მოგზაურობა ტაოკლარჯეთში

 


ჩემ ტოლებს ქართულის ან ისტორიის მასწავლებლის წყალობით სკოლის ასაკიდან გაგვეგო დაკარგული ტერიტორიების შესახებ. ეს იყო მწირი ინფორმაცია ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ მიწებზე და ისტორიულ ძეგლებზე.

იმ ხანად ჩვეულებრივი მოკვდავი საქართველოს-თურქეთის საზღვარს ვერ გადაკვეთდა, ის კი არა და, აჭარის ხიხანის გონიაში, სარფში; ახალციხის საზღვრისპირა სოფლებში ვერ შეხვიდოდი, თუ იქაური მაცხოვრებელი არ იყავი. მაგალითად, ვარძია რომ მოგენახულებინა, საშვი უნდა დაეშვა სპეციალურ სამსახურს და ა.შ.

შემდგომ შეიცვალა დროება. დღეს ახალგაზრდებს ვერ წარმოუდგენიათ ასეთი რეჟიმი და კარგიც არის, რომ ვერ წარმოუდგენიათ.

წელს, მაისში მომეცა შანსი, ქალბატონ დარეჯან ცხვიტავას ორგანიზებით, ორი დღით მოსალოცად წავყოლოდი ხეთის და ხამისყურის ეკლესიის მრევლთან ერთად. გვიმასპინძლა ტურისტულმა კომპანიამ „იმედი-თრეველმა“. მოვინახულეთ და მოვილოცეთ რვა ეკლესია-მონასტერი, ტაოსა და კლარჯეთის ტერიტორიებზე.

თითქმის ორმოცი კაცისგან ჯგუფი მივდიოდით ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, ეკლესიებში მოსალოცად. ერთი სული გვქონდა მათ „ცოცხლად“ ნახვისა. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ნახვამ. საოცარი არქიტექტურა, სიზუსტე, გეომეტრია, მოჩუქურთმება... ყველაფერი ეს უსაზღვრო სიდიადეს ქმნიდა.

ხანძთა – მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ კლარჯეთში. ლოკაციაზე არსებულ საინფორმაციო დაფაზე მოხსენიებულია, როგორც „პორტას მონასტერი“. დაფა გვამცნობს: აქ არსებული პირველი მშენებლობა ბერმონაზონ ხანძთელის მეთაურობით და ბაგრატიონთა მეფის – ბაგრატ I-ლის დახმარებით (826-876) არის განხორციელებული.

გრუნტის გზა, წითელ მიწაიანი. ზოგ მონაკვეთზე მიკროავტობუსის რამდენიმე მცდელობის შემდეგ ახერხებდა მობრუნებას და აღმართში გზის გაგრძელებას. მარცხნივ ქვის კლდე და უზარმაზარი ლოდები გვეკიდა თავზე, მარჯვნივ კი თვალუწვდენელი ხევი. მგზავრებს შიში დაგვეუფლა, მაგრამ ხანძთას ნახვის წყურვილი რას არ გადაგალახვინებს. გარდა ფოტო-სურათებისა, ერთი პატარა ქვის ნატეხი წამოვიღე სამახსოვროდ.

დოლის ყანა – ამ შემთხვევაში საინფორმაციო დაფაზე ანოტაცია იკითხება შემდეგნაირად: „დოლისხანეს ეკლესია“ (ზოგადად, ყველა ეკლესიის საინფორმაციო დაფაზე წარმოდგენილი ქართული ანოტაცია, რატომღაც გრამატიკული შეცდომებით არის დაწერილი). ეკლესია -ბაგრატიონთა მეფე სუმბათის მიერ არის აშენებული. მე-15 საუკუნის მიწურულს, ის მეჩეთად იყო გამოყენებული, მაგრამ დღეს ისევ ეკლესიად არის შემორჩენილი.

