მამანტი ევგენის ძე ნადარაიას (1889-1977 წწ.) სახელს 1917 წელს უკავშირდება ჯაპიშაქრის სკოლის დაარსება. სკოლა დღეს ოთხკლასიანია და იქ მხოლოდ რამდენიმე ბავშვი სწავლობს.
მხცოვანმა მასწავლებელმა კარგად იცოდა, რომ ქართველი ერი ყოველთვის მიილტვოდა განათლებისა და სწავლისკენ. მან პირნათლად აღასრულა ილია ჭავჭავაძის სიტყვები და თვისი სახელი უკვდავყო, რადგან სწორედ მას უკავშირდება ამ სოფელში ცოდნის „აკვნისა“ და „ტაძრის“ დაარსება.
მამანტი ნადარაია იყო გულმოდგინე და მოწადინებული ადამიანი, რომელმაც უწყოდა სწავლა-განათლების ფასი და მომავალ თაობებს მისცა შესაძლებლობა, მიახლოებოდნენ მეცნიერების ტაძრის კარს. იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის დიდმა ნაწილმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა, იგი ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეეძინათ მომავალ თაობებს „ის სანატრელი განძი, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და რომელიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ეგრე უჭირს“. მაშინ გამოვიდა სოფელში ეს გულმტკივნეული კაცი და თქვა: „გზას მე გაჩვენებთ, თქვენ ოღონდ ხალისი გამოიჩინეთო“. იგი მარტოოდენ საკუთარი თაოსნობით, დაუღალავი მცდელობით, თავგამოდებითა და მხნეობით შეუდგა ამ ძნელ საქმეს და თავის სასახელოდ და ჩვენდა საბედნიეროდ, აქ, ამ სოფელში, აკვანი დადგა ცოდნის გასაზრდელად. ამ დიდებული და უზადო ღვაწლით მამანტი ნადარაია სამართლიანად ედრება ილია წინამძღვრიშვილს.
ყველას გვახსოვს სკოლის წინ ვარსკვლავის ფორმით გაშენებული კოლხური ბზა — ფოტოს გადასაღებად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი. ამ ადგილას გადაღებულ სურათებს ბევრი ჩვენგანი დღემდე ინახავს და ყოველი დათვალიერებისას გვახსენდება მოწაფეობა და საშუალო სკოლა, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება. გოგონებს გათხოვებისას მზითვადაც კი მიჰქონდათ აქ გადაღებული ფოტოები და საუკუნო ადგილს მიუჩენდნენ ხოლმე ცნობილ „წითელ ალბომში“.
ამ ბზის ისტორია კი ასეთია:
მხცოვან, აწ განსვენებულ ისტორიის მასწავლებელს, გიორგი (ჟორჟი) ნადარაიას, მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის — ანზორ ახალაიასთვის, ხარიტონ შეროზიასა და კუკური ოკუჯავასთვის (დაბადებულნი 1940 წელს) უთხოვია ბზის ნერგების მოტანა აბასთუმნიდან (ურთის მთიდან). სავარაუდოდ, საუბარია 1956-1957 წლებზე, როდესაც ეს ბიჭები 15-16 წლისანი იქნებოდნენ. სწორედ ამ გარდაცვლილი ადამიანების მიერ მოტანილი და დარგული აღმოჩნდა კოლხური ბზის ნერგები, რაც წლების განმავლობაში ამშვენებდა, ალამაზებდა იქაურობას და ირგვლივ საოცარ, სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა.
სამწუხაროდ, დღეს ეს ბზა აღარ არსებობს — გახმა. ვერ ვიტყვით, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, უბრალოდ, პატრონი და გადამრჩენელი არავინ გამოუჩნდა. ბზის ალურითა და დაავადებით განადგურდა ჩვენი წარსულის ცოცხალი მოწმე, არადა, ფუნგიციდისა და სტიმულატორის კომბინაციით დროული წამლობა მას აუცილებლად გადაარჩენდა.
ვაი, რომ „ხმელი წიფელივით“ გახმა კოლხური ბზა, რომელიც მუდმივად ბავშვობაში გვაბრუნებდა...
ავტორი: დავით ახალაია
წყარო: https://www.facebook.com/share/1AzuS4XTFP/
![]() |
| დავით ახალაია |











