სულთმოფენობას მეუფე გრიგოლის სიტყვა ხობის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში


ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,

ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის სიტყვა

სულთმოფენობის სადღესასწაულო წირვაზე.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ! 

ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერნო შვილნო, დღეს სულთმოფენობაა, ქრისტიანული ეკლესიის დაბადების დღე. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს!

    იესო ქრისტემ, თავისი ამსოფლიური მოღვაწეობის მიწურულს, მოწაფეებს აღუთქვა, რომ არასდროს მიატოვებდა და მოუვლენდა ნუგეშინისმცემელ სულს, რომელიც მათ გააძლიერებდა და დაეხმარებოდა უმნიშვნელოვანესი სამოციქულო მისიის აღსრულებაში. ამ ისტორიის გახსენება ყოველ ჯერზე განგვამტკიცებს იმის რწმენაში, რომ არ ვართ მიტოვებულნი, რომ უფალი არასდროს გვტოვებს. ამის გააზრება-გაცნობიერება ჩვენს გულში აღძრავს მადლისმიერი სიხარულის განცდას.

    „საქმე მოციქულთა“-ში ვკითხულობთ, რომ იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების ჟამს მის მოწაფეებს ეუწყა, წასულიყვნენ იერუსალიმში და იქ დალოდებოდნენ ზეგარდამო კურთხევას. მოწაფეები ასეც მოიქცნენ და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს: „შეიქნა მოულოდნელი ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ დაივანეს ყოველ მათგანზე. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.“ (საქ. 2,2-4) 

    ამასობაში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი ამ სახლის ირგვლივ, რადგან გაოცებულნი იყვნენ იმის გამო, რაც აქ ხდებოდა. ქარიშხალი რომ ჩაწყნარდა, მოწაფეები გამოვიდნენ  სახლიდან და იწყეს ქადაგება, ხალხის გაოცებას  კი საზღვარი არ ჰქონდა იმის გამო, რომ ყველას ესმოდა მოციქულთა ქადაგება, თუმც კი, აქ იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პასექის დღესასწაულზე ჩამოსული ებრაელები, რომელთა შორის ბევრს საკუთარი მშობლიური ენა დავიწყებული ჰქონდა, ან სულაც არც იცოდა, რადგან დევნილობაში იყვნენ დაბადებულნი;

    ამ სასწაულის შემსწრეთა შორის, ზოგნი ამბობდნენ, მთვრალები ხომ არ არიანო; პეტრე მოციქულმა ხმა აღიმაღლა და სიტყვით მიმართა შეკრებილთ; პეტრეს მიერ წარმოთქმული სიტყვა (საქ. 2,22-36) იმდენად შთამბეჭდავი იყო, იმდენად შეეხო მათ გულებს, რომ პეტრეს და დანარჩენ მოციქულებს ეკითხებიან, როგორ მოვიქცეთო, ძმებო; პეტრე კი პასუხობს მათ:

„მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით თქვენი ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს, რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა და თქვენ შვილებს და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ღმერთი ჩვენი“ (საქ. 2, 37-39).

ვინც მიიღო მოციქულთა სიტყვა, მოინათლა და იმ დღეს ქრისტესმიერ ერთობას სამიათასამდე ადამიანი შეემატა. ამ დღეს გაჩნდა პირველი ქრისტიანული თემი; სწორედ ამ დღეს დაიბადა ქრისტეს ეკლესია.

მოგეხსენებათ, ეკლესია არის ადამიანების რწმენითი ერთობა, რომლის უხილავი თავი არის თვით იესო ქრისტე, ხოლო ადგილი, სადაც ქრისტიანები იკრიბებიან სალოცავად, ღვთის სადიდებელად, არის სახლი სალოცავი, ანუ ტაძარი, რომელსაც ქრისტიანები თავისი სულიერი მოთხოვნილებისა და საჭიროებისთვის აშენებენ. აშენებენ და შემდგომ დღენიადაგ ზრუნავენ მასზე ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი ზრუნავს საკუთარ სახლზე.

