ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხლეს, შემოქმედებით აღმავლობასა და ახალ-ახალ მწვერვალებს სამეცნიერო თუ ლიტერატურულ ასპარეზზე.

#ჩვენიდროისხობელები #ხობი #ხობელები

https://www.facebook.com/share/p/14quW67khzo/