ფერადი სამყარო, ისევ გელით პატარებო!..


        საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები დასასრულდა. დაწყებულია მზადება ახალი, 2026-2027 სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წლისთვის. 

გაერთიანება თავის მხრივ ზრუნავს მეთოდური სახელმძღვანელოებით, ეზოსა და ჯგუფის სათამაშოებით, საკანცელარიო და სამეურნეო საქონლითა და საჭირო რესურსებით მომარაგებაზე.

        სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში შემავალი 24 სტრუქტურული ერთეული,  43 ასაკობრივ ჯგუფში ჩარიცხული 600 აღსაზრდელით, 16 სექტემბერს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო წელს დაიწყებს

           როგორც ყოველ წელს, წელსაც დაცული იქნება ბავშვებისთვის განკუთვნილი კვებითი რეგლამენტი, რომლის შესაბამისადაც, სეზონური მენიუს  ფარგლებში ბავშვებს შევთავაზებთ ოთხჯერად კვებას, რომელიც დაბალანსებული იქნება მრავალფეროვანი პროდუქტებით, კალორაჟის სრული დაცვით. შემოდგომის მენიუს მიხედვით, ერთ ბავშვზე გათვლილმა კვების ღირებულებამ  8,37   ლარი შეადგინა.

         თუ თვალს გადავავლებთ და შევაჯამებთ გასულ სააღმზრდელო წელს, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული და ნაყოფიერი იყო. 

         2026 წლის 9 იანვარს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ოთხი წლის ვადით ავტორიზაცია მიენიჭათ ხეთის, ძველი ხიბულისა და პირველი ხორგის საბავშვო ბაღებს. საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესი გრძელდება.

         მარტის თვეში სკოლამდელმა სააღმზრდელო გაერთიანებამ მოაწყო ერთობლივი საღამო, რომელსაც არამარტო საბანკეტო, არამედ ერთგვარი საანგარიშო დატვირთვა ჰქონდა. 

შეხვედრაზე ერთხელ კიდევ  მოვეფერეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს და განავითარეს სკოლამდელი განათლების კულტურა და არაერთი თაობის პროფესიულ განვითარებაში შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი. მათი საქმიანობა მხოლოდ სამუშაოს შესრულებას არ გულისხმობს. ეს არის პროფესია, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, სითბოს, პასუხისმგებლობას, მუდმივ განვითარებასა და ბავშვის სამყაროს განსაკუთრებულად აღქმას. სწორედ ამიტომ, სკოლამდელი განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებისა და დამსახურების მქონე პროფესიონალები კოლეგებისა და მომავალი თაობებისთვის ფასდაუდებელ მაგალითს წარმოადგენენ. 

სკოლამდელი განათლების სფეროში მოღვაწე თითოეული პროფესიონალის ღვაწლი არის ისტორიის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად იქმნება  ბავშვების ღიმილით, მათი განვითარებითა და წარმატებით. 

საღამოზე გამოვლინდნენ წლის წარმატებული თანამშრომლები, რომლებსაც შესაბამისად, მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

         2021 წლიდან ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს. ივნისის თვეში გაერთიანება  სკოლამდელი განათლების განვითარებისთვის უნივერსიტეტის ახალ ინიციატივას შეუერთდა, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორობის გაძლიერებასა და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, ხობის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების აღმზრდელებს მიეცათ შესაძლებლობა, ფოთელი კოლეგებისთვის საუკეთესო პრაქტიკა გაეზიარებინათ.  ამ ინოვაციური იდეის ინიციატორი გახლდათ  ნატო ქობულაძე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ხარისხის განვითარების პროცესებში უმნიშნელოვანესი ფიგურა.

      შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის აღმზრდელ-პედაგოგებმა მრავალრიცხოვან აუდიტორიას გაუზიარეს წარმატებული პრაქტიკა პროექტზე დაფუძნებული სწავლების მიმართულებით, მშობელთა ეფექტიანი ჩართულობის მექანიზმები, მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადებისა და მათი საგანმანათლებლო გამოყენების გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებში მუსიკალური გემოვნების, რიტმის შეგრძნების, შემოქმედებითი აზროვნებისა და იმპროვიზაციის უნარების განვითარებას.

    განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვების, მშობლებისა და აღმზრდელების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებულმა პროექტებმა. 

წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მაკეტები – წისქვილი, თონე, რაკეტა, სკაფანდრები, თანამგზავრი, ტელესკოპი, პლანეტები და სხვა საგანმანათლებლო რესურსები. ასევე ექსპერიმენტები, სასწავლო ექსკურსიები, პრაქტიკის ბაზებზე განხორციელებული ვიზიტები, ბავშვების მიერ შექმნილი პროდუქტები და მშობლებთან ერთად დამზადებული ნამუშევრები, რაც ნათლად წარმოაჩენს სკოლამდელი განათლების პროცესში ოჯახისა და საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორობის მნიშვნელობას.

       გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკუსის ,,მწვანე ჯილდო 2026“-ის ფინალისტი უკვე მეოთხედ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი გახდა. აღმზრდელი ხატია გაბრავა, რომელიც მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა დიპლომით, ფასიანი საჩუქრითა და ფულადი ჯილდოთი. 

       კვლავ აქტუალურ თემად რჩება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა პროფესიული ზრდა-განვითარება. ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“ მიხედვით სრულად გადამზადებულია საბავშვო ბაღების აღმზრდელები,   ნაწილობრივ  მუსიკის მასწავლებლები და აღმზრდელის თანაშემწეები.  სექტემბრის თვეში დაგეგმილია მთავარი სპეციალისტების გადამზადება. 

      სპმთპ-ის ხობის რაიონული ორგანიზაცია მუდმივად გვერდში უდგას სკოლამდელ გაერთიანებას. ამჯერად ის სტრუქტურული ერთეულების მთავარი სპეციალისტების, აღმზრდელებისა და სამედიცინო პერსონალისთვის ,,პირველადი გადაუდებელი დახმარების“ ტრენინგს გვთავაზობს, რომელიც ოქტომბრის თვეში ჩატარდება.

          საბავშვო ბაღები კვლავ აქტიურად შემოგვთავაზებენ შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ, გასართობ თუ სხვა პროექტებს. 

ეკა ხასია
ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაის დირექტორი

გაზეთი „ხობის მოამბე“ #9 14 სექტემბერი 2026 წელი