მიწის კონსოლიდაციის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

 


ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მიწის კონსოლიდაციის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მიწის კონსოლიდაცია არის სახელმწიფოს მიერ მართული პროცესი, რომლის დროსაც, მიწის მფლობელებთან შეთანხმებით, ხდება მცირე ზომის მიწის ნაკვეთების გაცვლა ან გაერთიანება. მთავარი მიზანი მიწის ფრაგმენტაციის შემცირებაა, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ფერმერულ მეურნეობებს, ხელს უწყობს მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შესაძლებელს ხდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და მსოფლიო ბანკისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი - „Georgia Resilient Agriculture, Irrigation and Land (GRAIL)“, რომელიც მოიცავს მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის განხორციელებას.