განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ხობის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

 

ხობის კულტურის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ხობის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და  განათლებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ღვაწლმოსილი პედაგოგები - მედეა ვეკუა (ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლა), ლალი დვალიძე  (სოფელ თორსის საჯარო სკოლა), ლაშა სიჭინავა (ქალაქ ხობის №1 საჯარო სკოლა), მზია გირგვლიანი (სოფელ ბიის საჯარო სკოლა), ნინო ცხადაია (ესტატე შუშანიას სახელობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა) დაჯილდოვდნენ.

მინისტრმა გივი მიქანაძემ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო. 

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.