ოშკი – როგორც სამონასტრო ცენტრი უმნიშვნელოვანესია ისტორიულ ტაოში. საოცარია მისი არქიტექტურა და დაგეგმარება. კომპლექსში შემორჩენილია სემინარია-სატრაპეზოთი და მცირე ეკლესიების ნანგრევებით, მაგრამ სამწუხაროდ, გუმბათი შელახულია, ეკლესიის სახურავი სრულად ჩაცვენილია. ამჟამად ეკლესია შემოღობილია, შეუძლებელია შიგნით მოხვედრა. ეკლესიის ინტერიერის კედლები მეტალის კონსტრუქციითაა გამაგრებული. ამჟამად კონსტრუქციულ მდგომარეობაშია ნაგებობა, მაგრამ როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა არავინ იცის.

ოთხთა – სამნავიანი ბაზილიკაა და ის მე-9 საუკუნის მიწურულს, ბაგრატიონების მმართველობის დროს არის აგებული. ეს ის კომპლექსია, რომელმაც განსაკუთრებით გამაოცა. თან კადრს ვიღებდი, თან ვცდილობდი გონებაში ღირსეულად შემეფასებინა წინაპრების ეს ღვთაებრივი ქმნილება, მაგრამ გაოცებისგან სიტყვებს ვერ ვპოულობდი. თვალი კი ამიცრემლიანდა, რა დიდებულია ეს ყველაფერი და მასზე მისვალი უფლებაც არ გვაქვს სამწუხაროდ. უფლება კი არა, საავტომობილო გზაზე, ეკლესიის წინ მდგარ ტრაფარეტზე, სადაც ეკლესია იყო გამოსახული, სხვადასხვა სახის იარაღით იყო დაცხრილული.

იშხანი – დიდი ზომის ეკლესიაა. რესტავრირებული და მოვლილია, თუმცა მხოლოდ გარედან შევძელით დათვალიერება, რადგან რატომღაც თურქმა „მასპინძელმა“ კარი არ გაგვიღო, ნება არ მოგვცა შიგნით შესვლისა და მონახულებისა.

პარხალი – ოთხთას ტიპის სამნავიანი ბაზილიკაა, იმ განსხვავებით, რომ ნაპატრონებია, მოვლილია თურქების მხრიდან იმიტომ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ ინტერიერი მეჩეთად აქვთ გადაკეთებული.

ხახული – სამწუხაროდ, ეს მართლაც მალზედ საინტერესო და მნიშვნელოვანი მე-10 საუკუნის ეკლესია მეჩეთად აქვთ თურქებს გადაკეთებული. დიდი თხოვნა არ დაგვჭირებია, კარი გაგვიღეს, ფეხზეც გაგვახდევინეს და შესვლის უფლება მოგვცეს. რამდენიმე წუთში მოლამ თუ მუეზინმა მიკროფონით ლოცვისკენ მოუწოდა მუსულმან მოსახლეობას. ჩვენთვის, იქ ყოფნისას მოულოდნელი იყო მათი ეს მოწოდება. ჩვენც ორგანიზებულად შევიკრიბეთ ეზოში და ხმამაღლა დავიწყეთ „მამაო ჩვენო“...

არტანუჯი – არტანუჯის ციხე-ქალაქი მხოლოდ ერთი მხრიდან, გარეკედელით ვიხილეთ, რადგან მიუვალია სხვა მხარე. ეს არის უზარმაზარი ბუნებრივი კლდე გალავნად გამაგრებული, რომელზეც ჩვენს წინაპრებს კიდევ ქვები დაუშენებიათ და უფრო მეტად აუმაღლებიათ ციხე-ქალაქი.

მინდა აღვნიშნო (არ ვიცი სპეციალურად თუ შემთხვევით), რომ ქართული ეკლესია-მონასტრების უმრავლესობის გვერდით, მეჩეთებია თავისი მინარეთით აშენებული.

რათქმაუნდა ნასიამოვნები დავრჩი ამ ყველაფრის ხილვით და ხელის შეხებით, მაგრამ ამავე დროს ძალიან დათრგუნულიც, რაც მუდამ გამყვება.

ბუნებრივად ილიასეური კითხვა დამებადა, რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით მომავალში?!

ლევან ხოფერია,

ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის „მუზეუმების გაერთიანების“ მენეჯერი.

ხობის მოამბე | №5 (7211) მაისი, 2026 წელი. ნაკლების ჩვენება