დავუბრუნდები ამ დღის მნიშვნელობას, კვლავ გავმეორდები და გეტყვით, რომ ქრისტიანთა ეკლესიური ერთობა არის სულიწმიდისმიერი ერთობა, მადლისმიერი ერთობა; იმ მადლისმიერი, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს ყოველჟამს, რომ ეს მადლი არ განელებულა დღემდე, არც სადმე წასულა, არამედ დღესაც მოქმედებს და მისგან მრავალნი ღებულობენ კურნებასა და ნუგეშს.

სასწაულში, რომელსაც დღეს ვიხსენებთ, ჩვენ ვხედავთ სულიწმიდის მადლის მოქმედების განსაკუთრებულ თვისებას, რამეთუ სულიწმიდის მოქმედება არ არის შეზღუდული დროითა და სივრცით, ან რამე სხვა ნიშნით, არამედ, როგორც ჩვენი რწმენის სიმბოლოშია ნათქვამი, „ის ყველგან არის და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა.“

აღნიშნულის კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ერთადერთი, რაც მადლის მოქმედებას შეიძლება გადაეღობოს ადამიანში, არის თვით ამ ადამიანის მიერვე არასწორად გაგებული თავისუფალი ნება.

აქ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას და გეტყვით, რომ  თავისუფლება ადამიანისთვის არის ერთ-ერთი მთავარი სიკეთე, რომელიც მას (ადამიანს) ღმერთს მიამსგავსებს, ...და ამიტომ არავის უნდა მიეცეს საშუალება რომ მასზე გაბატონდეს! ერთადერთი, თვით ამ ადამიანს აქვს უფლება და მოწოდებულიც კი არის, რომ საკუთარ თავს შესძინოს თვითფლობის უნარი; სწორედ ამ გზით მოიპოვებს იგი ჭეშმარიტ უფლებას საკუთარ თავზე, ანუ თავისუფლებას.

ძვირფასო მშობლებო, აქვე მსურს მოგმართოთ უმორჩილესი თხოვნით: ბავშვს რომ ზრდით, გაფრთხილდით, უნებლიეთ არ დაჩაგროთ ის და არ წაართვათ მათ მომავალი, რადგან თუ მშობელი მონური მორჩილებით ზრდის ბავშვს, არც თუ იშვიათად, იგი (მშობელი) თვით ხდება ამ ბავშის შინაგანი თავისუფლების მტერი, და ამაზე მეტად მას ვეღარავინ დააზიანებს. ამიტომ, ეცადეთ პირველმა თვით ისწავლოთ თავისუფლება; ნუ მიწყენთ ამას რომ გეუბნებით; როგორც ბევრ სხვა რამეს, ამასაც სწავლა სჭირდება. სწავლა სჭირდება, თუნდაც საკუთარი თავის, პიროვნების, სხვათა ღირსების, დაფასებას და პატივისცემას.

პირველსავე სიტყვას დავუბრუნდები და სულიწმიდისმიერ ერთობას, შევეხები კვლავ:

პირველი ქრისტიანული თემის გაჩენიდან დღემდე ეკლესიამ განვლო ურთულესი და იმავდროულად უმნიშვნელოვანესი გზა. ეს გზა მოიცავს სწავლა-მოძღვრებით, ორგანიზაციულ-სტრუქტურულ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ჩამოყალიბების პროცესს; ამ მხრივ ფუძემდებლური ეტაპი იყო პირველი რვა საუკუნე. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა და ჩამოყალიბდა ქრისტიანული სწავლების ფუნდამენტური პოსტულატები, ეკლესიის მართვა-გამგებლობის მთავარი პრინციპები, კანონიკური სამართლის ძეგლები. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია დღესაც ამ საფუძვლებს ეყრდნობა თავის ცხოვრებაში.

ქრისტიანული თემის ერთობა საჭიროებს წესრიგს, რადგან სწორედ წესრიგი განაპირობებს მის ქმედუნარიანობას მისთვის (ეკლესიისთვის) სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებისა და დასახული ამოცანების შესრულების პროცესში.

 წესრიგი (დისციპლინა) და ეკლესიის საფუძველმდებარე პრინციპებისადმი ერთგულება (რაც ასევე წესრიგის განუყოფელი ნაწილია) განაპირობებს ეკლესიის სიმტკიცეს და მის ძლიერებას.

ისტორიას ახსოვს სირთულეები, წინააღმდეგობები, უმწვავესი შიდა დაპირისპირებები, მოწამეობა, მრავალგზისი მცდელობებიც კი იმისა, რომ  შიგნიდან დაერღვიათ იგი, მაგრამ სული წმიდის მადლით ეკლესია დაცული იქნა, რამეთუ მის ირგვლივ სულიერ გალავანს ქმნიდა ყველა ის თანადროული დადგენილება, რომელსაც ღებულობდა კრებსითი აზრი ეკლესიისა. ეს პრინციპი დღესაც ძალაშია და ეს არის ჩვენი, როგორც ეკლესიის, შეუცდომლობისა და დაცულობის გარანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა ეკლესიასთან და მისი გავლენის სივრცეებთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების დრამატული განვითარება.

ჩვენ, როგორც ქრისტიანებს და ამ ქვეყნის ერთგულ მოქალაქეებს, დიდი დაფიქრება გვმართებს, რომ მხოლოდ ემოციები არ ასაზრდოებდეს ჩვენს ქმედებებს, და არავინ შეძლოს თავისი უკეთური მიზნების მიღწევა ჩვენი საზოგადოების ემოციური „დამუხტვის“ ხარჯზე.

ეკლესიისა და ღვთივგანბრძობილ მამათა შეგონებანი, საუკუნეთა განმავლობაში, მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანებმა განიცადონ თავისი თავი, ისწავლონ და უკეთ გაიცნონ თავისი თავი, შეეცადონ გათავისუფლდნენ ზედმეტი ტვირთისაგან, რომელიც ამძიმებს ადამიანის სულს და თავისი ზრუნვა მიუძღვნან უფალს. საგულისხმოა, რომ ვითარცა სულთმოფენობის ჟამს, როდესაც მადლის მოქმედება შეიგრძნეს პირველმა ქრისტიანებმა, მსგავსადვე ჩვენც დავუსვათ კითხვა  საკუთარ სინდისს, - რა გავაკეთო, როგორ მოვიქცეთ? 

წმიდა მოციქულები გვეუბნებიან - „ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში?“ (1 კორ. 3,16). მოვუფრთხილდეთ ამ ტაძარს და არ ვაკადროთ ის, რაც ქრისტიანულ ღირსებას, თუნდაც უბრალოდ, ადამიანურ ღირსებას არ ეკადრება.

დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რა პასუხისმგებლობის ტვირთი გვაკისრია როგორც ეკლესიას, და მის თითოეულ წევრს.

ჩვენ ვხედავთ და გვესმის, რომ ამ წუთისოფელში ძალიან დიდი, ბრძოლები მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის, გავლენებისთვის (მათ შორის სულიერი ზეგავლენებისთვის), მატერიალური დოვლათისთვის, და ა.შ.

ამ პროცესში ეკლესია არის ჩვენთვის ის ციხე-სიმაგრე, რომლის წიაღშიც ჩვენ გადავრჩებით. სწორედ ამიტომაც, ჩვენ უნდა ვუერთგულოთ ამ ერთობას და გავხსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანი არის მოციქულებრივი პასუხისმგებლობის მატარებელი, და გვმართებს იესო ქრისტეს სწავლებისა და ცხოვრებისადმი მიმბაძველობა.

გვახსოვდეს, რომ „ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ“.

ეს გახლავთ პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვები ეფესოელ მორწმუნეთა მიმართ ეპისტოლედან (ეფეს. 6:12), რომელიც სულიერ ბრძოლასა და ქრისტიანულ ღირებულებებზე მიუთითებს; ანუ  მთავარი ბრძოლა ჩვენი მიმართული უნდა იყოს არა „ხორცისა და სისხლის“ (ცოცხალი ადამიანების) წინააღმდეგ, არამედ სულიერი და უხილავი ბოროტების — წყვდიადის მპყრობელთა და ცისქვეშეთის დაცემულ ძალთა წინააღმდეგ.

არაერთგზის გსმენიათ, რომ განსაკუთრებულია ეკლესიის როლი ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, და ეს ნამდვილად ასეა, თუმცა არ შეიძლება, რომ ეკლესიას მხოლოდ (ერთგვარი) ეროვნულ-პატრიოტული მისია დავაკისროთ, რადგან თავისი სულით ეკლესია არის საყოველთაო.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია, არის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილი, და ვალდებულება გვაკისრია მოციქულთა და მოციქულებრივ კაცთა სულიერი მემკვიდრეობისადმი, მსოფლიო კრებების მამათა დადგენილებებისადმი და ამ სწავლებაზე დაფუძნებული ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციისადმი; ჩვენ მარადჟამს გვმართებს გაფრთხილება და შენახვა იმ ტრადიციებისა, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანების სულიერ გაკეთილშობილებას და სწორ მიმართულებას აძლევს მას განღმრთობისკენ მიმავალ გზაზე!

 ჩვენს ირგვლივ ყველა მოვლენას აქვს თავისი შინაარსი და უნდა შევეცადოთ, რომ ჩავწვდეთ მას. მორწმუნე ადამიანი თავისთავში გარკვეულწილად ირაციონალურობის მატარებელია, რადგან ღმერთის რწმენა მეცნიერულ მტკიცებას, ან უარყოფას, არ ექვემდებარება, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი მამები გვირჩევენ, რომ ვიდრე წუთისოფელში ვართ, რეალობას არ უნდა მოვწყდეთ და ფეხქვეშ მყარ საყრდენს უნდა ვგრძნობდეთ.

მარად უნდა გვახსოვდეს ღმერთი და უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი სასწაული, რაც ხდება, მისი თანამონაწილენი ჩვენც ვართ. და თუკი ცუდი რამ ხდება, იმ ცუდის თანამონაწილენიც ვართ! ეს ყოველივე იმდენად და იმ სახით ხორციელდება, რამდენადაც ვაცნობიერებთ ან ვერ ვაცნობიერებთ!

თუ შენ არ იცი, რა გინდა და როგორ გინდა, და ვერ ახერხებ შენი პრინციპებიდან გამომდინარე სწორად პოზიციონირებას, შეიძლება კარგის გაკეთებას ცდილობდე, მაგრამ სინამდვილეში ცუდი გამოგივიდეს, მტრის წისქვილზე ასხამდე წყალს. ასე რომ, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ვიაზროვნოთ და შევეცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ ისე, რომ შევდგეთ სრულფასოვან საზოგადოებად.

დაე, ღმერთმა განამრავლოს და განავრცოს მადლი სულისა წმიდისა თქვენში, ჩვენში, მთელს ერში და სრულიად სამყაროში, და მათ შორის ჩვენს მშობლიურ საქართველოში, რადგან ჩვენთვის სამყაროს აღქმა იწყება ჩვენი სახლიდან, ჩვენი სოფლიდან, ჩვენი ქალაქიდან, ჩვენი ქვეყნიდან; სამყაროს სიყვარული იმ ადგილიდან იწყება, შენი სამშობლო რომ ჰქვია.

დაე, სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა გამრავლდეს ჩვენში; თუ სიყვარულს დაუთმობ შენში ადგილს, შენ შეიცვლები, და არა მხოლოდ შენ, არამედ შენს ირგვლივ მთელი სამყარო შეიცვლება.

დღევანდელი დღე დიდ სიხარულთან ერთად, დიდი იმედის, ნუგეშისა და დაფიქრების საშუალებასაც იძლევა.

კურთხევა უფლისა იყოს თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, აწ და უკუნისამდე, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

სულთმოფენობა.

31.05.2026.

https://www.facebook.com/share/v/1XfooGUxxE