მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს და ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საჯიჯაოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მომავალ განვითარებას უკავშირდება.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯიჯაოს, ისევე როგორც სრულიად საქართველოს სკოლების მეთორმეტეკლასელებს, მივულოცო სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის სტუდენტობის დაწყება. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და ლაღ სტუდენტურ წლებს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, უმნიშვნელოვანესი იქნება თქვენი როლი, როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის, ისე სრულიად საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში.
საჯიჯაოს საჯარო სკოლას 2026 წელს სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალოსანი ჰყავს. ოქროს მედალოსნები არიან: ეთო კილასონია, მარიამ ოკუჯავა და ლუკა კუჭავა, ვერცხლის მედალოსანი კი ირაკლი კვარაცხელია. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებ წინსვლასა და ახალ გამარჯვებებს.
სოფელ საჯიჯაოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, სოფლის თითოეული მნიშვნელოვანი სივრცე იყოს მოწესრიგებული და მოსახლეობისთვის სასიამოვნო გარემოს ქმნიდეს.
ამ მიმართულებით უკვე დასრულდა შინმოუსვლელთა მემორიალის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი. ეს მემორიალი ჩვენი სოფლის ისტორიისა და წარსულის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აქ მოსული თითოეული ადამიანი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს მათ ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს კეთილდღეობას შესწირა.
![]() |
| საჯიჯაოს ცენტრი ღამით |
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადგილები სათანადოდ იყოს მოვლილი და დაცული. მემორიალის მოწესრიგება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის - ეს ჩვენი პატივისცემის გამოხატულებაა იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ხსოვნაც მომავალ თაობებს უნდა გადავცეთ. პირველი ეტაპის დასრულება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა სამუშაოები ამით არ სრულდება. ჩვენი მიზანია, სრულად მოწესრიგდეს მემორიალის ტერიტორია და შეიქმნას კიდევ უფრო ლამაზი, მოვლილი და ღირსეული გარემო.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მიმართულებას, ბოლო წლებში ხობის მუნიციპალიტეტსა და, კონკრეტულად, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მინი სტადიონის მშენებლობა დასრულდა. პროექტის შესაბამისად, მოეწყო ლითონის ღობე, სკამები, გარე განათების სისტემა და დაიგო ხელოვნური საფარი. ეს სპორტული სივრცე ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოაწყო.
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვე და კეთილმოწყობილი სპორტული სივრცით.
![]() |
| ფოტოზე: ხობის მერი დავით ბუკია, მერის წარმომადგენელი საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში თამარ კვარაცხელია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია |
![]() |
| სტადიონი, ზენი, საჯიჯაო |
ასევე იგეგმება ჯაპიშაქარში არსებული ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონის რეაბილიტაცია. განახლებული სპორტული სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სპორტის მოყვარულებს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს შეუქმნის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საჯიჯაოში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებაა, რამაც მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება საგრძნობლად გააუმჯობესა.
ზუბში დასრულდა ღელე „პარტიკის“ კალაპოტის ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან გაწმენდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ კალაპოტზე ორ ადგილას მოეწყო ხიდი. აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მათმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 86 918 ლარი შეადგინა.
ასევე დასრულდა ღელე „უჩაღალუს“ კალაპოტის ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან გაწმენდის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ღელეზე სამ ადგილას აღდგა დაზიანებული ხიდი და ჯამში 1 735-მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ეს პროექტიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 292 777 ლარი შეადგინა.
ამ პროექტების განხორციელების შედეგად, „პარტიკისა“ და „უჩაღალუს“ წყალგამტარობა გაიზარდა, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ასევე დასრულდა ქვედა ზენის უბანში, „ძაგიას კართან“, სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის აღდგენა, ხოლო საახალაიოს უბანში ნაპირსამაგრი გაბიონი მოეწყო. ამ სამუშაოების ჯამურმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 93 810 ლარი შეადგინა. აღნიშნული პროექტი მთავრობის მიერ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხით განხორციელდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული პროექტები ხმათა უმრავლესობით შეირჩა. ამ ინიციატივის ფარგლებში, ჯაპიშაქრის უბანში მოეწყობა ხიდ-ბოგირი, ზუბის უბანში იგეგმება სანიაღვრე არხის გაწმენდა, ხოლო ზენში მოეწყობა სკვერი.
„ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, 2026 წელს საჯიჯაოში მცხოვრებ ორ ოჯახს სახლის გადასახურავი საჭირო მასალა გადაეცა.
გარდა ამისა, საჯიჯაოს ცენტრში, ყოველ ხუთშაბათს, „მობილური იუსტიციის სახლის“ ავტომანქანა ჩამოდის და მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ადგილზე აიღოს ან შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ისარგებლოს 470-ზე მეტი სხვადასხვა სახის მომსახურებით.
საჯიჯაოში უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას ველოდებით, რაც სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნასა და ჩვენი თემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გაზეთ „ხობის მოამბის“ რედაქციას ჩვენს სოფელში განხორციელებული პროექტებით დაინტერესებისთვის.
წარმატებები, შემოქმედებითი წინსვლა და საინტერესო გამოცემები.
გვჯერა, რომ წინ ბევრი სასიკეთო სიახლე და მნიშვნელოვანი საქმე გველოდება.
თამარ კვარაცხელია
ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი
საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში


