სასკოლო სპორტული ოლიმპიადა თანაბარ შანსს აძლევს როგორც დიდ, ისე მცირეკონტიგენტიან სკოლებს. ამის ნათელი მაგალითია სსიპ - ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა, რომლის ბადმინტონის ვაჟთა გუნდმა 2026 წლის დასკვნით თამაშებში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სკოლის დირექტორი, ლია ლოგუა, იხსენებს გასული წლის წარმატებას და ახალ სეზონს დიდი სიამაყით ხვდება:
„სკოლის ადმინისტრაცია და სასკოლო საზოგადოება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ახალ სეზონს განსაკუთრებული სიამაყითა და კიდევ უფრო მაღალი მოლოდინით ხვდება, რადგან გასული წლის ბადმინტონის ვიცე-ჩემპიონობამ მათ უზარმაზარი სტიმული მისცა და დაუმტკიცა, რომ მიზანდასახულობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.
ასეთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობა მცირეკონტიგენტიანი სკოლისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები, წარმოაჩინონ მოსწავლეთა ნიჭი და აჩვენონ, რომ წარმატებას სკოლის სიდიდე კი არ განსაზღვრავს, არამედ გუნდური სული, შეუპოვრობა და მთავარი რწმენა — რწმენა იმისა, რომ თითოეულ ადამიანში არსებობს პატარა ჩემპიონი და მთავარი ამოცანა სწორედ ამ პოტენციალის აღმოჩენა და განვითარებაა.
როდესაც სკოლაში სულ 25 მოსწავლეა, სპორტული წარმატება და ოლიმპიადაში ჩართულობა პირდაპირ აძლიერებს შინაგან მოტივაციასა და თვითრწმენას — მოსწავლეები გრძნობენ პერსონალურ პასუხისმგებლობას სკოლის სახის შენარჩუნებაზე. ეს ავითარებს თვითდისციპლინას, ვარჯიშის რეჟიმს და აერთიანებს მთელ სკოლას, რადგან თითოეული მოსწავლე პროცესის აქტიური მონაწილე ან გულშემატკივარია.
ძვირფასო მოსწავლეებო და პედაგოგებო, გახსოვდეთ, რომ მთავარი გამარჯვება არა მხოლოდ მედლები და თასებია, არამედ ის მეგობრობა, გამოცდილება და გუნდური ერთობა, რომელსაც ამ გზაზე შეიძენთ. ითამაშეთ სამართლიანად, მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება პროცესისგან. წარმატებები ახალ სეზონში!“
