დაუვიწყარი მოგზაურობა და გასტროლები

 

 მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში, კერძოდ 1987 წელს, ხობის რაიონის კულტურის   სახლის შემოქმედებითი კოლექტივი - ხალხური სიმღერების ანსამბლი კოლხეთი (ხელმძღვანელი  შესანიშნავი ლოტბარი და ორგანიზატორი ნუგზარ ზარანდია); მომღერლები: რეზო თოდუა - შესანიშნავი ბანი  და სახასიათო როლების უბადლო შემსრულებელი, ზურაბ (ცარა) სიჭინავა - განსაკუთრებული არტისტული მონაცემების მქონე მომღერალი, ვაჟა აბაკელია, ალიმ ჯიშკარიანი,   როლანდ კობახიძე, ამირან კაკაშვილი, კოტე ქავთარაძე, მიშა კონჯარია, გოგი მირცხულავა,      კულტურის სახლთან არსებული მოსწავლეთა საესტრადო ანსამბლის  ხელმძღვანელი მურთაზ ალანია და ხეთის მუსიკალური სკოლის მოსწავლეთა ანსამბლი მიწვეულ იყვნენ ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამოგზაუროდ და კონცერტების     ჩასატარებლად. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგიერთი მათგანი ვერ წამოვიდა.

ვიეტნამი მდებარეობს სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში,  ტროპიკულ ზონაში. მისი მოსახლეობა სამოც მილიონზე  მეტია. იმ დროისთვის საბჭოთა სამოქალაქო ავიაციის მაღალ დონეზე    განვითარების მიუხედავად, დანიშნულების ადგილის სიშორის გამო უკანასკნელი მარკის     აერობუსში, რომლის  ტევადობა სამას  მგზავრს შეადგენდა  გზაში თვრამეტ საათამდე  დავყავით    და თერთმეტ დეკემბერს დილით მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან აფრენილები ტაშკენტის    (უზბეკეთი), ყარაჩის (პაკისტანი) და კალკუტას (ინდოეთი) აეროპორტებში საწვავის შევსების  შემდეგ 12 დეკემბერს, საღამოს ჰანოიში  ჩავფრინდით. მეორე დღეს, დილით ადრე, სავალდებულო წესით ვიეტნამელთა ბელადის ხო ში  მინის მავზოლეუმი დავათვალიერეთ, სადაც თითო - თითოდ   დაწყობილებმა შემოვუარეთ ვიეტნამელებისთვის უკვდავი ადამიანის მუმიას და მოგზაურობისა     და კონცერტებისთვის მზადებას შევუდექით.  

ამ ქვეყნის დათვალიერებისას არ შეიძლება არ მოიხიბლო მისი ულამაზესი ტროპიკული     ბუნებით, რომლის მსგავსი მარტო ჩემი ბავშობისდროინდელ ინდურ ფილმებში მინახავს და      თავის დროზე ინტერვენტების მიერ აშენებული, არა მხოლოდ ბუნებასთან შერწყმული, არამედ    თვითონ ბუნების ნაწილად ქცეული შენობებითა და მთელი ინფრასტრუქტურით, რისი ნათელი    მაგალითია სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზე ფრანგების მიერ აშენებული ულამაზესი      კურორტი სახელწოდებით მასწავლებლის მთა, რომელსაც ირგვლივ ზღვა და ტყე აკრავს,   შუაში     კი თვალწარმტაცი  ბაღები და შენობებია აღმართული. ასევე ულამაზესია თითქმის  ამერიკელების   მიერ გაშენებული ევროპული სტილის ქალაქი საიგონი (ახლანდელი ხოშიმინი), სადაც     მდებარეობს მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში ფრანგი კოლონიზატორების მიერ თავიანთი     გუბერნატორისთვის  აშენებული არაჩვეულებრივი სილამაზის სასახლე - დღეს პრეზიდენტის    სახლ - მუზეუმი.

ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოი, საიდანაც  დაიწყო ჩვენი მოგზაურობა და კონცერტები, მაშინ    უშველებელ სამშენებლო მოედანს წარმოადგენდა, სადაც უამრავი საბჭოთა სპეციალისტი    იმყოფებოდა, რომლებიც ვიეტნამელებს ეხმარებოდნენ ჰიდრო - ელექტროსადგურების, ფაბრიკა -  ქარხნების და მრავალსართულიანი სახლების დაპროექტება - აშენებაში. დედაქალაქში    მავზოლეუმისა და ლიტერატურის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ საბჭოთა სპეციალისტებისა   და ადგილობრივი მაყურებლებისთვის  ჩავატარეთ  პირველი კონცერტი. ეროვნულ ჩოხა - ახალუხში   გამოწყობილი ჩვენი სასიქადულო მომღერლები ჩია ტანის ვიეტნამელებთან შედარებით    გოლიათებად გამოიყურებოდნენ და ისეთი ქართული და მეგრული სიმღერები: შოუ  ნანა, საკოლმეურნეო სიმღერა, ბექია, ოდოია,  დაჩაგრული ქმრები, კუჩხი  ბედინერი“ „ოჩეხვეი და სხვა დააგუგუნეს, რომ აღფრთოვანებული რუსი და ვიეტნამელი მაყურებლები დიდხანს არ უშვებდნენ სცენიდან და ხანგრძლივი ტაშით ნომრის გამეორებას ითხოვდნენ.

განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო ბატონ რეზოს თოდუას მიერ უბადლო ოსტატობით შესრულებული სიმღერები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იგი თავისი განუმეორებელი ბანითა და  არტისტიზმით ნებისმიერი დიდი ქალაქის აკადემიურ თეატრს დაამშვენებდა.  

ჰანოის შემდეგ დავათვალიერეთ სიდიდით მესამე, გმირი ქალაქი ჰაიფონი, სადაც გამონაკლისის    გარეშე ყველა ველოსიპედით მოძრაობდა, ფეხით გავლა თითქმის შეუძლებელი იყო. აქ      ჩატარებულმა კონცერტმა ძალიან მაღალ დონეზე  ჩაიარა, გვესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი   მაყურებლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. საკმაო რაოდენობით    დავარიგეთ სუვერინები.              

ჩვენი შემდგომი მარშრუტი გადიოდა ჩინეთის საზღვართან მდებარე კურორტ ხალონგზე, სადაც     ბორანით ორი მდინარის გადალახვის შემდეგ ჩავედით. აქ ვიხილეთ სამყაროს მერვე საოცრება  - სამი ათასი კუნძული, რომელთაც სხვადასხვა ცხოველის ფორმა აქვთ. აქაც კონცერტი უცხოელი   ტურისტებისა და ადგილობრივი მაყურებლებისთვის მაღალ დონეზე ჩატარდა.

ორი დღის შემდეგ ისევ დედაქალაქში დავბრუნდით და ისევ საუცხოო კონცერტი ჩავატარეთ ხეთის მუსიკალური სკოლის, კულტურის სახლის საესტრადო ანსამბლისა და შესანიშნავი საესტრადო მომღერლის დოდო ბაძაღუას მონაწილეობით, რომელმაც დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი  მიძღვნილი სიმღერა შეასრულა რუსულ ენაზე და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

მესამე დღეს მასპინძლობა გაგვიწია დედაქალაქიდან რვაასი კილომეტრით დაშორებულმა    უდიდესმა ქალაქ დანგანმა, სადაც, დაგვხვდა საბჭოთა საკონსულოს წარმომადგენელი,  რომელმაც კონცერტების ჩასატარებლად ათას ორას ადგილიანი აკადემიური თეატრი შემოგვთავაზა. საინტერესოა, რომ ამ სცენაზე ცოტა ხნით ადრე მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტები გამოსულან. საღამოს  გაიმართა  გრანდიოზული ცეკვები. ხოლო მეორე და მესამე  დღეს სცენა ჩვენ დაგვეთმო. კონცერტებმა სრული ანშლანგით ჩაიარა. ჩვენმა უნიჭიერესმა ბავშვებმა  მოამზადეს და შეასრულეს ვიეტნამური სიმღერა, რამაც დარბაზში სრული ფურორი მოახდინა. კმაყოფილი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს და მადლობას უხდიდა მომღერლებს, ხოლო საკონსულოს წამომადგენელმა სიტყვით მოგვმართა და ბავშვებსა და ქალბატონ დოდო ბაძაღუას განსაკუთრებული  მადლობა  გადაუხადა. 

შემდეგი ქალაქი, რომელიც დავათვალიერეთ იყო ერთ დროს ვიეტნამის დედაქალაქი ქუელი. აქ   მდებარეობს მეფეთა რეზიდენციები მოოქროვილი ოთახებითა და არნახული მოხატულობით,     სადაც ერთი დარბაზი მოხატულია მხატვარ ფან ვან ჩას მიერ ფეხით. ამ სასახლის დათვალიერება   მნახველზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს. რად ღირს თუნდაც ორნახევარ ტონიანი   მოოქროვილი ჭაღის ნახვა?

დავათვალიერეთ, აგრეთვე, სამეფო ქალაქი გუე, რომლის    მოსანახულებლად გადავლახეთ ქვეყნის ერთ - ერთი უდიდესი უღელტეხილი და ავედით მწვერვალზე, საიდანაც ნათლად ჩანდა წყნარი ოკეანე. ამ ქალაქში ცხოვრობდა მეფე, რომელსაც თურმე ასოთხი ცოლი ჰყავდა.

                ვეწვიეთ და ორი დღე დავყავით სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტ ვუნგ    დაუში, რომელიც ისეთივე თვალწარმტაცი და მომხიბლველია, როგორც მთელი ვიეტნამი, სადაც      ერთი თვის განმავლობაში ცხრა დიდი ქალაქი და კურორტი მოვიარეთ და უკლებლივ ყველგან   ვგრძნობდით მასპინძლების განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობასა და გულითადობას, და რაც    მთავარია, მუსიკისა და ხელოვნების სიყვარულს, რაც ნათლად გამოიხატა ჩვენი უბადლო   ხელოვანებისადმი დამოკიდებულებასა და მათი პროფესიონალიზმის სწორ აღქმასა და      შეფასებაში.

ამ დიდებულ ქვეყანაში მოგზაურობა არასოდეს ამოიშლება ჩვენი მეხსიერებიდან და მუდამ     ვიქნებით მისი საუცხოო ბუნებისა და გმირი ხალხის თაყვანისმცემელი.

       ზურაბ  ბუკიაგაზეთი „ხობის მოამბე“ ივლისი 2026 წელი